ხელოვნება

ტურელის ლურჯი სხივი

16 ნოემბერი, 2010 • 2559
ტურელის ლურჯი სხივი

ლონდონის გაგოზიანის გალერეში ცოტა ხნის წინათ თანამედროვე ამერიკელი ხელოვანის ჯეიმს ტურელის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებით ტურელს მიზნად აქვს დასახული, ადამიანის წარმოსახვაში სინათლის მნიშვნელობა გადმოსცეს. სინათლის, როგორც მთავარი მედიუმის საშუალებით ხელოვანი მაყურებელში სხვადასხვა შთაბეჭდილებას იწვევს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სინათლით, ყოველგვარი ფიზიკური ელემენტების გარეშეც შეიძლება სივრცის შექმნა. იგი სინათლით ახერხებს იმის მანიპულირებას, თუ რას და როგორ ვხედავთ ჩვენ.

 

გამოფენას იმდენად არაორდინალური სახე აქვს, რომ თავი შეიძლება ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში გეგონოთ. მთავარ დარბაზში მოთავსებულია სფერული ნაგებობა, სადაც დამთვალიერებელი თეთრ ხალათში გამოწყობილ გალერიის ორ თანაშემწეს შეყავს.  ნაგებობაში შესასვლელად აუცილებელია ფეხზე გაიხადოთ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსდეთ კომფორტულ, ვიწრო ფიცარზე. რის შემდეგაც თანაშემწეები ფიცარს ამ 1.5 მეტრის რადიუსიან ნაგებობაში აცურებენ და კარს ხურავენ, ისე, თითქოს ტომოგრამას გიღებდნენ.  ამით იწყება თქვენი სინათლეში მოგზაურობა.

 

პირველად ჩნდება უკიდეგანო ლურჯი ფერი, რომელსაც ნელ-ნელა სხვა ფერები ენაცვლებიან. უამრავი ფერის ხშირი ცვალებადობა უცნაური ჰალუცინაციების წარმოქმნას უწყობს ხელს. ფერების ცვალებადობის რიტმი გამუდმებით იცვლება. იცვლება გამოსახულებებიც. ერთგვაროვან ფერებს კაშკაშა მოციმციმე კოპლები ცვლის, და მთელი სივრცე ერთ დიდ ფერად კალეიდოსკოპს ემსგავსება. ეს ფსიქოტროპული ინსტალაცია 20 წუთს გრძელდება. ამ წუთების ამოწურვის შემდეგ კი ერთდროულად ჩნდება შვებით ამოსუნთქვისა და გარე სამყაროს გაუცხოების შეგრძნება. გარეთ გამოსულს ყველაფერი ნაცრისფერი გეჩვენებათ.

 

შემდეგი ინსტალაციის სანახავად მეორე დარბაზში ფეხზე თეთრ ცელოფნის პარკებს გაცმევენ და კიბეებზე აყავხართ. ამ ოთახში კედლები თეთრი, გლუვი და მომრგვალებულია. ნეონის უზარმაზარი ნათურები დარბაზში ფერებს ნელ–ნელა ცვლის. იქმნება სივრცის ილუზიის, უსაზღვრობის შთაბეჭდილება. საკუთარ თავსაც სხვა ფერად ხედავთ და ამით აცნობიერებთ თქვენ თანაარსებობას ამ სივრცეში.

გამოფენზე წარმოდგენილია სხვა ნამუშევრებიც; ჩარჩოში მოქცეული სხვადასხვა ფორმის სინათლის სხივები საშუალებას გაძლევენ არა მარტო დააკვირდეთ სინათლის სხივებს, არამედ დააკვირდეთ იმასაც, თუ როგორ აკვირდებით, რა კუთხიდან და როგორ ცვლის თქვენი დაკვირვების პერსპექტივა ობიექტის ფორმას. ტურელი იმ თანამედროვე აბსტრაქტულ ექსპრესიონისტებს მიეუკეთვნება, რომლებიც თვლიან, რომ ტილოზე არ არის აუცილებელი გამოსახული იყოს ისტორია, იმისათვის რომ მას ხელევნების ნიმუში ვუწუდოთ; საკმარისია– ფერი, ზედაპირი, ფორმა, და მისი სამი განზომილება.  ისინი კი, ვინც ფონტანას გაჭრილ ტილოებს იცნობენ, ადვილად წარმოიდგენენ ტურელის ნამუშევრებს – რომლებსაც ისეთივე ფორმებს და განზომილებებს ერთი სწორხაზოვანი ლურჯი სინათლის სხივი აძლევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი