ხელოვნება

ბაგრატის და გელათის მონასტრები შესაძლოა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

7 ნოემბერი, 2010 • • 1937
ბაგრატის და გელათის მონასტრები შესაძლოა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს მიაჩნია, რომ ბაგრატის კათედრალის რეკონსტრუქციის პროექტი  შეუქცევად ზემოქმედებას მოახდენს ძეგლის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე და შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ძეგლის ამოღების საკითხი იქნება განხილული.

მსოფლიო მემკიდრეობის ცენტრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველომ არ შეასრულა კომიტეტის ყველა მოთხოვნა, რის გამოც ძეგლი საფრთხეშია. შედეგად, იღებს გადაწყვეტილებას, ბაგრატის კათედრალი საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნას შეტანილი.
რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ ბაგრატის კათედრალი საერთოდ ამოიღონ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლეთა ნუსხიდან.

2009 წლის სექტემბერში საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ბაგრატის კათედრალის წინასარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი წარუდგინა, პროექტის ფარგლებში, ჩატარებული კვლევისა და ბაგრატის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზოგადი ანგარიში, რომელიც კომიტეტის მიერ 33-ე სესიაზე იყო მოთხოვნილი. ICOMOS-ის საბჭომ ეს დოკუმენტები განიხილა და მომზადებული კომენტარები 17 თებერვალს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეშვეობით საქართველოს გადაეცა.

ამის შემდგომ, 2010 წლის მარტში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და მრჩეველ ორგანიზაციებს შორის.

2010 წლის 11-17 მარტს, საქართველოს თაოსნობით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის საგანგებო მისიამ დაათვალიერა ძეგლები, რათა განეხილა მათი კონსერვაციის მდგომარეობა და ბაგრატის კათედრალის რეკონსტრუქციის პროექტი.

ასევე 2009 წლის 1 დეკემბერს საქართველომ წარადგინა ძეგლთა საზღვრების ამსახველი დოკუმენტი.

მისიამ აღმოაჩინა, რომ ბაგრატის კათედრალზე  ჩატარებული სამუშაოები განხორციელდა, როგორც ტაძრის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი.

მისიამ აღნიშნა რიგი სერიოზული უარყოფითი ჩარევები: მიწის ქვეშ მთელ პერიმეტრზე ბეტონის სარტყლით საძირკვლის გაძლიერება, რკინა-ბეტონის სვეტების მოწყობა, თავდაპირველი კედლის ზედაპირის ნაწილობრივ დაფარვა ქვის კვადრებით და ლითონის არმირებით.

“დაგეგმილი, ძეგლზე მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები კიდევ უფროი სავალალოა. განზრახულია ძეგლის ინტერიერისა და ექსტერიერის ყველა დაკარგული ნაწილის რეკონსტრუქცია, რათა, თავდაპირველი სახით, ხელახლა შეიქმნას ნაგებობა და აღდგეს მათი ფუნქცია, როგორც ეკლესიის. ეს მიღწეულ უნდა იქნას ძეგლის მთელ პერიმეტრზე, კედლების ზემოთ, რკინა-ბეტონის სარტყელის მოწყობით, ასევე, ნამდვილი ქვის სვეტების ადგილზე ახალი რკინა-ბეტონის სვეტების აღმართვით. რკინა-ბეტონის გამოყენებით, გიგანტური კამაროვანი მოცულობებისა და გუმბათის რეკონსტრუქციით, რომელნიც, თავდაპირველადი ქვის ნაგებობის იმიტაციის მიზნით, შემდგომ ქვის ფენით შეიმოსებიან. მისიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეკონსტრუქცია მხოლოდ ნაწილობრივ ეყრდნობა მისაღებ დოკუმენტაციას, მაშინ, როცა უდიდესი ნაწილი ვარაუდია. შესაძლებელია, გაგრძელდეს პროფილები და გეომეტრიაზე დაყრდნობით, დასრულდეს ნაწილობრივ ჩაქცეული თაღები, მაგრამ კამარათა სიმაღლე, გუმბათის ყელის ფორმა და გუმბათის სიმაღლე – ვარაუდია”.

პროექტში ჩართულ ქართველ მკვლევართა ჯგუფის ინფორმაციით, ასეთი მიდგომა ერთადერთი გზაა, რომ ნანგრევებად ქცეული ეკლესია მომავალში დაცული იქნას ძლიერი ატმოსფერული ზემოქმედებისგან, ნებისმიერი სეისმური აქტივობისგან და ასევე სრულად აღდგეს მისი საეკლესიო ფუნქცია.

მისიამ აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ტექნიკური ოფისის წარმომადგენლის მიერ წამოყენებული კატეგორიული მტკიცებულება, რომ ძეგლი შეტანილ იქნს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც “სიმბოლო ერის იდენტობისა და მთლიანობისა”, არ შეესაბამეაბა დასაბუთებას, რომლის საფუძველზეც, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ძეგლი, ნახევრად-რუინირებულ მდგომარეობაში, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს არის შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მიღწევა.

2004 წელს ICOMOS-ს მისიამ განაცხადა,” ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელახლა აშენების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ეს შეიძლება მაინც განხორციელდეს, მიუხედავად რისკისა, რომ, ამის გამო, ძეგლი შეიძლება ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან:,-და იქვე დაამატა, “ჩვენი აზრით, ICOMOS-მა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დაწმუნების ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს, რათა თავიდან აიცილოს ძეგლის ხელახლა აშენება”.

მისიამ საქართველოს ასევე წარუდგინა 2010 წლის თებერვალში ICOMOS-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებული იყო ბაგრატის კათედრალის პროექტი.

ICOMOS-ის დოკუმენტი შეიცავს მოკლე დასკვნებს:

ის, რაც შემოთავაზებულია, იმეორებს “ევანსის მაგალითს” კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთში, ერთი საუკუნით ადრე. არაგონივრულია წარსულის შეცდომების გამეორება.

შემოთავაზებული რეკონსტრუქციის პროექტი მიზნად ისახავს, ბაგრატის კათედრალის ნანგრევებს დაუბრუნოს ავთენტური ფუქნცია და შექმნას ახალი ეროვნული სიმბოლო, ძეგლის რეკონსტრუქციის გზით. თუმცა ეს დიდწილად გაანდგურებს არსებულ ავთენტურ ქსოვილს და ნანგრევებში შემონახული ავთენტური მშენებლობის ოსტატობას. ეს პროცესი გაანადგურებს ძეგლის ავთენტურ სულს და “ისტორიის სუნქთვას”, რასაც ძეგლის მომავალი მნახველი ვეღარ შეიგრძნობს. ამდენად, პროექტი უნდა უარყოფილ იქნას, როგორც მსოფლიო ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულების და ავთენტურობის აუციელებელი საფრთხის შემცველი.

ISOMOS-ს მიაჩნია, რომ პროექტის გაუმჯობესება შესაძლებელია, რათა შენარჩუნებულ იქნას ძეგლის ავთენტურობა და ამავე დროს, მოხდეს მისი ეკლესიად გამოყენება.

მისიამ დააფიქსირა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია რეკონსტრუქციის მიმართ, რომელიც არ პასუხობს ქვის კონსერვაციის სამეცნიერო მეთოდოლოგიას თუ კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებულ ფილოსოფიას. მისიამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა, რეკონსტრუქციის სასარგებლოდ, “საგანგებო გარემოებათა” არგუმენტად გამოყენება. “მართალია, ასე ჩანს, რომ რეკონსტრუქციის იდეა პოპულარულია და პოლიტიკურადაც სასურველი, მაგრამ ნაგებობა ნანგრევად მრავალი საუკუნის წინ იქცა და როგორც ნანგრევმა, უკვე საკუთარი ცხოვრება და ისტორია შეიძინა”.

მისიამ ასევე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რეკონსტრუქციის პროექტის მიმართ თავშეკავებული პოზიცია გამოხატა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი და მრჩეველი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე სამუშაოები ისე ჩატარდა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს არანაირი თანხმობა არ გაუცია პროექტის საერთო კონცეფციასა და მიდგომაზე. უფრო მეტიც, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი და მრჩეველი ორგანიზაციები შეშფოთებული არიან, რომ ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე არ მომზადდა ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობის ადეკვატური ანგარიში, დეტალური დოკუმენტაციის ჩათვლით.

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს და მრჩეველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ რეკონსტრუქციის პროექტი დიდწილად გაანადგურებს ძეგლის არსებულ ავთენტურ ქსოვილს და ნანგრევებში შემორჩენილ მშენებლობის ოსტატობას, ასევე შეუქცევად ზემოქმედებას მოახდენს ძეგლის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე და შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ძეგლის ამოღების საკითხი იქნება განხილული.

რაც შეეხება გელათის მონასტერს, რომელსაც ასევე ემუქრება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება, მისიამ ხაზი გაუსვა, რომ კატეგორიულად აუციელებელია დამუშავდეს და განხორციელდეს ძეგლის ყველა კომპონენტის მენეჯმენტის გეგმა, რომელიც შეიცავს როგორც ძეგლთა კონსტრუქციული კონსერვაციისა და რესტავრაციის კომპლექსურ პროგრამას, ასევე გრძელვადიან კომპლექსურ პროგრამას.
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიური კონსულტაციებისა და ძეგლების ადგილზე გაცნობის შედეგად, ძეგლთა გამორჩეული უნივერსალური ღირებულებისა და საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მათი საბოლოო გადატანის გათვალისწინებით, მისიამ მოამზადა ძეგლთა კონსერვაციის სასურველი მდგომარეობის პროექტი,რომელიც შეიცავს არსებული მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებებსა და მათი შესრულების განრიგს.
დოკუმენტი, წარმოდგენილი რეკომენდაციით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე მიიღეს.
ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი