ხელოვნება

რა ღირს სიმღერა ბათუმში

3 ნოემბერი, 2010 • 1864
რა ღირს სიმღერა ბათუმში

კონცერტებში, სარეკლამო რგოლებსა და საახალწლო ღონისძიებებში ბოლო წელიწადნახევარში ბათუმში 6,4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია «რუსთავი 2» და «ტელეიმედი» სარეზერვო ფონდებიდან ირიბად, მაგრამ  მნიშვნელოვნად ფინანსდება.  დახარჯული მილიონების ძირითადი ნაწილი ბათუმის მერიამ განკარგა, მაშინ როცა სოციალური  უზრუნველყოფა ბათუმის ბიუჯეტიდან შარშან 1,8 მილიონით, წელს კი 2,7 მილიონით დაფინანსდა. ამასთან, კონცერტებისთვის ბათუმის მერიასა და ტურიზმის დეპარტამენტს თანხები, ძირითადად, პრეზიდენტის გარემოცვისა და აქტიური მხარდამჭერების მიერ დაფუძნებული კომპანიებისთვის აქვს გადაცემული. საჯარო დაწესებულებებმა კი «ბათუმელებთან» ამ ხარჯების დიდი ნაწილი რამდენიმე თვის წინ გაასაიდუმლოეს.

«ბათუმის მერია საკუთარ თავზე მხოლოდ კონცერტზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირების ხარჯს აიღებს, დაახლოებით 3 000 ლარს» _ უპასუხა «ბათუმელებს» ნათია სურგულაძემ, მაია ქეის ბათუმში ჩამოყვანის ხარჯებთან დაკავშირებულ კითხვაზე, 29 ივლისს «ბამბა რუმში» გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმავე დღეს, 29 ივლისს კი, ბათუმის მერის მოადგილეს, დავით სამნიძეს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს «მეტროს» წარმომადგენელ ნიკოლოზ ბოჭორიშვილთან. ხელშეკრულებით, «მეტროს» მაია ქეის კონცერტის ორგანიზება, მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ნათია სურგულაძეს კი ამ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი დაევალა.

მაია ქეის კონცერტისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მერიამ, თავისივე მოთხოვნის საფუძველზე, მიიღო და განკარგა 348 793 ლარი, რაც წესით, ნათია სურგულაძეს უნდა სცოდნოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ ბათუმის მერიაში ხელშეკრულება წინა რიცხვით არის გაფორმებული ან საჯარო ინფორმაცია თავის დროზე დამალეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სარეზერვო ფონდებიდან ბათუმის ბიუჯეტში გადმორიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შედეგად, «ბათუმელებმა» რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა, როცა ბათუმის მერიას ხელშეკრულებები წინა რიცხვით აქვს გაფორმებული. მაგალითად, «ტელეიმედზე» განთავსებული ფილმები სახელწოდებით– «ბათუმის სასწაული» ეთერში შარშან, აგვისტოში, გავიდა. ხელშეკრულება კი მერიასა და სარეკლამო კომპანიას შორის 7 სექტემბერს  გაფორმდა. ბათუმის მერიას ეს «სასწაული» 255 ათასი ლარი დაუჯდა.

5 იანვარს «ბათუმელებმა» მერიისგან იმ თანხის დეტალური ხარჯთაღრიცხვა მოითხოვა, რაც სარეკლამო რგოლებსა და საახალწლო ღონისძიებებზე დაიხარჯა. მერიის 11 იანვრის წერილში ვკითხულობთ, რომ 2009 წლის 29 დეკემბრიდან 2010 წლის 3 იანვრის ჩათვლით მერიამ მხოლოდ 100 ათასი ლარი დახარჯა. ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც ბათუმის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.

შარშანდელი წლის საბოლოო ანგარიშის მიხედვით კი, ირკვევა, რომ მერიამ, ამ 100 ათასის გარდა, იმავე ღონისძიებებში დამატებით ნახევარ მილიონზე მეტი ლარი განკარგა. ამ თანხიდან  285 600 ლარი (რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო) საიმიჯო კლიპებისა და ეთერში გაშვებისთვის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სამ კომპანიაზე გადაანაწილა: 75 ათასი ლარი გადაურიცხა «რუსთავი 2»-ს; 126 ათასი ლარი _ «თაჩ მედიას», რომელსაც უნდა უზრუნველყო «ტელეიმედის» ეთერში საახალწლო ღონისძიებების სარეკლამო და ბათუმის საიმიჯო კლიპების განთავსება («თაჩ მედიას» მფლობელი «ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია», რომელიც 2008 წლის 17 დეკემბერს არის დაფუძნებული. მისი დირექტორი იყო და არის გიორგი არველაძე. ანუ, ექსმინისტრის და ახლანდელი გენერალური დირექტორის ხელშია ორივე კომპანია, რომლებიც რეკლამის შეკვეთას იღებენ და ათავსებენ); 84 ათასი ლარი კი გადაერიცხა სტუდია «მეტროს», საიმიჯო კლიპების მომზადებისთვის.

სამივე ხელშეკრულება _ დამზადებაზეც და ეთერში გაშვებაზეც, 2009 წლის 24 დეკემბერსაა გაფორმებული. დოკუმენტების მიხედვით, გამოდის, რომ კლიპების დამზადებას, გადაღებას, დამონტაჟებასა და ეთერში გაშვებას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა. 24 დეკემბრით თარიღდება პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერილი განკარგულებაც, ბათუმის მერიისთვის შესაბამისი თანხის გადაცემაზე.

რამდენად შესაძლებელია ერთ დღეში პრეზიდენტის ფონდიდან თანხის გამოყოფა, იმ დღესვე ისეთი სარეკლამო კომპანიის მოძებნა, რომელიც ორი კლიპისთვის ვიდეომასალას გადაიღებს, დაამონტაჟებს და ნაციონალური ტელევიზიების ეთერში გაუშვებს? _ ამ კითხვით მერიის საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის უფროსს, არჩილ ვანაძეს მივმართეთ: «თუ კომპანიამ ხელშეკრულებით საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა აიღო, ესე იგი, შესაძლებელია» _ გვიპასუხა ვანაძემ.

რა დაჯდა მიმდინარე წლის საახალწლო კონცერტი ბათუმში _ ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგანაც გამოვითხოვეთ და საქართველოს მთავრობისგანაც. მთავრობამ ჩვენი წერილი უპასუხოდ დატოვა. მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ ეს ინფორმაცია მათთან დაცული არ არის.

ბათუმის მერიისგან ახლახან მიღებულ დოკუმენტში კი წერია: «დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების თაობაზე სარეკლამო კლიპისა და ბათუმის საიმიჯო კლიპის დამზადებისთვის და სატელევიზიო ეთერში გაშვებისთვის თანხის ოდენობა შეადგინს 285 600 ლარს. ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური რესურსი, გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან“ (წერილი დათარიღებულია 24.12.09) _ ამ წერილის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ჯანაშიაა. წერილს ხელს აწერენ: ბათუმის მერი  რობერტ ჩხაიძე, მაშინდელი პირველი მოადგილე დავით სამნიძე, საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის მაშინდელი უფროსი ჯემალ ანანიძე და კულტურის სამსახურის უფროსი ნათია სურგულაძე.

ნათია სურგულაძესა და ჯემალ ანანიძეს «ბათუმელები» მიმდინარე წლის იანვარში ესაუბრა. ორივემ აღნიშნა, რომ მათ საახალწლო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით ჰქონდათ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც «ბათუმელებს» ოფიციალურად 11 იანვარს გადმოუგზავნეს.

მერიამ იანვარში არ მოგვაწოდა ინფორმაცია აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 270 ათასი ლარის ხარჯვაზეც. როგორც «ბათუმელებმა» გაარკვია, ეს თანხა ევროპის მოედანზე ფეიერვერკებისა და ახალი წლის ღამეს ლაზერული შოუს მოწყობისთვის დაიხარჯა. ხელშეკრულება კი (რომლის ასლი რამდენიმე დღის წინ მოგვაწოდა მერიამ) «მწვანე სახლი აჭარა“-სთან 2009 წლის 22 დეკემბრითაა დათარიღებული.

11 იანვარს საჯარო ინფორმაცია «ბათუმელებს“ დაუმალეს, თუ ხელშეკრულებები მოგვიანებით, წინა რიცხვით გააფორმეს? _ ამ შეკითხვით ჯემალ ანანიძეს სტატიაზე მუშაობის დროს მივმართეთ:

ჯემალ ანანიძე: «თუ საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს არის რაიმე ხარვეზი, უნდა მიმართოთ შესაბამის სამსახურს. წინა რიცხვით ხელშეკრულების გაფორმება კი კატეგორიულად გამორიცხულია. მე ამ წუთს ვერ ვიქნები კონკრეტული, ვინაიდან ამ ხელშეკრულებების ასლები თან არ მაქვს».

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია: «ბათუმელების მიერ მოკვლეული მასალა მეტყველებს, რომ, სავარაუდოდ, ხელშეკრულებები წინა რიცხვით არის გაფორმებული და მერიის არგუმენტი არ არის დამაჯერებული. თუ ეს  ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული ჰქონდა, იგი საჯარო ინფორმაციას კანონით დათქმულ ვადაში გასცემდა. შეიძლება ვისაუბროთ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე. წინა  რიცხვებით ხელშეკრულებების გაფორმების ახსნას კი კორუფციის ფაქტთან მივყავართ. ფორსმაჟორული სიტუაციების შექმნით კი ფავორიტ ორგანიზაციებთან უფრო იოლია ერთ პირთან ხელშეკრულებების გაფორმება».

გასულ წელს და მიმდინარე წლის ექვს თვეში ბათუმში კონცერტებისთვის, გასართობი პროგრამებისა და რეკლამირებისთვის დახარჯულმა თანხამ დაახლოებით 6,4 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, ბათუმის ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან 2 113 483, ხოლო აჭარის სარეზერვო ფონდიდან 558 ათასი ლარი გადაირიცხა; ბათუმის ბიუჯეტის გვერდის ავლით კი ბათუმში, საახალწლო კონცერტისთვის სტუდია «მონიტორის» ჟურნალისტური გამოძიებით, დამატებით 2 მილიონ 293 ათასი ლარიც დაიხარჯა.

აჭარის განათლების სამინისტროს 2010 წლის მაისში აჭარის მთავრობამ 700 000 ლარი სცენის შეძენისთვის  გამოუყო. მიუხედავად ამისა, 2010 წლის ზაფხულში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდიდან სამი კონცერტი დაფინანსდა. სცენის ხარჯები კი სამივე კონცერტის ხარჯთაღრიცხვაში შედის.

აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტს 200 000 ლარი გადაეცა აჭარის სარეზერვო ფონდიდან _ 100 ათასი ლარი «ტელეიმედზე» ვიდეოარტების მომზადებისა და განთავსების მიზნით, 100 ათას ლარზე კი კვლავ შპს «მეტროსთან» გაფორმდა ხელშეკრულება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს «რუსთავი 2»-ის რეალით შოუში მაღალმთიანი აჭარის წარმოჩენა. ხელშეკრულება უკვე რამდენიმე თვეა გაფორმებულია, მაგრამ «რეალითი შოუ» ჯერ ეთერში არ გასულა.  

კონცერტებისთვის ბათუმის მერიისგან კი თანხა, ძირითადად, მიღებული აქვთ პრეზიდენტის გარემოცვისა და აქტიური მხარდაჭერების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს, მაგალითად, «ჰორიზონტ ტვ სტუდიას», რომლის დამფუძნებელიც დავით გერსამიაა. იგი 2005 წლიდან 2008 წლის პირველ ნახევარში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, პასუხისმგებელი იყო და ახორციელებდა პრეზიდენტის პირდაპირ ჩართვებს. «ჰორიზონტ ტვ სტუდია» გერსამიამ 2008 წლის მაისში დააფუძნა. ამ კომპანიამ მთლიანობაში 195 ათასამდე ლარი მიიღო ბათუმში ჯგუფ «მგზავრების», ბრიტანელი მუსიკოსის _ კრის დე ბურგის, ქეთი მელუასა და 31 აგვისტოს გამართული კონცერტების მხოლოდ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისთვის.

«არტ ფორუმთან» კი, რომლის დამფუძნებელი მომღერალი კახა ცისკარიძეა და რომელიც ღიად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროს,  ბათუმის მერიას მთლიანობაში 577 166 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული სხვადასხვა კონცერტის ორგანიზებისთვის.

ამ თანხიდან ჰონორარის სახით ერთ გამოსვლაში, მაგალითად, ნინო ქათამაძეს 31 875 ლარი გადაუხადეს, მალხაზ ქვრივიშვილს, როგორც წამყვანს _ 1 250 ლარი; ნინო ქათამაძის  ავიაბილეთებისთვის 8 530 ლარი, ხოლო ნინო სურგულაძის ბილეთებისთვის 3 470 ლარი გადაიხადეს.

ბათუმში ოთხი კონცერტის მონაწილეებისთვის გამართულ ვახშამზე 18 917 ლარი დაიხარჯა.

 

მაია ქეისა და შოუში მონაწილე მუსიკოსებს ჰონორარის სახით 161 800 ლარი გადასცეს; პროექტის დირექტორორგანიზატორს 15 200 ლარი; სასტუმროში 20 ადამიანის განთავსება ორი დღით 16 200 ლარი დაჯდა, 30 წევრის კვება ორი დღის განმავლობაში 5 400 ლარი (კაცზე საშუალოდ 180 ლარი დღეში) ტექნიკურ საკითხები, ლოგისტიკაშიკვებასა და პროექტის კოორდინირებაში კი 100 ათასი ლარი 

 

მთავრობა და თვითმმართველობები მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობენ. მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოს საგარეო ვალმა 6,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ანუ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 1500 ლარი «საგარეო ვალი» აქვს.

«საერთაშორისო გამჭვირვალობის» მიერ გუშინ გამოქვეყნებული 2010 წლის «კორუფციის აღქმის ინდექსის» შედეგების მიხედვით, საქართველო 178 ქვეყნიდან 68- ადგილზეა. ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გამჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანსების საკითხში, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

 

ბათუმში 2009 წელს ათი კონცერტის ჩატარების ხარჯთაღრიცხვა 

 

 

ჰონორარები (ლარებში)

 

შემსრულებელი

 

შემსრულებლის ჰონორარი ერთ გამოსვლაში

 

გამოსვლების რაოდენობა

 

სულ თანხა

 

ნიაზ დიასამიძე და 33ა

 

18 475,55

 

1

 

18 375,55

 

ვახტანგ კიკაბიძე

 

2 916,66

 

3

 

8 749,98

 

ნანი ბრეგვაძე

 

2 916,66

 

3

 

8 749,98

 

მერაბ სეფაშვილი

 

1 250

 

3

 

3 750

 

ნინო ჩხეიძე

 

625

 

3

 

1 875

 

რუსა მორჩილაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

მარიკა თხელიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

კახა კუხიანიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

დუეტი «ჯორჯია»

 

1 250

 

3

 

3 750

 

თიკა ფაცაცია

 

625

 

3

 

1 875

 

ნინი ქარსელაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ნინო ძოწენიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ვერიკო ტურაშვილი

 

355,16

 

3

 

1 062,48

 

ლელა წურწუმია

 

1 250

 

3

 

3 750

 

ლექსენი

 

625

 

3

 

1 875

 

თიკა ჯამბურია

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

თამთა ჭელიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ნინი შერმანდინი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

დათო გომართელი

 

1 250

 

3

 

3 750

 

ქრისტინე იმედაძე

 

625

 

3

 

1 875

 

მამუკა ონაშვილი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

თამთა გოგუაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

სალომე ბაკურაძე (ჯეოსტარი)

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ნატო გელაშვილი

 

1 250

 

3

 

3 750

 

ნინი ბადურაშვილი

 

625

 

3

 

1 875

 

თამუნა მიქელაძე (ჯეოსტარი)

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ზურა დოიჯაშვილი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ანანო მჟავია

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

გიო ხუციშვილი

 

1 250

 

3

 

3 750

 

სოფო ხალვაში

 

625

 

3

 

1 875

 

ეკა კახიანი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

კაბუ

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

სალომე გასვიანი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ჯგუფი «სეიშენი»

 

1 250

 

3

 

3 750

 

თაკო გაჩეჩილაძე

 

625

 

3

 

1 875

 

ნინა წკრიალაშვილი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

მაია დარსმელიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ნეკა სებისკვერაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე

 

1 250

 

3

 

3 750

 

ბესო კალანდაძე

 

625

 

3

 

1 875

 

გიგა მიქაბერიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ქეთი ორჯონიკიძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

ჯაბა ქარსელაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

კვარტეტი «რონდო»

 

1 250

 

3

 

3 750

 

ანრი ჯოხაძე

 

625

 

3

 

1 875

 

თათია გიორგობიანი

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

რომა რცხილაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

აჩიკო ნიჟარაძე

 

354,16

 

3

 

1 062,48

 

წამყვანი

 

1 250

 

9

 

11 250

 

4 მოცეკვავე (ვერნისაჟი)

 

1 062,5

 

9

 

9 562,5

 

დიჯეი

 

1 062,5

 

9

 

9 562,5

 

ტრანსპორტირების, კვებისა და სცენის მოწყობის ხარჯები 

 

დასახელება

 

ერთეულის ღირებულება

 

რაოდენობა (დღე)

 

სულ თანხა

 

განათება

 

3 117

 

10

 

31 170

 

აპარატურა

 

3 767

 

10

 

37 670

 

ავტობუსის მომსახურება

 

1 537

 

10

 

15 370

 

კვება 20 პერსონაზე

 

1 972,16

 

10

 

19 721,60

 

სულ ათ კონცერტში 294 403 ლარი დაიხარჯა 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი