ხელოვნება

BLUES LUES UES ES S

1 ნოემბერი, 2010 • • 2421
BLUES  LUES  UES  ES  S

ჯაზ ფესტივალის მეოთხე და ბოლო დღე გვიან, მაგრამ კარგი ამბებით დაიწყო. ისთერნ პრომოუშენის წარმომადგენელი მიშა გიორგაძე სცენაზე გამოვიდა და ხალხს რაგბში რუსეთ-საქართველოს ანგარიში აცნობა. საქართველოს გამარჯვებამ ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სცენაზე ცნობილი ჯგუფის „L’image”-ის გამოჩენამ მსმენელი ისევ ფესტივალზე დააბრუნა.

70-80-იან წლებში  „L’image” ჯგუფ „White elephant”-ის რიტმ-სექცია იყო, რომელშიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდიური მუსიკოსები იყვნენ გაერთიანებულნი. იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული ბენდი მალე დაიშალა, თუმცა დიდი ხნის მერე ისინი კვლავ შეიკრიბნენ და ოქტომბერში ევროპის უდიდეს ჯაზ-ფესტივალებზე (მათ შორის თბილისშიც) უკრავნდენ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ერთად ყოფნა, ასე რომ, ვინც გუშინ კონცერტს დაესწრო, ნამდვილად გაუმართლა.

ხუთი მუსიკოსისგან შემდგარმა ბენდმა (მაიკ მაინერი – ვიბრაფონი; ტონი ლევინი – ბასი; სტივ გადი – დასარტყამი ინსტრუმენტი; უორენ ბერნჰარტი – კლავიში; დევიდ სპინოზა – გიტარა) მსმენელს ფესტივალის სხვა დღეებისგან განსხვავებული მუსიკა შესთავაზა. უკრავდნენ ნამდვილი პროფესიონალები. სხვადასხვა ინსტრუმენტების სოლოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ხალხზე. ბისზე გამოსულებმა კიდევ ერთი და ბევრისთვის საყვარელი კომპოზიცია შეასრულეს და დაგვემშვიდობნენ.

შესვენების და დაგვიანების შემდეგ სცენაზე ლეგენდარული “Blues Brothers Band” გამოჩნდა. ფილმის 30 წლისთავს გიტარისტის დაბადების დღეც დაემთხვა.

თუ აქამდე ხალხს სცენასთან მიახლოებაც არ შეეძლო, ახლა ისინი იმდენად ახლოს იყვნენ მუსიკოსებთან, რომ მათთვის ხელის ჩამორთმევაც კი შეეძლოთ. ბლუზმა თავისი ქნა და ცნობილი ჰიტებით ხალხი აამღერა და ააცეკვა.

ცუდ დღეში ჩავარდა დაცვა, რომელსაც ევალებოდა, თვალყური ედევნებინა, რომ არავის გადაეღო ფოტო ან ვიდეო, არავინ ასულიყო სცენაზე და ა.შ.

ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი აცეკვებული ბავშვების შუაგულში მოხვდა. მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა, ემოციის გარეშე გაეძლო მუსიკისთვის და მცირე დაკვირვება ჩავატარე. სულ ცოტა ხანში მან ჯერ მარჯვენა ფეხის ტერფი ააყოლა მუსიკას, მერე მთელი ფეხი, მერე უცბად გამოფხიზლდა და ჩვეულ, მკაცრ მდგომარეობას დაუბრუნდა. რამდნეიმე წუთში მუსიკამ ისევ თავისი გაიტანა და დაცვის შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი თანამშრომელიც აიყოლია. არ გამიკვირდებოდა, უცბად რომ კოსტუმი გაეხადა და Blues Brothers–ის მაისური გამოეჩინა, ან კიდევ უკეთესი, კოსტუმის ჰაერში ტრიალი დაეწყო. მოკლედ, ყველასთვის საყვარელი ფილმის სცენაზე გაცოცხლებამ ისინიც კი აიყოლია, ვინც მთელი ფესტივალის განმავლობაში ერთი და იმავე პოზაში, ერთი და იმავე გამომეტყველებით იდგნენ.

გიტარისტის სოლოს მერე ხალხისკენ ნასროლმა მედიატორმა სულ არია მონასტერი, ყველა მედიატორის ძიებაში იყო, რომელიც საბოლოოდ ვერავინ იპოვა.

ბოლოს ამ მხიარულებას გიტარისტის დაბადების დღისთვის დაკრული “Happy Birthday” და სცენაზე შემოტანილი შამპანურიც დაერთო.

მოკლედ, ფესტივალის ბოლო დღე, თავისი ორი განსხვავებული კონცერტით, მისი ღირსეული დასასრული იყო.

Blues Brothers-ის სცენიდან გასვლის შემდეგ მიშა გიორგაძე ხალხს დაემშვიდობა, თუმცა არც ისე დიდი ხნით.

 დეკემბრის დასაწყისში ისთერნ პრომოუშენი ჯაზის მოყვარულებს კიდევ ერთ კონცერტს პირდება.

თბილისში ჩამოვლენ მარკუს მილერის ბენდის წევრები.

ასე რომ, ჯაზის მოყვარულებო, შეიძლება ითქვას, ფესტივალი გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი