ხელოვნება

ხელნაკეთი წიგნები გერმანიიდან

29 ოქტომბერი, 2010 • 1762
ხელნაკეთი წიგნები გერმანიიდან

ლიტერატურის მუზეუმში ხელნაკეთი წიგნების გამოფენა  გაიხსნა. გამოფენაზე გერმანელი სტუდენტების მიერ ქაღალდითა და ნაჭრით შექმნილი წიგნებია წარმოდგენილი.

«როცა ბრმას შეუძლია ხელით იგრძნოს, რა არის ხელოვნება» – ასე დაახასიათა მიჰაელ შტამმა უსინათლოთათვის შექმნილი წიგნების სერია –«კონტაქტში ილუსტრაციები ბრმებისთვის»,  რომელიც ხელოვნების მუზეუმში გერმანელი სტუდენტების სხვა ხელნაკეთ წიგნებთან ერთად გამოიფინა.

ხელნაკეთი წიგნები საქართველოში მიუნსტერის უმაღლესი სკოლის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორმა მიჰაელ შტამმა ჩამოიტანა.

«ეს უნიკალური წიგნებია, რადგან მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობენ. ზოგიერთი წიგნი რკინის არის, მაგალითად, ნაღმის ფორმის. სამწუხაროდ, მისი ფორმის გამო, საქართველოში ვერ ჩამოვიტანეთ» – განაცხადა პროფესორმა. 

ხელნაკეთი წიგნებიდან «ხელოვნების შეგრძნება» უსინათლოებს არა ბრაილის შრიფტით, არამედ წრიული, რომბისა და სხვა ფორმების გრავიურებით შეუძლიათ. ფურცლების დაჭრილი ბოლოები ბალახის ილუზიას ქმნის.

გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები ერთმანეთისგან ფორმითაც განსხვავდებიან. ერთმანეთის გვერდით მრგვალი, ერთი სანტიმეტრის სიგანის გრაგნილის და ჩვეულებრივი ფორმის წიგნებსაც შეხვდებით.

შტამი სტუდენტებით დაკომპლექტებულ ხელოვანთა ჯგუფს– ტრუფელი ხელმძღვანელობს. ტრუფელის წევრები საკუთარი ხელით ქმნიან ქაღალდს, წიგნის ასაკინძად. შტამის თქმით, მის სტუდენტებს საკუთარი განცდები წიგნების ფურცლებზე თავისუფლად გადმოაქვთ:

«თუმცა თავისუფლებასაც აქვს წესები. ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს ქაღალდთან.»

დღევანდელ პრეზენტაციაზე შტამმა დამთვალიერებლებს სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი ფილმი აჩვენა. ოცწუთიან ფილმში ცელულოზისგან ფურცლის მიღების პროცესი და თითოეული წიგნის შექმნის ისტორიაა ასახული.

დღევანდელ დამთვალიერებს ხელნაკეთი წიგნები შუშის ვიტრინებს მიღმა დახვდათ. მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ სტუმრებს განუმარტა, რომ წიგნების დეტალურად გაცნობა ხვალ შეეძლებათ. ხვალვე, 12 საათზე, ტრიუფელის წევრების მუშაობის შესახებ მიჰაელ შტამის ლექციასაც მოისმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი