ხელოვნება

Tbilisi Jazz Festival – დღე პირველი

28 ოქტომბერი, 2010 • 1394
Tbilisi Jazz Festival – დღე პირველი

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალი გაიხსნა.  პირველმა კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, რა თქმა უნდა,  უადგილო აპლოდისმენტებსა და მობილური ტელეფონების ზარებსარ თუ არ ჩავთვლით.

Image 2506
Image 2506

ფესტივალის პირველი დღე  27 ოქტომბერს მაკკოი ტაინერის კვარტეტმა გახსნა. ცნობილი მუსიკოსისა და მისი ბენდის გამოსვლას ყველა სულმოუთქმელად ელოდა.  „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომადგენლის, მიშა გიორგაძის მისალმების შემდეგ, სცენაზე ისინიც გამოჩნდენ –  4 მუსიკოსი, რომლებსაც  ჯაზის ლეგენდებთან ერთად დაუკრავთ და რომელთა ცოცხლად მოსმენაც, ალბათ, ბევრი ჯაზის მოყვარულის ოცნებაა. კარგი იქნებოდა, ცოტა დიდი ხანი გვესმინა პიანისტისთვის, რომელიც ადრე ჯო კოლტრეინთან ერთად უკრავდა. ვერაფერს იტყვი, რაც დაუკრეს, კარგი იყო, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ დაუკრეს ძალიან ცოტა. თითქოს, სცენაზე თავიანთი ვალი მოიხადეს და წავიდნენ. სამწუხაროდ, დრო იმდენად ჩქარა გავიდა, რომ სწორედ მაშინ, როცა ხალხს ეგონა, სიამოვნება ახლა იწყებაო, შესვენება გამოაცხადეს. ტაინერი და მისი ბენდი არც მსმენელის ტაშის ხმაზე შემობრუნებულან სცენაზე.

შესვენების შემდეგ კონცერტი კრისტიან სკოტის კვინტეტმა გააგრძელა. პირველი კომპოზიციის შემდეგ მესაყვირემ სათითაოდ გააცნო იქ მყოფ საზოგადოებას თავისი კვინტეტის წევრები. იუმორით მოყვა თუ როგორ გაიცნო ისინი, როგორ დაითანხმა მასთან ერთად დაკვრაზე და ხალხიც გაამხიარულა.

კონცერტის პირველი და მეორე ნაწილი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თითქოს ეს იყო კლასიკური და თანამედროვე ჯაზის დაპირისპირება (თუ შეიძლება ასე ითქვას).

სკოტი თითქმის ყოველი კომპოზიციის წინ მიმართავდა მსმენელს და ამზადებდა მას შემდეგის მოსასმენად.  საყვირის, დასარტყამი ინსტრუმენტის და გიტარის სოლოებმა მოლოდინს გადააჭარბა.

ბოლო კომპოზიციის შემდეგ, რომელიც დაწერილი იყო სკოტის ერთ-ერთი თავგადასავლის შესახებ,  მსმენელმა აპლოდისმენტებით და შეძახილებით: „ბისს“, „We want more”, “კიდე გვინდა“  და სხვ. უკან დააბრუნეს სცენიდან გასული მუსიკოსები და მათ ბისზე კიდევ ერთი კომპოზიცია შეასრულეს.

jazz1
jazz1

კრისტიან სკოტის კვინტეტი ხალხთანაც უფრო კომუნიკაბელური იყო, ვიდრე მისი წინამორბედი კვარტეტი. თუ ტაინერი კონცერტის მერე არავის უნახავს, სკოტმა ავტოგრაფების დარიგებაც მოასწრო. ჯაზის ახალგაზრდა გულშემატკივრები ხუთეულს მარკერებითა და პოსტერებით მისცვივდნენ. კრისტიან სკოტი და მისი ბენდის წევრები სიამოვნებით არიგებდნენ ავტოგრაფებს, პასუხობდნენ შეკითხვებს, იცინოდნენ, მღეროდნენ კიდეც. სამწუხაროდ, დაცვამ ეს მხიარულება ზედმეტად მიიჩნია, დარბაზის დაკეტვა მოიმიზეზა და რამდენიმე გულშემატკივარი ავტოგრაფის გარეშე დატოვა.

მოგვიანებით, თბილისი ივენთ ჰოლში მოეწყო ჯემ სეიშენი, სადაც ბრიტანელი მუსიკოსი, ომარი უკრავდა. თუმცა ამ კონცერტის მოსმენა ყველას არ შეეძლო. მხოლოდ მათ, ვისაც სპეციალური მოსაწვევები ან აბონემენტები ჰქონდათ.

დღეს ჯაზ ფესტივალს გააგრძელებენ ცნობილი ვოკალისტი ქალი Dianne reeves და ასევე ცნობილი ჯაზ ბენდი The Jazz Crusaders.

Image 2506
Image 2506

მასალების გადაბეჭდვის წესი