ხელოვნება

ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი?

27 ოქტომბერი, 2010 • • 1609
ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი?

სოციალურ ქსელ ფეისბუქში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის.

„წინამდებარე გვერდი შექმნილია თბილისში ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის აღმართვის მხარდასაჭერად“.

დღეს შექმნილ ჯგუფს უკვე 121 ადამიანი შეურთდა. ძეგლის დადგმის თემა სპეციალურ გვერდზე უკვე დისკუსიის საგანი გახდა.

„ჩემი აზრით, ცუდი იდეაა, რადგან ირაკლი ჩარკვიანი მაგრად კაიფობდა ასეთ თემებზე, „მშვიდ ცურვაშიც” (ჩარკვიანის ნოველა) წერს, რომ ძეგლებს მტრედები ასკინტლავენო და ა.შ. თვითონ არ გაუსწორდებოდა“, – წერს ერეკლე დეისაძე (ავტორი წიგნის „საიდუმლო სირობა“).

„მოიცათ და, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლი უკვე გვაქვს? დანარჩენი უდროოდ წასული დიდი მომღერლებისა? ქვაში გაუკვდავება იმ მოღვაწეთა ბედნიერი ხვედრია, ერის ცხოვრებასა და ისტორიას (ჩვენს შემთხვევაში – ქართულ კულტურას) განსაკუთრებული ღირებულება რომ …შესძინეს.

გულწრფელად გეტყვით, ირაკლი ჩარკვიანის ქანდაკების დადგმა სადმე საზოგადოებრივ ადგილზე მისასალმებელია, ვის რა შეიძლება ჰქონდეს საწინააღმდეგო? მაგრამ ძეგლი ქალაქში – ეს იქნება მორიგი სნობური აქცია, ჩვენი კულტურისადმი აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება“, – წერს პოეტი ნინო დარბაისელი, ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.

ნაწილი იდეას მიესალმება. ხოლო თავად თემის შემქმნელი, ლექსო მაჭავარიანი, უარს ამბობს ნეტგაზეთის კითხვებზე პასუხის გაცემაზე, რომელიც მომღერლის ძეგლის დადგმას უკავშირდება.

შესაბამისად, პასუხი, გასცდება თუ არა ფეისბუქის დისკუსიებს ჩარკვიანის ძეგლის დადგმის ინიციატივა, უცნობია.

მაჭავარიანი დეისაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ძეგლის დადგმას იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ ძეგლი „უკვე დიაგნოზია“ და „ნუ დავუყრით ღორებს მარგალიტებს“, პასუხობს:

„ბუბა კიკაბიძე რომ არ იყოს ”ნაღდი თბილისელი”, ამიტომ არის საჭირო მეფის ძეგლი“.

მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი, რომელსაც მეფის სახელით იცნობდნენ,  2006 წელს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი