ხელოვნება

Altervision – „ნორმალურზე უკეთესი“ მუსიკალური ფესტივალი

21 ოქტომბერი, 2010 • • 1378
Altervision – „ნორმალურზე უკეთესი“ მუსიკალური ფესტივალი

 

თბილისი Altervisionnewcomers ფესტივალს თბილისის მერია და Altervision group ერთობლივად ახორციელებს. წელს ფესტივალი თბილისობის ფარგლებში ტარდება.

 

შარშან, 2009 წლის 23 ოქტომბერს, 12–მა  ბენდმა მაშტაბურ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული 12 ბენდი  60-ზე მეტი ახალბედა ბენდიდან შეირჩა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშავენ, შარშანდელი 12 ბენდისთვის კონცერტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„პირველად დავუკარით დიდ სცენაზე ამდენ ხალხთან. ამან გამოავლინა ჩვენი ნაკლოვანებები და ეს წელი მათ გამოსწორებას დავუთმეთ“- ამბობს შარშანდელი ერთ–ერთი საუკეთესო ბენდის “me and my monkey”-ის წევრი სანდრო ჩინჩალაძე. მისივე თქმით, Altervision გარდა იმისა, რომ სტიმულია,  დამწყებ ჯგუფებს მუსიკის  დახვეწაში ეხმარება. აღნიშნული ბენდის გარდა, შარშან საუკეთესოდ დასახელდნენ: “The Forest”, “Ketrine & Me” და „პორნო პოეზია“. იგეგმება მათი  კომპოზიციებისგან შემდგარი კრებულის ჩაწერა.

შესარჩევ ტურებზე ჯგუფების რაოდენობა  წელს გაორმაგდა. პირველ შესარჩევ ტურში განაცხადი 114–მა  ბენდმა შეიტანა. აქედან შერჩეული 26 კი მეორე ტურში გადავიდა და 12-14 ოქტომბერს საჩვენებლი ჩვენება გამართა. კონკურსის ერთ–ერთი მონაწილე ქეთი ორჯონიკიძე თვლის, რომ Altervisionnewcomers საინტერესო პროექტია.

 „ჩვენთან იშვიათად ხდება რამე ნორმალური, ნორმალურზე უკეთესი კი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემი ბენდი ამ პროექტში ვმონაწილეობთ. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩვენი შესაძლებლობების გამოსავლენად.“- ამბობს ის.

ჩვენების შემდეგ არჩეული 12 ბენდის ვინაობა გახდა ცნობილი: Lila Land, Eldrine, P.I Light,  Green beam and Leon,  Mutual Friends, Loudspeakers, Snatch, ShuSha,  Rap Rise, U.R. The Smile, Exit.

გამარჯვებულ ჯგუფებს ფესტივალის ფარგლებში დიდი მოლოდინები აქვთ. მათ სიაშია ალტერნატიული როკ ჯგუფი  ”Mutual Friends”. ის 2009 წელს შეიქმნა და 5 წევრისგან შედგება. ბენდის ბასგიტარისტმა ლადუკა ნინუამ კითხვაზე, რას ელის  Altervision-სგან, გვიპასუხა: „ჩვენი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხარისხიან მუსიკას ვქმნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  ფესტივალი დიდ სასცენო გამოცდილებას მოგვცემს. იმ ბენდებისთვისაც კი, რომლებიც ვერ მოხვდნენ სიაში, ვფიქრობ, უნდა იყოს სტიმული სამომავლოდ. მათ კიდევ მიეცემათ შანსი, შექმნან კარგი მუსიკა“.

დასკვნითი კონცერტი 30 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართება. ახალბედა ქართული ბენდები მსმენელის წინაშე თავიანთი კომპოზიციებით წარდგებიან. კონცერტს გერმანიიდან მოწვეული დიჯეი ტომ ნოვი დაასრულებს. „შარშან კონცერტს 3000 მსმენელი ესწრებოდა, წელს ბევრად მეტ ხალხს ველოდებით“- ამბობს ფესტივალ ალტერვიზიის ორგანიზატორი აჩიკო გულედანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი