ხელოვნება

ელენე ქაჩლიშვილი და საერთაშორისო ახალგაზრდული ფილარმონიული ორკესტრი ”კარნეგი ჰოლში”

2 ნოემბერი, 2015 • 1734
ელენე ქაჩლიშვილი და საერთაშორისო ახალგაზრდული ფილარმონიული ორკესტრი ”კარნეგი ჰოლში”

YPHIL–ში  სამოცდათოთხმეტი ქვეყნის ასზე მეტი ახალგაზრდა (18–26 წლის) მუსიკოსია გაერთიანებული, რომლებმაც კონცერტზე, გარდა ტრადიციული, საორკესტრო ინსტრუმენტებისა, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა თავიანთი ქვეყნის ეთნიკურ საკრავებზეც დაუკრეს. საღამოზე გაჟღერდა შოსტაკოვიჩი, მენდელსონი, ასევე ახალგაზრდა კომპოზიტორების: ამერიკელი მაიკლ ვონგოვას, თურქი ფარუკ კანსასა და ამერიკელი ჯაზმენის შონ კენედის ნაწარმოებები.

 

 

შემსრულებელთა შორის იყო ლირიული სოპრანო, ქართველი ელენე ქაჩლიშვილიც, რომელიც ამჟამად მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში მეოთხე კურსზე სწავლობს. იგი საქართველოდან თექვსმეტი წლის ასაკში წავიდა; აშშ–ში, “ახალგაზრდულ ფილარმონიაში” კი კომპოზიტორ ფარუკ კანსას პირადი მოწვევით მოხვდა და “კარნეგი ჰოლში” გამართულ კონცერტზე ამ თურქი კომპოზიტორის  მიერ დაწერილი ნაწარმოები შეასრულა.

 

მანამდე კი ნიუ იორკის  “სკირბალ ჰოლში” მარკოვისა და ქაჩლიშვილის დუეტი შედგა, სადაც ქართველმა შემსრულებელმა სპეციალურად მისთვის დაწერილი პარტია შეასრულა. “ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკში ასეთმა მუსიკოსებმა ჩემი ირწმუნეს და ნიუ იორკის სცენებზე გამოსვლის საშუალება მომცეს” – ამბობს ელენე.

 

“ჩვენ დედამიწის ერთი ოჯახი ვართ, იმისდა მიუხედავად, თუ რა რელიგიისა და ენის მატარებლები ვართ. ახალგაზრდა მუსიკოსები მათი განსხვავებულობის მიუხედავად ერთად უკრავენ  და კარგადაც გამოსდით. ჰოდა, იქნებ სწორედ მუსიკა დაგვეხმაროს მტრობის, ძალადობის დაძლევაში და მშვიდობის დამკვიდრებაში…“ –  განაცხადა დენი გლოვერმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი