ხელოვნება

მარკესი და ბერია ბათუმის წიგნის ბაზრობაზე

3 ოქტომბერი, 2010 • 1505
მარკესი და  ბერია ბათუმის წიგნის ბაზრობაზე

 „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ – 4 ლარი, „ხელისუფლების თვითშეზღუდვა“ – 3 ლარი, „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლი“ -3 ლარი, „რელიგია და ეკონომიკა“ – 5 ლარი ჟურნალ „თიმე“-ის ძველი ნომრები – 1 ლარი – 2 ოქტომბერს, ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის სკვერში გამართული წიგნის ბაზრობაზე ფასები ერთი ლარიდან იწყებოდა და ყველაზე ძვირადღირებული წიგნები, ძირითადათ ალბომები, 20 -25 ლარი ღირდა.

 წიგნის ბაზრობის გამართვის იდეა ბათუმელ ფეისბუქელებს ერთი კვირის წინ გაუჩნდათ,  ფეისბუქზე საგანგებოდ შექმნილ გვერდს სამასზე მეტი ადამიანი შეუერთდა და საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმე დღეში, ბათუმელი ბუკინისტებისა და მოხალისეების დახმარებით, პირველ ბაზრობაზე ორასამდე წიგნის გამოტანა შეძლეს. წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ინიციატორი, ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ წიგნის ბაზრობა ბათუმში თვეში ერთხელ, ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება და მისი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და სტაბილური დროისა და სივრცის მონიშვნაა წიგნის მომწოდებლისა და მიმღების შესახვედრად. „რა თქმა უნდა არის წიგნის მაღაზიები, მაგრამ ამ ფორმის უპირატესობა შემდეგში მდგომარეობას: ერთი, რომ ადამიანებს შეუძლიათ გაცვალონ წიგნები, მეორე – მთელს ქალაქში მიმოფანტული, არც თუ მრავალრიცხოვანი მაღაზიების მოვლა არაპრაქტიკულია, გარდა ამისა, ეს ხდება ინტელექტუალური სივრცე, სადაც ადამიანები ცვლიან ინფორმაციას, ეცნობიან ახალს ან იხსენებენ ძველს.“

წიგნების გარდა ბაზრობაზე ძველი ბათუმის ღია ბარათების ასლების შეძენაც იყო შესაძლებელი.  ბაზრობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რეჟისორი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი შოთა გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ დაახლოებით საუკუნის წინ, სწორედ ამ ადგილას ნურიეს ბაზარი მდებარეობდა.

წიგნის ბაზრობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა უცხოურ კლასიკასა და სამეცნიერო ლიტერატურაზე იყო. ნახავდით შედარებით ახალ გამოცემებსაც: გამომცემლობა „დიოგენეს“ „ახალი თარგმანები“, პაატა ქურდაძის „ფსიქოდელიური ქრონიკა“ და აკა მორჩილაძის რომანები  4-6 ლარად გაიყიდა.

პროფესიით არქეოლოგი ნინო ძნელაძე, წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ წიგნის ბაზრობა განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისთვის, რადგან შეუძლით მათთვის აუცილებელი ლიტერატურა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. „მომავალ ბაზრობაზე სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ,  ბევრ ადამიანს აქვს სახლში წიგნები, რომელიც  არ სჭირდება, სხვისთვის კი ამ წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ წიგნები თვეში ერთხელ, ბაზრობაზე გამოიტანონ და გაყიდულის სანაცვლოდ ახალი წიგნი შეიძინონ.“

სწორედ ასე მოიქცა წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი მონაწილე, შორენა ჩიქოვანი, რომელიც შვილიშვილთან ერთად იყო ბაზრობაზე მოსული. გაყიდული წიგნების სანაცვლოდ ახალი გამოცემები შეიძინა, მათ შორის რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი ლავრენტი ბერიას შესახებ. აღმოჩნდა, რომ ბერიას მეუღლე ქალბატონი შორენას შორეული ნათესავია და დასურათებულ წიგნში შორენა  ჩიქოვანმა საკუთარი ნათესავების ფოტოები იპოვა.

წიგნის ბაზრობა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე ასამდე წიგნი გაიყიდა. ბაზრობაზე წიგნები გასაყიდად რამდენიმე ადგილობრივმა მწერალმაც გამოიტანა. წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები საგანგებოდ დაუკავშირდნენ აჭარის მწერალთა კავშირის წევრებს და მონაწილეობა შესთავაზეს.

პირველი წიგნი კი, რომელიც ბათუმის წიგნის ბაზრობაზე მყიდველი გამოუჩნდა, ოთარ გაჩეჩილაძის „ქართული ენა“ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი