ხელოვნება

არაფერი პირადი – მხოლოდ კინო

24 სექტემბერი, 2010 • 1741
არაფერი პირადი – მხოლოდ კინო

„ჩვენ ვნახეთ ფილმები, მაგრამ ვერ ვნახეთ საავტორო კინო, ფილმების უმრავლესობა დამთრგუველია, თითქოს არ არსებობს არაფერი ნათელი” – განაცხადა საავტორო კინოს ბათუმის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ჟიურის თავმჯდომარემ, ზბიგნევ რიბჩინსკიმ. პოლონელი რეჟისორი ჟიურის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანდა და ეს არც სცენაზე დაუმალავს. ბათუმში ამბობდნენ, რომ ფესტივალის არსებობის ხუთი წლის მანძილზე ჟიურის წელს ყველაზე მეტად გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მიზეზი შესაძლოა საკონკურსო პროგრამა იყო, რომელმაც მაინცდამაინც  ვერც მაყურებელი მოხიბლა.

საავტორო კინოს ბათუმის მეხუთე ფესტივალის გნარპრი რუსეთში მცხოვრებ ქართველ რეჟისორს, დიმიტრი მამულიას ერგო ფილმისათვის „სხვა ზეცა”, რომელიც მამულიას სადებიუტო ნამუშევარია. საუკეთესო რეჟისორად ესპანელი აგუსტი ვილა დაასახელეს, ფილმისათვის „კოღოების ბადე”. ესპანურმა ფილმმა ფესტივალის კიდევ ერთ ნომინაციაში აიღო პრიზი: საუკეთესო მამაკაცი მსახიობი –ედუარდ ფერნანდესი. 

საუკეთესო მხატვრულ ფილმად ჟიურიმ ჰოლანდიური სურათი – „არაფერი პირადი” დაასახელა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მაყურებლისა და ჟიურის აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ურსულა ანტონიაკის ფილმს ბათუმის კინოფესტივალზე ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, მაყურებლების ერთი ნაწილი სწორედ ამ სურათს უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას.

ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ცნობილი კინოდოკუმენტალისტის, რობ ლემკინის სურათმა, „ხალხის მტრები” გაიმარჯვა, საუკეთესო მსახიობ ქალად  კი ჟიურიმ მონიკ იმესი აღიარა, ამერიკელი რეჟისორის, ლი დანიელსის ფილმიდან „ძვირფასი”.

გარდა ძირითადი პრიზებისა, ჟიურიმ სპეციალური პრიზით აღნიშნა რამდენიმე ფილმი, მათ შორის ბარტოზ კანოპკას „კურდღელი ბერლინში“. გია დიასამიძის „ინსაიტი”, რომელიც ნინო ქათამაძისა და ჯგუფი `ინსაიტის” შესახებ გვიამბობს და ირანელი რეჟისორის, ფარდინ ზამანის ფილმი –  „არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით”.  

ახალგაზრდული ფილმების კონკურსში ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ქართველი რეჟისორის, თორნიკე ბზიავას გამარჯვება იყო, რომლის ფილმი, „აპრილის სუსხი”, ჟიურიმ საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად აღიარა.

კინომცოდნე ინგა ხალვაში ვერ ეთანხმება ჟიურის, რომ მისი ყურადღების მიღმა დარჩა ახალგაზრდულ კინოს კონკურსში წარმოდგენილი ზურა დემეტრაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი  „ოცნება ლა-სკალაზე”.

ინგა ხალვაში, კინომცოდნე: „როგორც ჟიურის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს ფესტივალი ვერაფრით მოიცავდა კინემატოგრაფიაში მიმდინარე მოვლენების სრულ სურათს, ვინაიდან პატარა იყო.

რაც შეეხება მთავარ კონკურსს, ვფიქრობ საკმაოდ კარგი სურათები იყო წარმოდგენილი. სიმართლე გითხრათ, ესპანური “კოღოების ბადე”, რომელიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა, არ მომეწონა, სეანსი დავტოვე. ჩემი ფავორიტი იყო დიმა მამულიას „სხვა ზეცა”, უდაოდ ძლიერი ემოციური მუხტის მქონე ფილმი. ძალიან ნათელი იყო გია დიასამიძის “ინსაითი”. დადებითი ემოციებს იწვევდა და ეს დარბაზსაც გადაედო.“

ფესტივალზე ბოლომდე დარჩა ირანელი რეჟისორი აბას ქიაროსთამი. მისი შენიშვნის შემდეგ ფესტივალზე ეკრანიც კი შეცვალეს. ირანელის  რეჟისორის  ექსკლუზიური ინტერვიუ  ვერც ერთმა მედია საშუალებამ ვერ მიიღო, თუმცა გაიმართა ქიაროსთამის პრესკონფერენცია, სადაც იგი შეკითხვებს საკმაოდ ძუნწად პასუხობდა. აღნიშნა, რომ არ სურს პოლიტიკაზე საუბარი და პრესკონფერენციაზე ყველაზე დიდხანს თავის უკანასკნელ ფილმსა (ქიაროსთამის ახალი სურათი, „დამოწმებული ასლი”, ფესტივალის გახსნაზე იყო ნაჩვენები) და ჯულიეტ ბინოშზე საუბრობდა, რომელიც, ქიაროსთამის თქმით,  ფილმის გადაღების დროს ახალდაშორებული იყო თავის მეგობარ მამაკაცს და სცენარის წაკითხვის შემდეგ ამბობდა, რომ ეს იყო ფილმი მისი სიყვარულის შესახებ. 

ფესტივალი ოთარ იოსელიანის ახალმა ფილმმა, „შანტრაპა”, დახურა, რომლის პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგა. ფესტივალზე ელოდნენ ოთარ იოსელიანსაც, თუმცა ცნობილი ქართველი რეჟისორი, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს, ბათუმში არ ჩამოსულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი