ხელოვნება

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისში მონაწილეობას ქართული გამომცემლობა მიიღებს

10 აგვისტო, 2010 • 1403
ბრიტანეთის  საბჭოს ბუქ-ქეისში მონაწილეობას ქართული გამომცემლობა მიიღებს

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი , რომელიც ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალთან თანამშრომლობით იმართება, წელს, 19-23 აგვისტოს, ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს თინა მამულაშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან.

ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის ცნობით, მათ ლონდონის ოფისს საქართველოდან რამოდენიმე მწერლის, მთარგმნელის და გამომცემლობის   შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთაგანაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეირჩა.

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი, რომელიც ედინბურგში ტარდება,  35 ქვეყნის 55 წარმომადგენელს უმასპინძლებს და მისი მიზანი   საერთაშორისო საზოგადოებისთვის  თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის გაცნობაა.

თინა მამულაშვილი და სხვა სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებათა პროგრამაში.

 ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისის დელეგატები, რომელთა შორის არიან ლიტერატურული ფესტივალების დირექტორები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, გამომცემლები და მთარგმნელები, ოთხი დღის განმავლობაში შეხვდებიან ნოველისტებს, პოეტებს, ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს. დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, საუბრებში, დებატებსა და ნაწარმოებების კითხვის სეანსებში. დელეგატები გაეცნობიან ახალ ლიტერატურას და  დაესწრებიან დაჯილდოების ცერემონიალებს.

ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლების და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი