ხელოვნება

პორნოპოეზია და სოკომუსიკოსები ბათუმის ბულვარში

30 ივლისი, 2010 • 1508
პორნოპოეზია და სოკომუსიკოსები  ბათუმის ბულვარში

ბათუმის როკ-ფესტივალის აფიშა
ბათუმის როკ-ფესტივალის აფიშა

6-7 აგვისტოს ბულვარში ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალი New Wave გაიმართება.

New Wave – ამ სახელწოდების როკ-მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში მეხუთე წელია იმართება. ფესტივალის იდეა ორგანიზაცია Local Music Zone-ს  ეკუთვნოდა, რომელმაც ბოლო წელია სახელწოდება შეიცვალა და  Art Wave-ის სახელით ახორციელებს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტს.

Kung Fu Jankie, Outsider, Little Snail Danse, Omar Angel Espinoza, Okinawa Lifestyle, Porno Poezia, Mirror Illusion, Bek Bekson & Atina, The Benedicts, Monapiane, giga rexviaSvili, Freak show, Dog Weather, The Sticklers, Indigo – ამ ჯგუფების მოსმენის შესაძლებლობა მსმენელს 6-7 აგვისტოს ექნება. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე, გაიმართება, სადაც საგანგებოდ ფესტივალისთვის  სცენა დაიდგმება. 

ორი დღის განმავლობაში კონცერტები საღამოს 7 საათზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს.

ზღვისპირა პარკში გამართულ როკ-ფესტივალს მაყურებელი ყოველწლიურად ემატება. ფესტივალის დირექტორის, მუსიკოსისა და პრომოუტერის, ლევან წულუკიძის თქმით, ფესტივალს არსებობის 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ოცი ათასი მსმენელი ჰყავდა. მისივე თქმით, ეს ერთადერთი როკ-ფესტივალია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან რეგულარულად ტარდება. 

6 აგვისტოს როკ-ფესტივალს ტრადიციულად ბათუმური ჯგუფი გახსნის. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სამი ადგილობრივი ჯგუფი: The Benedicts, Indgo და Bek Bekson & Atina.

ადგილობრივი ჯგუფების გარდა, ფესტივალში ისეთი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან კარგად ცნობილი „აუთრაიდერი“, „პორნოპოეზია“, „სოკო-მუსიკოსები“-  ექსპერიმენტული ჯგუფი Kung Fu Jankie და სხვები. 

„მიხარია, რომ ფესტივალში სამი ჯგუფი მონაწილეობს ბათუმიდან – ამბობს ლევან წულუკიძე. – ეს არც ბევრია და არც ცოტა. რეალურად შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი ჯგუფი იყოს ბათუმში, რომელთაც შეუძლიათ და უნდათ ცოცხალი მუსიკის შესრულება. ეს ფესტივალი ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მსმენელისათვის, რომელსაც საშუალება ეძლევა ბათუმში ცოცხლად მოისმინოს თანამედროვე, კარგი მუსიკა“.

კითხვაზე, რამდენად აისახება ბათუმის როკ-ფესტივალზე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ფესტივალის დირექტორი პასუხობს: „როგორც ფესტივალის ორგანიზატორს, მაქვს გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის ჯგუფი, რომელიც ფესტივალზე დაუკრავს. მიმაჩნია, რომ ეს ჯგუფები უკრავენ აქტუალურ მუსიკას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიო მუსიკას ეხმაურება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში არა მარტო ქართული, არამედ უცხოური ჯგუფებიც იღებენ მონაწილეობას“.

ლევან წულუკიძე თავადაც მუსიკოსია. პროექტ „ნიჟარას“ ავტორი ფესტივალზეც წარდგება მაყურებლის წინაშე თავისი „პოეტური ტერორიზმით“.

ფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი