ხელოვნება

ვინ დაიცავს ”კავკასიურ სახლს”

28 ივლისი, 2010 • • 2238
ვინ დაიცავს ”კავკასიურ სახლს”

”კავკასიური სახლი”

”ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” – ასეთია ბოლო პუნქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ივლისის შუა რიცხვებში გამოცემული ბრძანებისა, რომელიც ”კავკასიური სახლის” სამომავლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ”კავკასიურ სახლს” მთავრობა აღარ ელაპარაკება.

14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების მიხედვით, ”კავკასიური სახლის” ბაზაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, სმირნოვების მუზეუმი უნდა შეიქმნას. მუზეუმი ”კავკასიური სახლის” უფლებამონაცვლე ხდება და მასზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ტერმინი უფლებამონაცვლეობა ერთი იურიდიული პირის მიერ მეორე პირის უფლებებისა და ვალდებულებების გადაბარებას ნიშნავს. უფლებამონაცვლე ორგანიზაციის მფლობელს ან იმ პირს ნიშნავს, რომელიც ორგანიზაციას განკარგავს.

შენობას, რომელშიც კულტურულ ურთთიერთობათა ცენტრი ”კავკასიური სახლი” მდებარეობს, ხანგძლივი ისტორია აქვს. XIX საუკუნის ბოლო მესამედში ეგორ თამამშევის მიერ აშენებულ სახლში საცხოვრებლად თამამშევის სიძე, პეტერბურგელი მიხეილ სმირნოვი გადავიდა და თან ბიბლიოთეკა, ასევე დედამისის, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონის ავეჯი გადმოიტანა.

1975 წელს სმირნოვების უკანასკნელმა წარმომადგენელმა (მიხეილ სმირნოვმა) სახლის ბედი “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიას” დაუკავშირა, რომელსაც ლიტერატორი ოთარ ნოდია ხელმძღვანელობდა. კოლეგიის დახმარებით, სახლში სმირნოვების საოჯახო ექსპონატების ექსპოზიცია გაკეთდა. მიხეილ სმირნოვი 1985 წელს გარდაიცვალა და მთელი თავისი მემკვიდრეობა (სამუზეუმო ექსპონატები და ოთხი ოთახი) კოლეგიას გადასცა.

მინისიტრთა საბჭოს დაქვემდებარებაში და მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელობითი კოლეგია მწერალთა კავშირმა 90-იანი წლების დასაწყისში გააუქმა. ”ბატონმა ოთარ ნოდიამ და მე ერთად მოვიფიქრეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო კავკასიური სახლი და ფილოლოგიური ორგანიზაცია სამშვიდობო ორგანიზაციად გარდაქმნილიყო. 1994 წელს დავრეგისტრირდით, როგორც კულტურული ურთიერთობების ცენტრი–კავკასიური სახლი. ლიტერატურული ურთიერთობები კულტურული ურთიერთობებით შეიცვალა”, – ამბობს”კავკასიური სახლის” დირექტორი, მწერალი ნაირა გელაშვილი. ახალი ორგანიზაცია სამთავრობო დაწესებულების სტატუსით დაფუძნდა და, ამგვარად, საბჭოთა ორგანიზაციის უფლებამონაცვლე”კავკასიური სახლი” გახდა. მოგვიანებით, 1999 წელს, ამავე სახელწოდებით და ადამაინური რესურსებით არასამთავრობო ორგანიზაციაც შეიქმნა. ნაირა გელაშვილის თქმით, ამის მიზეზი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობა იყო.

დღეს ”კავკასიური სახლის” (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ნაწილი) მუდმივ შტატში ოცამდე ადამიანი მუშაობს. მაგრამ დაწესებულების მიმდინარე პროექტებში გაცილებით მეტი პირია ჩართული. არის შემთხვევები, როცა წელიწადის განმავლობაში ”კავკასიური სახლის” სხვადასხვა პროექტში დასაქმებულთა რიცხვი 250 ადამიანს აღწევს.

”კავკასიური სახლი” საგამომცემლო და ლიტერატურული საქმიანობის გარდა, დევნილთა და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საზაფხულო და საკვირაო სკოლების, კულტურული კალენდრისა და ბევრი სხვა სახის პროექტებს ახორციელებს. კულტურული, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობის მთავარი დამფინანსებელი ევროპული ფონდი ”Horizon”-ია. 1998-2002 წლებში სწორედ ამ ფონდის დახმარებით მოხდა შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია, საძირკვლის გამაგრება და სარემონტო სამუშაოების განხორციელება. რეკონსტრუქცია, რომლის ღირებულებამ ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა, ორ წელიწადს გრძელდებოდა. სმირნოვების ექსპონატების რესტავრაცია კი გერმანული ფონდის “Alfried Felix Alwyn Krupp von Bohlen und Halbach” დახმარებით მოხერხდა.

”კავკასიური სახლის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კავკასიურ სახლთან არსებულმა პუშკინის საზოგადოების რუსულენოვანი ადამიანების ჯგუფმა სახლზე პრეტენზია გამოთქვა, მოსაზრებით, რომ, რადგანაც სახლი რუს მიხეილ სმირნოვს ეკუთვნოდა, ის რუსების საკუთრებაში უნდა გადავიდეს. პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფს მხარდამჭერები კულტურის სამინისტროში გამოუჩნდნენ. მოგვიანებით კი ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელობას საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩომ ”რუსულ სახლად” გადაკეთების იდეა შესთავაზა, სანაცვლოდ დაფინანსებაც აღუთქვეს. ნაირა გელაშვილის თქმით, დაწესებულებისთვის სახელის შერჩევამ რუსეთის გაღიზიანება თავიდანვე გამოიწვია.

კულტურის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გრიბოედოვის თეატრში განთავსებულ ”რუსულ კლუბთან”, ორგანიზაციასთან, რომლის აქტიური წევრი სმირნოვის საოჯახო ექსპონატების ყოფილი მცველი ალექსანდრე სვატიკოვია. წელს ”რუსულმა კლუბმა” და კულტურის სამინსიტრომ ერთობლივად გამოსცეს ალბომი ”სმირნოვების მუზეუმი” და ამის შესახებ კავკასიურ სახლს არ შეატყობინეს. ”ალბომში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი “კავკასიურ სახლზე”, რესტავრაციაზე, რამაც ევროპული ფონდის პროტესტი გამოიწვია. ”Horizon”-მა საპროტესტო წერილი ნიკა რურუას გაუგზავნა, რაზეც არავითარი რეაქცია არ ყოფილა”, – ამბობს ნაირა გელაშვილი. 

2009 წელს კულტურის სამინისტრომ ტელეარხებით გაახმოვანა, რომ უმოკლეს ვადაში სმირნოვების საოჯახო ექსპოზიციას მუზეუმის სტატუსს მიანიჭებდნენ. მაშინ კონკრეტული ქმედებები არ განხორციელებულა. ”კავკასიური სახლის” პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სხვადასხვა დროს, საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა და კულტურის სამინისტროებთან ურთიერთობაში, დაწესებულება პრობლემებს აწყდებოდა.

ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის წერილობითი და ზეპირი ფორმით არაერთხელ მიუმართავთ, ”კავკასიურ სახლსა” და სამინისტროს შორის არსებული გაუგებრობების მოგვარების ინიციატივით. მინისტრი და ქვეყნის პირველი პირი ”კავკასიურმა სახლმა” დაწესებულების დასათვალიერებლად და მისი საქმიანობის გასაცნობადაც მიიპატიჟა, მაგრამ მიწვევები, ისევე, როგორც მათი ყველა წერილი, უპასუხოდ დარჩა.

ასეთი სახის ურთიერთობის მიზეზს ნაირა გელაშვილი დაწესებულების ოპოზიციური პოლიტიკური ხედვით ხსნის: ”ოპოზიციურია ჯერ ჩემი გამოსვლები, დასავლეთის პრესისთვის მიცემული ინტერვიუები. რაც უფრო ძლიერდებოდა ჩვენი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა ეს ხელისუფლება, იმ თვალსაზრისით, რომ კონტაქტი შეწყვიტა, საერთოდ აღარ გველაპარაკება, უბრად არის ჩვენთან. ხელისუფლება კონსპირაციულად მუშაობდა კავკასიური სახლის წინააღმდეგ, აბა, სხვას რას დავარქმევთ იმას, რომ ბრძანებულება გამოდის, კულტურის სამინისტრო სვატიკოვთან და ”რუსულ კლუბთან” ერთად ალბომს გამოსცემს, “კავკასიური სახლის” კვალს ყველანაირად შლის და შენ არ გელაპარაკება?”

საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო ფონდთან ”Horizon” შეთანხმებითაა დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც, თუკი ვინმე ”კავკასიური სახლს” შენობიდან გასვლას აიძულებს, საქმე არა ადგილობრივ, არამედ ჰააგის სასამართლოში აღიძვრება.

შენობა, სადაც ”კავკასიური სახლია” განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. მაგრამ ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელობის მტკიცებით, რომ არა ეს დაწესებულება და ევროპული ფონდების დახმარებით წარმოებული სარემონტო სამუშაოები, შენობა დღეს აღარ იარსებებდა.

”სახელმწიფომ ან ფული უნდა დაუბრუნოს ”ჰორაიზონს” ან ”კავკასიურ სახლს” ფართი უნდა დაუმტკიცოს. არასებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა სხვა გადაწყვეტილება არასამართლებრივი იქნება”, – აცხადებს ნაირა გელაშვილი.

ფონდი “Horizon” საქართველოში რამდენიმე ძვირადღირებულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივის რესტავრაცია და სვანეთის პროექტი. ამ უკანასკნელს “Horizon” 1997 წლიდან ახორციელებს და  მის ფარგლებში ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია, არქეოლოგიური გათხრები, არქიტექტურული რეკონსტრუქცია შედის.

ნაირა გელაშვილის თქმით, კულტურის სამინისტო არც ამ ფონდის წერილებს პასუხობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი