ხელოვნება

HUSH, LITTLE BABY

18 ივლისი, 2010 • • 1412
HUSH, LITTLE BABY

მაიკ სტერნი

 

არა, ბობი მაკფერინი ან ნინა სიმონე არაფერ შუაში არიან. ეს მაიკ სტერნმა მიმართა გუშინ, სცენიდან მოშორებით მსხდომ ქართულ აუდიტორიას, ”ჩუ, ჩუ”-ო, კონცერტზე, რომელსაც რამდენიმე წუთით მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად.

მაიკ სტერნი თავისი ენერგიული გამოსვლებით  და “ხალხის აყვანით” ცნობილი ამერიკელი გიტარისტია. შავი ზღვის ჯაზფესტივალის მესამე დღე სწორედ მან გახსნა. სტერნი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული გიტარისტია. 1993 წელს ალბომისთვის ”Standarts (And Other Songs)” ავტორიტეტული ჟურნალის Guitar Player–ის მკითხველებმა და კრიტიკოსებმა ის მსოფლიოს საუკეთესო ჯაზგიტარისტად დაასახელეს. მისი ორი ალბომი ”Is What It Is” (1994) და ”Between The Lines” (1996) გრემის პრემიაზე იყო ნომინირებული. 1994 წლამდე მუშაობდა მაილს დევისთან, ჯო ჰენდერსონთან, მაიკლ ბრეკერთან, პეტ მარტინოსთან, არტურო სანდოვალთან, ჯაკო პასტორიუსთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან და ბენდებთან (Blood, Sweat & Tears, Steps Ahead, Brecker Brothers Band). 16 წლის წინათ კვარტეტთან Mike Stern Band  დაიწყო გამოსვლა. ბენდში მუდმივად უკრავენ დეივ უექლ, დენის ჩემბერსი და ბობ მალახი. პერიოდულად სტერნი ბენდში სხვა მუსიკოსებსაც იწვევს. მისი მუსიკა რიტმ-ენდ-ბლუზისა და ჯაზის ნაზავია.

რენდი ბრეკერი

ბათუმში ის რენდი ბრეკერთან, ქრის მინ დოკისთან და დეივ უექლისთან ერთად ჩამოვიდა. რენდი ბრეკერი 40 წელია ჯაზში მოღვაწეობს. ის საყვირსა და ფლუგელჰორნზე უკრავს. მისი ინსტრუმენტის ხმა ისმის ფრენკ ზაპას, დევიდ სანბორნის, ჯეიმს ტეილორის, ფრენკ სინატრას, ჯაკო პასტორიუსის ალბომებში.

ქრის მინ დოკი წარმოშობით ვიეტნამელ-დანიელი კონტრაბასისტია, რომელიც კოპენჰაგენსა და ნიუ იორკში ცხოვრობს. პირველი ალბომი Appreciation 1989 წელს გამოსცა – ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყო. მაიკ სტერნის გარდა მინ დოკი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ჯაზმუსიკოსებთან, როგორებიც არიან მაიკლ ბრეკერი, დევიდ სანბორნი და რუიჩი საკამოტო.

ქრის მინ დოკი

ამერიკელი დრამერი დეივ უექლი ჩიკ კორეასთან შვიდი წლის განმავლობაში გამოდიოდა. ჯაზს ბრიჯპორტის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ სწავლას თავი დაანება და ნიუ იორკში გადაბარგდა. დრამერმა პეტერ ერსკინმა ის ფიუჟენ ჯგუფში Nitesprite დაკვრისას შენიშნა და ორკესტრ French Toast-თან დააკავშირა, სადაც იმ დროისთვის პიანისტი მიშელ კამილო და ბასისტი ენტონი ჯექსონი უკრავდნენ. 80-იანი წლების დასაწყისიდან თანამშრომლობს მუსიკოსებთან: ბილ კონორსი, ტანია მარია, ჯორჯ ბენსონი… უკრავდა დაიანა როსის, რობერტ პლანტისა და მადონასთვის. პირველი სოლო ალბომი Master Plan 1992 წელს გამოსცა და სოლო მოღვაწეობას დღემდე აგრძელებს.

დეივ უექლ

ასეთია ამერიკული ბენდის შემადგენლობა, რომლის მოსასმენად გუშინ საქართველოს პირველი პირი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერთან, სერგეი ტიგიპკოსთან ერთად მივიდა.   

მიხეილ სააკაშვილი, სერგეი ტიგიპკო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი