ხელოვნება

ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”

7 ივლისი, 2010 • • 1518
ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”

დღეს, 6 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ ფოტო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები.

ფოტოგამოფენა არის ნაწილი პროექტისა ”ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: “ძველი თბილისის იდენტობა და სული”, რომელსაც ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო).

ორი თვის განმავლობაში კონკურსი სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება თბილისის კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეეძლო.

ამავე პროექტის ფარგლებში ივნისის დასაწყისში თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანი პროფესიონალებსა და ხელისუფლებას შორის ძველი თბილისის იდენტობისა და სულის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგის გამართვა, ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და ტრადიციული სივრცეებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭების სფეროში ევროპული გამოცდილების გაცნობა იყო.

გამოფენის გახსნაზე ფოტოკონკურსის გამარჯვებული ციფრული ფოტოაპარატით დაჯილდოვდება. ასევე დასახელდება იმ ექვსი სტუდენტის ვინაობა, რომლებმაც ბეთლემის მონაკვეთზე ახალი ნაგებობის შექმნის კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი ხუთდღიანი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და გერმანიაში გაემგზავრებიან.

მომავალში პროექტის მასალები წიგნად გამოიცემა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი