კინოხელოვნება

რესტორანი ბახმარო და ისინი, ვინც იქ მუშაობენ

6 ივლისი, 2010 • • 1772
რესტორანი ბახმარო და ისინი, ვინც იქ მუშაობენ

დღეს, 6 ,კარლოვი ვარის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ჩეხეთის დოკუმენტური კინოს ინსტიტუტი მუშაობის პროცესში მყოფ ცხრა დოკუმენტური ფილმის პროექტს განიხილავს. ღონისძიებას ”დოკუ ტალანტები აღმოსავლეთიდან” ჰქვია. პროგრამაში მონაწილე ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპელ კინორეჟისორებს შორის ქართველი სალომე ჯაშიცაა.

პროექტს, რომლის სახელწოდებაა ”რესტორანი ბახმარო და ისინი, ვინც იქ მუშაობენ”, ფილმის რეჟისორი სალომე ჯაში და პროდიუსერი ანნა ძიაპშიპა წარადგენენ. ფილმზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება. ყველა დასრულებული პროექტი 2010-2011 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში იქნება ნაჩვენები.

”დოკუ ტალანტები აღმოსავლეთიდან” ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის ნაწილია. აქ წარდგენილი ყველა პროექტი პოსტ-პროდუქციის ფაზაში იმყოფება. პრეზენტაციებს გაყიდვების აგენტები, სხვადასხვა ფესტივალების პროგრამისტები და დისტრიბუტორები ესწრებიან. პროექტების პრეზენტაციის გარდა, რეჟისორებსა და პროდიუსერებს ინდივიდუალური კონტაქტების დამყარების შესაძლებლობაც ეძლევათ.

დოკუ ტალანტების” მიზანი აღმოსავლეთევროპული კრეატიული დოკუმენტური ფილმების სამომავლო დისტრიბუციის მხარდაჭერაა.

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი A კატეგორიის კინოფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 200 ფილმს აჩვენებს და ყველასათვის ღიაა.

ფესტივალს რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს. ოფიციალური სელექციის გარდა, არსებობს დოკუმენტური ფილმების კონკურსი და კონკურსი სახელწოდებით ”დასავლეთის აღმოსავლეთი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი