კინოხელოვნება

”წასვლა” – ჰაველი ფილმს გადაიღებს

24 ივნისი, 2010 • 1798
”წასვლა” – ჰაველი ფილმს გადაიღებს

ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი აცხადებს, რომ სადებიუტო ფილმის გადაღებას 2 ივლისს დაიწყებს. ჰაველი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფილმის გადაღების შესაძლო შეჩერების თაობაზე.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ჰაველი ამბობს: “არამიშავს და მზად ვარ ფილმის გადასაღებად”. საწარმოო კომპანია Buc Film მიხედვით, ფილმის ბიუჯეტი 44 მილიონი ჩეხური კრონაა (1.8 მილიონი ევრო).

ვაცლავ ჰაველის პირველი ფილმი მისივე პიესის კინოვერსია იქნება. პიესა სახელწოდებით “წასვლა” პირველად ორი წლის წინათ პრაღის ავანგარდულ თეატრში (Archa Theatre ) დაიდგა. პიესის წერა ჰაველმა 1989 წელს დაიწყო, მაშინ, როცა პოლიტიკაში მოვიდა. ტექსტზე მუშაობა კი ოცწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაასრულა.

პიესაში მოქმედება უსახელო ქვეყანაში ხდება. ჩეხი კრიტიკოსებიდან ბევრი მას ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებად მიიჩნევს. თავად ავტორი ამ აზრს არ ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ პიესის წერისას პირადი გამოცდილება გამოიყენა.

პრაღაში პრემიერამდე გამრთულ პრეს-კონფერენციაზე ჰაველმა ასეთი კითხვა დასვა: ”როგორ ხდება, რომ ის, ვინც ძალაუფლებას კარგავს, სიცოცხლის აზრსაც კარგავს? რატომ არის ძალაუფლება ასეთი ქარიზმა ზოგიერთისთვის, ისე, რომ ადამიანისთვის მისი დაკარგვა პიროვნების სამყაროს კოლაფსს ნიშნავს”?

“წასვლის” მთავარი პერსონაჟი უსახელო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია. ფილმში მთავარ როლებს ჩეხი მსახიობი, იოზეფ აბრჰამი და ჰაველის მეუღლე, დაგმარ ჰავლოვა შეასრულებენ.

საკუთარი დრამატული ნამუშევრის ეკრანული ინტერპრეტაციის სურვილის შესახებ ჰაველმა საზოგადოებას შარშან ამცნო. ფილმის ჩეხეთის ეკრანებზე გამოსვლა 2011 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი, 73 წლის ვაცლავ ჰაველი ამბობს, რომ “პოლიტიკოსები მიდიან, ლიტერატურა რჩება“.

”დრო გადის, ყველაფერი, რაც ხდება, ხელმეორედ არ ხდება ხოლმე. ამავდროულად, ყველაფერი, რაც მოხდა, შეუძლებელია აღარ მოხდეს. სიცოცხლის განმავლობაში ეს მომენტები ჩაგვივლის. რაღაცეები ”მიდის” და, ამავდროულად, ახალი რაღაცეები ”მოდის” და რაღაც ”ბრუნდება” კიდეც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი