ხელოვნება

ახალი ბათუმი ფოტოობიექტივში

3 ივნისი, 2010 • • 4215
ახალი ბათუმი ფოტოობიექტივში

მეორე ადგილი, კახაბერ ემირიძის ფოტო

ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქუჩაზე, სადაც დღემდე დგას მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ბელგიის საკონსულოს შენობა, 26 მაისს ფოტოკონკურსის შემაჯამებელი გამოფენა – „ახალი ძველი ბათუმი“ გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურად იმართება და ორგანიზატორების განცხადებით, მისი მიზანია ბათუმი ერთი თვის  განმავლობაში  ფოტომოყვარულთა და პროფესიონალთა ობიექტივში მოექცეს.

7-დან 22 მაისამდე კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ფოტოები საგანგებოდ ამ კონკურსისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე უნდა განეთავსებინათ. ორი კვირის განმავლობაში ფოტოებს ვებ-გვერდის მომხმარებელი და ჟიური აფასებდა. შედეგები ცნობილი 26 მაისს ბათუმში გამართულ ფოტოგამოფენაზე გახდა. 

„შერატონი“, ინდუსტრიული ბათუმი – მშენებლობები ქალაქის ქუჩებში, 2010 წლის თოვლიანი ზამთარი და ქალაქის ცენტრალური, კეთილმოწყობილი ქუჩები – 26 მაისს დუმბაძის ქუჩაზე გამართულ ფოტოგამოფენაზე, ძირითადად, ამ თემატიკის 50-მდე ფოტო იყო წარმოდგენილი.

მესამე ადგილი, სულხან სალაძის ფოტო

„აქ „შერატონის“ იმდენი ფოტოა, შეიძლება ამისთვის სასტუმროს მეპატრონემ ფული გადაიხადოს“ – თქვა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ფოტოკონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ. მართალია, ბათუმის ცენტრალურ უბანში, ზღვის პირას აგებული გიგანტური ზომის სასტუმრო ქალაქის ახალ სიმბოლოდ არავის გამოუცხადებია, მაგრამ ალბათ თავისი მასშტაბებისა და არქიტექტურის გამო იგი ბევრ ფოტოზე სწორედ ასეთ კონტექსტში იყო წარმოდგენილი.

ჟიურის გადაწყვეტილებით პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი და პრიზი, პროფესიონალური ციფრული ფოტოკამერა CANON EOS 5D 31 რეჟისორსა და ფოტოგრაფს, ლელა მეფარიშვილს ერგო, მეორე ადგილი და საპრიზო თანხა კახაბერ ემირიძეს, ხოლო მესამე ადგილისა და საპრიზო თანხის, 500 ლარის მფლობელი გაზეთ „ბათუმელების“ ფოტოკორესპონდენტი სულხან სალაძე გახდა. ინტერნეტში, ფოტოკონკურსის ვებ-გვერდის გამარჯვებული კი გელა ძნელაძეა, რომელსაც სამასი ლარი გადაეცა.

კახაბერ ემირიძის ფოტო

ჟიურის ხელმძღვანელმა, ქართული ვებ-გვერდის – boke.ge-ს დამფუძნებელმა, ფოტოგრაფმა ელგუჯა შეყილაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ჟიურის გადაწყვეტილება საპრიზო ადგილებთან დაკავშირებით თითქმის ერთსულოვანი იყო. „თავიდანვე მივხვდი, რომ ეს ფოტო იქნებოდა ჩემპიონი“  – აღნიშნა ელგუჯა შეყილაძემ „ბათუმელებთან“ ლელა მეფარიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზედაც კინო თბილისის შენობიდან გადაღებული მედეას ძეგლია აღბეჭდილი.  – ამ ფოტოზე არის შესანიშნავი, დახვეწილი გეომეტრია, რაც ბათუმს ეკუთვნის. კატიე ბრესონი ამბობდა, ფოტოგრაფია არის გეომეტრია, პლუს კომპოზიცია და გადამწყვეტი მომენტი, როცა ფოტოაპარატს თითი უნდა დააჭირო.

გარეუბნების ფოტოები რომ არ არის, ეს ჟიურის ბრალი არაა, რეალურად არ იყო ასეთი ფოტოები. ფოტოების უმეტესობა ორიენტირებულია პრიალა ჟურნალის გარეკანზე. არც ლელა მეფარიშვილის, არც კეზის (მეორე ადგილის მფლობელი, კახაბერ ემირიძე) და არც სულხან სალაძის ფოტოები არ არის ასეთი და ეს კარგია“.

ფოტოკონკურსი  – „ახალი ძველი ბათუმი“ ქალაქის მერიის დაფინანსებით ტარდება. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით ბათუმის მერიას არაკომერციული მიზნით, კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ-გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.

პირველი ადგილი – ლელა მეფარიშვილის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი