კინოხელოვნება

პანკისის ხეობიდან კრაკოვის კინოფესტივალზე

2 ივნისი, 2010 • • 1800
პანკისის ხეობიდან კრაკოვის კინოფესტივალზე

კადრი ფილმიდან „ალცნეი“

კრაკოვის საიუბილეო, 50-ე კინოფესტივალზე წელს ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმს აჩვენებენ. „ალცნეი“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ სურათს, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს. „ალცნეი“ ფესტივალზე წარდგენილი ერთდადერთი ქართული ფილმია.

კრაკოვის კინოფესტივალი, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ პოლონური მოკლე ფილმების კონკურსის სახე ქონდა, მოგვიანებით საერთაშორისო გახდა. ის 1961 წლიდან არსებობს და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კინოფესტივალია, სადაც დოკუმენტურ, ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს წარმოადგენენ. 60-აინ და 70-იან წლებში კრაკოვი ობერჰაუზენის კინოფესტივალს უწევდა კონკურენციას. ამ ფესტივალის დოკუმენტურ კონკურსში დაიწყეს კინოს კარიერა ცნობილმა პოლონელმა რეჟისორებმა (კშიშტოფ კიშლოვსკი, ვოიჩიეჩ ვიშნევსკი, ანჯეი ფიდაკი, მარსელ ლოჟინსკი). 

ფესტივალზე სამი სახის კონკურსია: ეროვნული, მოკლე ფილმებისა და დოკუმენტური ფილმების კონკურსი. წელს ფილმების ნაწილს ასევე სპეციალურ საიუბილეო პროგრამაში – „სადღაც ევროპაში“აჩვენებენ,  რომელშიც პოლონეთის მეზობელი ქვეყნების ტრადიციულად ძლიერი დოკუმენტური კინოსკოლის ფილმები დომინირებენ.

„ალცნეი“ პანკისის ხეობაში, ქისტების სოფელშია გადაღებული, „იქ, სადაც ტრადიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონი ან ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი არჩევანი“ – ამბობს ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი, ნინო ორჯონიკიძე. „ალცანი“ღია საზოგადოება საქართველოს, ეროვნული კინოცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ შარშან დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიის ათი წუთი“ ფარგლებშია გადაღებული. მთავარი პერსონაჟი სოფლის უხუცესი ლიდერია. მას ჭკუას მეზობელი სოფლების მოსახლეებიც ეკითხებიან. ალცნეი კონფლიქტურ სიტუაციებს, ქალების გათხოვება-გამოთხოვების და სამეზობლოს ყველა საკამათო საკითხს წყვეტს. ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ნამუშევარი ვიზუალური სისადავით გამოირჩევა, თუმცა, ფილმის მთავარი ღირსება მის არასწორხაზოვნებაშია. შარშან კინო „ამირანში“ ფილმის ჩვენებამ მაყურებელში წინააღმდეგობრივი მოსაზრებები გამოიწვია. ბევრისთვის ალცნეი ქურდული და ძველბიჭური სამყაროს ტიპური მაგალითი იყო, სხვებისთვის ქალი, რომელიც საკუთარ ავტორიტეტს პოზიტიურად და სასარგებლოდ იყენებს.

მას შემდეგ, რაც „ალცნეიმ“ დოკლეიფციგის (ლეიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალი) საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა (ნომებერი 2009), ფილმით ბევრი ფესტივალის წარმომადგენელი დაინტერესდა. მათ შორის იყო კრაკოვის კინოფესტივალის პროგრამების დირექტორიც. მოკლემეტრაჟიანი სურათების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე კშიშტოფ ზანუსია, პოლონელი რეჟისორი, რომელიც არაერთხელ სწვევია თბილისს. კრაკოვს წელს ამერიკული ავანგარდული კინოს მამა, წარმოშობით ლიტველი რეჟისორი იონას მეკასი ეწვია სპეციალური პრიზის – „დრაკონთა დრაკონი“ (Dragon of Dragons) მისაღებად. პრიზი ფესტივალზე 1998 წლიდან არსებობს. დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოში დამსახურებისთვის ის აღებული აქვთ ვერნერ ჰერცოგსა და იან შვანკმაიერს.

მსგავს ფესტივალებზე მონაწილეობა და მონაწილეობის შედეგები ქართული კინოდოკუმენტალისტიკის გააქტიურებაზე მეტყველებს. თუმცა, მხატვრული ფილმებისგან განსხვავებით, ადგილობრივ სივრცეში ქართული დოკუმენტური კინო ჩრდილშია მოქცეული. თუკი ქართულ მხატვრულ კინოპროდუქციას, განურჩევლად ხარისხისა, საქართველოში მეტნაკლებად იცნობენ, დოკუმენტურ კინოს ნაკლები გამოხმაურება აქვს, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივიცაა, მისი პრეზენტაციის არანორმალურ პირობებში. არადა ბოლო წლების განმავლობაში დოკუმენტური კინო  ნელ-ნელა ახერხებს  თავი დააღწიოს ქართული კინოდოკუმენტალისტიკის ძველ, ევროპული გამოცდილებისგან შორს მყოფ ტრადიციებს და იყოს აქტუალური თანამედროვე დოკუმენტურ კინოსამყაროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი