ხელოვნება

“მახოს” ამფორა

26 მაისი, 2010 • 3141
“მახოს” ამფორა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში აღმოჩენილი თიხის ამფორა და დოქი, არქეოლოგების წინასწარი ვარაუდით, ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, აღმოჩენილი ქვევრი “ასაკით”, შესაძლოა, ორი-სამი საუკუნის იყოს. ორივე აღმოჩენა, არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევითი მოხდა.

 სანამ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი ფიჭვნარის ექსპედიციის მეცამეტე სეზონისათვის ემზადება, აჭარაში შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენები მომრავლდა. ბოლო ერთი თვის მანძილზე ბათუმელ არქეოლოგებს მოსახლეობამ ორჯერ მიმართა.

 პირველ აღმოჩენას, რამაც არქეოლოგების ინტერესი გამოიწვია, ბათუმში ჰქონდა ადგილი. ლუკა ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებმა ნუნუ დიასამიძემ შემთხვევით, არხის გათხრის დროს, ქვევრი აღმოაჩინა. ქვევრის ირგვლივ გაწმენდითი სამუშაოების დროს არქეოლოგებმა თავის ქალა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ნაწილებიც აღმოაჩინეს. ქვევრზე ეგრეთ წოდებული “დედაბრული” დამწერლობით შესრულებული წარწერებია.

 თიხის შემადგენლობას ჯერჯერობით სპეციალისტები სწავლობენ, მაგრამ ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ამირან კახიძე ვარაუდობს, რომ ნაკეთობა, შესაძლოა, 17- 18 საუკუნით დათარიღდეს. თუ არქეოლოგის ვარაუდი დადასტურდება, აღმოჩენა კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს, რადგან ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ ადგილას, სადაც ამჟამად ბათუმი მდებარეობს, ქალაქის ტიპის დასახლება მე-19 საუკუნიდან გაჩნდა. მეორე აღმოჩენა კი ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სოფელ მახოს უკავშირდება. მახო, რომელიც თამარის თაღოვანი ხიდებითაა ცნობილი, არქეოლოგების ყურადღების ცენტრშია. ერთი კვირის წინ მახოს მცხოვრებმა მამია შარაძემ, მიწის ნაკვეთის დამუშავებისას, ამფორა აღმოაჩინა.

 სოფელ მახოში ჩასული არქეოლოგების წინასწარი ვარაუდით, ამფორა ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეებით თარიღდება. ე.წ. “წელშეზნექილი ამფორით” იმ ხანად ღვინისა და ზეთის ტრანსპორტირება ხდებოდა. იმავე ადგილას აღმოჩენილი იქნა თიხის დოქი. ორივე ნივთი მთლიანად არის შენახული და ამჟამად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.

 “ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ადგილებში მოგვიწევს არქეოლოგიური გათხრების წარმოება. ვფიქრობ, სამარხებთან უნდა გვქონდეს საქმე. ჩვენს გვაქვს გონიო-აფსაროსში შესანიშნავი ძეგლი, რომაული ხანის ციხე-ქალაქი, რომელიც რომის აღმოსავლეთ იმპერიის საზღვრებს ამაგრებდა, მომთაბარე ხალხების თავდასხმისაგან. მახოში აღმოჩენილი ნივთები სწორედ ამ ციხის თანადროული გახლავთ. ჩანს აფსაროსს ჰქონია თავისი ვილა, სასოფლო რაიონი. მახო პირველად არ ხდება არქეოლოგების ყურადღების ცენტრში, რამდენიმე ათული წლის წინ აქ აღმოჩენილია შესანიშნავი ოქროს ყელსაბამი, რკინის ხანის ბრინჯაოს ცულები, რომლებიც, სხვა მონაპოვრებთან ერთად, ამტკიცებენ, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, აჭარა-გურია, წარმოადგენდა უძველესი ტომობრივი კულტურის სამშობლოს” – ამბობს ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი.

 “მახოს” ამფორას ანალოგიც მოეპოვება. გასული საუკუნის 70 –იან წლებში ასეთივე ფორმის ამფორა ქობულეთელი მეთევზეების ბადეს ამოჰყვა.

 ბათუმელი არქეოლოგები ახლა ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრებისთვის ემზადებიან. ამირან კახიძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ “სეზონის” დასაწყისია, მთავარი აღმოჩენები ჯერ წინ არის. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი