ხელოვნება

თბილი საღამო და „ქოლგა“ ლისის ტბაზე

13 მაისი, 2010 • • 2123
თბილი საღამო და „ქოლგა“ ლისის ტბაზე

„ქოლგის“ გამარჯვებულები გუშინ საღამოს, ფოტოკონკურსის ლისის ტბაზე გამართულ დახურვაზე გამოაცხადეს. ფოტოკონკურსს წელს ცხრა წელი შეუსრულდა. იური მეჩითოვი „ქოლგის“ არსებობას ასე აფასებს: „ქოლგა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რაც საქართველოში ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ხოციელდება. ის პოზიტიურ როლს ასრულებს ახალგაზრდების მოტივაციისა და წახალისების საქმეში. წელს ბევრი კარგი ნამუშევარია“.

უკვე მეორე წელია, რაც კონკურსის ფარგლებში ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზიც არსებობს, რომელიც შარშან იური მეჩითოვს გადაეცა. ამჯერად ჯილდო მირიან კილაძეს ერგო, როგორც „თანამედროვე ეპოქაში ყველაზე დიდ ქართველ ფოტოგრაფ-მემატიანეს“, – ამბობს თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილი.

თავად მირიან კილაძე აცხადებს, რომ ასეთ დიდ დაფასებას არ ელოდა: „როცა მთელი სიცოცხლე როინიშვილთან ხარ დაკავშირებული და მისი სახელობის პრიზს გაძლევენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. მირიან კილაძე საქართველოში ისტორიული ექსპონატებისა და საარქივო გამოცემების ფოტოგრაფირების ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად ითვლება. ბოლო დროს კილაძის მიერ ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ექსპონატების ფოტოებს იური მეჩითოვი ასე ახასიათებს: „ასეთი სიყვარულით და ტექნიკური ოსტატობით გადაღებული არაფერი მინახავს“.

ისევე როგორც გახსნის, დახურვის საღამოზეც 100 ფოტო გამოიფინა, რომელმაც კონკურსის პირველი შესარჩევი ტური გაიარა. ორი ფოტოგრაფისა და ერთი გალერისტისგან შემდგარმა პოლონურმა ჟიურიმ (გრჟეგოშ ვიელნიცკი, რადეკ პოლაკი, მაია კაჟკური ) საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განისაზღვრა: სპეციალური, მესამე, მეორე და მთავარი პრიზი.

„ჩვენ საშუალება მოგვეცა ახალგაზრდა ფოტოგრაფების უამრავი საინტერესო პროექტი და ფოტო გვენახა. ისინი, ვინც დავაჯილდოვეთ, ჩვენი აზრით, დაკვირვების უნარით გამოირჩევიან და ფოტოხელოვნების ენას ორიგინალურად და ეფექტურად იყენებენ“, – ნათქვამია გრჟეგოშ ვიელნიცკისა და რადეკ პოლაკის წერილში, რომელიც კონკურსანტებს, მათ მეგობრებსა და ფოტოგრაფიის უბრალო გულშემატკივრებს კონკურსის გამარჯვებულების დასახელებამდე წაუკითხეს.

სპეციალური პრიზი ფოტოგრაფებს ყველასაგან გამორჩეულობის, ინდივიდუალობის და ფოტოგრაფიის ამოუწურავი შესაძლებლობები წარმოჩენისთვის გადაეცათ. მესამე ადგილის მფლობელები თემაზე მუშაობის თანმიმდევრულობის გამო დააფასეს. მეორე პრიზი ჟიურიმ ასე შეაფასა: ეს არის კლასიკური, მაგრამ გამორჩეული ფოტო, რომელიც ყოველმხრივ ძლიერი, შინაარსიანი და შთაბმბეჭდავია. ხოლო მთავარი პრიზი გადაეცა „პერსონალურ ნამუშევარს, რომელშიც ავტორი საგანგებოდ მიმართავს შეცდომის ესთეტიკას და ფოტოგრაფიას იყენებს როგორც საშუალებას, რომ მეტაფორულად გადმოსცეს წუთიერი ემოციები“.

„ქოლგა“ 2010 გამარჯვებულები კი არიან:

სპეციალური პრიზი

ნინო გელოვანის „ცხოვრების სიზმარი“

კახა კახიანის „მონადირის თვალი“

ლუიზა ჩალათაშვილის „ფორთოხალი“

მესამე პრიზი

ანკა გუჯაბიძის სერია „ოქროს თევზის მოლოდინში“

თაკო რობაქიძის „დევნილი ბავშვები. პედაგოგიური კოლეჯი „მუხიანის სხივი 2009“

მეორე პრიზი

ნატა სოფრომაძის „ქუჩის შვილები“

მთავარი პრიზი

კატალინას „სპეციალური პროექტი“

მთავარი პრიზის მფლობელი კატალინა (კატალინა ბაქრაძე) ფოტოებს 2006 წლიდან იღებს. ის მხატვარი და რეჟისორია. პირველი ფოტოები მან სწორედ კადრირების მოსამზადებლად გადაიღო. ფოტოგრაფიაში კარგა ხანია არ მუშაობს, უკანასკნელ პერიოდში უფრო ხატავს. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ჯგუფურ ფოტოგამოფენაში, მათ შორის ერთი საფრანგეთში, გრენობლში ახლაც მიმდინარეობს. გამოფენა თემაზე „ხელოვნება აღმოსავლეთით“  აღმოსავლეთ ევროპელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და გრენობლიდან მალე ლიონში, შემდეგ ალპებში, იქიდან კი ჟენევაში გადაინაცვლებს.

კატალინა ამბობს, – „რასაც გრძნობ, ის უნდა აკეთო“, ამიტომ თვლის, რომ მიღებული პრიზი ამ ეტაპზე ფოტოგრაფიაში მის მუშაობას უფრო ინტენსიურს, სავარაუდოდ, არ გახდის.

„ქოლგის“ გახსნასა და დახურვაზე გამოფენილმა ასივე ფოტომ ტრადიციულად, კატალოგში მოიყარა თავი, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორები ყოველწლიურად ბეჭდავენ. „ამ ალბომში მთელი ვნებებისა და მიღწევების აკუმულირება ხდება“, ამბობს იური მეჩითოვი, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი სახით ყველა ნამუშევრის თავმოყრა ფოტოკონკურსის ერთ ნაკლს აბათილებს. ეს ნაკლი კი კონკურსში შოუს ელემენტების შეტანაა. მეჩითოვის აზრით, უკეთესი იქნება თუკი მაყურებელს საგამოფენო სივრცეშიც ექნება ფოტოების დათვალიერების შესაძლებლობა, რადგანაც „ფოტოგრაფია სხვა სიჩუმეს მოითხოვს“.  

მასალების გადაბეჭდვის წესი