ხელოვნება

ფოტოკონკურსი „ქოლგა“ 2010

3 მაისი, 2010 • • 1502
ფოტოკონკურსი „ქოლგა“ 2010

ევროპის საერთაშორისო დღე წელს საქართველოში 8 მაისს აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღეს ფოტოკონკურსი „ქოლგაც“ გაიხსნება. გახსნის საღამო მშვიდობის ხიდზე გაიმართება, ხოლო დახურვის – ლისის ტბაზე, სალომე კორკოტაშვილის კონცერტის თანხლებით.

კონკურსის მხარდამჭერები ისევ თიბისი ბანკი, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურია. წელს „ქოლგამ“ სამასი ფოტოგრაფის განაცხადი მიიღო – სულ 3500 ფოტო. კონკურსი ღიაა უცხოელი მოქალაქეებისთვისაც. მათგან პირველი საკონკურსო ეტაპი გერმანელმა, ამერიკელმა და პოლონელმა ფოტოგრაფებმა გაიარეს. ფინალში ასი ფოტონამუშევარი გავიდა. წლევანდელი კონკურსი ცალკეულ კატეგორიებსა და თემატურ ნომინაციებს არ ითვალისწინებს.
12 მაისს ლისის ტბაზე ერთი გამარჯვებული, ერთიც სპეციალური პრიზით დაჯილდოვებული, ერთი მეორე ადგილის, ორი კი– მესამე ადგილის მფლობელი კონკურსანტი გამოვლინდება.

ბიუჯეტი ხუთიდან ექვს ათას ლარამდე გაიზარდა. როგორც კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ბესო ხაინდრავა ამბობს, ეს ფაქტი გამარჯვებულთა რაოდენობის მოულოდნელმა გაზრდამ გამოიწვია. დახურვის ცერემონიალზე,  ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ალექსანდრე როინაშვილის პრიზის მფლობელიც გამოცხადდება.

ქართველები ჟიურის წევრთა შორის არც ამჯერად ყოფილან: „იმიტომ, რომ სანდოობის მომენტია მეტი. ქართველებს გვიჭირს ხოლმე დაჯერება, რომ ქართველმა ქართველს ხელი არ გაუმართა, არ დაეხმარა გამარჯვებასა და არგამარჯვებაში“ – ბესო ხაინდრავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი