კინოხელოვნება

მარილი ქართულ კინოს!

8 აგვისტო, 2011 • • 4896
მარილი ქართულ კინოს!

წელს პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალმა (Le Giornate del Cinema Muto) პროგრამაში ორი ქართული ფილმი “ჯიმ შვანთე!” (1930) და “ლურსმანი ჩექმაში” (1930) ჩართო. მიხეილ კალატოზიშვილის ამ ორ  შედევრს იტალიის ქალაქ პორდენონეში ოქტომბერში ნახავენ.  

 

30-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ კინოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კინოინდუსტრიაში ფორმალიზმი ყველაზე საშიში სიტყვა იყო. უფრო მეტიც, ცოდვა, რომელსაც არაერთი კინემატოგრაფისტის კარიერა შეეწირა. სწორედ ეს იყო ბრალდება, რომელიც ახალგაზრდა მიხეილ კალატოზიშვილს ზემოთხსენებული ფილმებისთვის წაუყენეს და რომელიც მას შემოქმედებითი კარიერის დასასრულამდე თან სდევდა.

 

მიხეილ კალატოზიშვილი
მიხეილ კალატოზიშვილი

პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალს საფუძველი 1982  წელს  ჩაეყარა, როდესაც ფრიულის სინემათეკამ (La Cineteca del Friuli) კინოკლუბ ჩინემაცეროში (Cinemazero) ფრანგული კინოს პიონერის,  მაქს ლინდერის ფილმების კოლექცია აჩვენა. დღეს იგი ევროპაში უხმო ფილმების ყველაზე მნიშვნელოვან საპრეზენტაციო ადგილს წარმოადგენს. კინოკრიტიკოსების, თეორეტიკოსების, მკვლევარების, კინოში მოღვაწე პროფესიონალებისა და სტუდენტების, რესტავრატორებისა და არქივისტების წლის კულტურულ კალენდარზე შემოდგომა პორდენონეს ეთმობა. 

არსებობის მანძილზე ფესტივალი სტიმულირებას უწევს რესტავრაციის პროექტების განხორციელებას. პროგრამა მოიცავს კლასიკურ ჰოლივუდს, ევროპულ და აზიურ კინემატოგრაფს. ფესტივალის ფარგლებში არაერთი მივიწყებული ფილმისა და რეჟისორის აღმოჩენა და ხელახლა დაბადება მოხდა. თუკი რეჟისორები წლიდან წლამდე ბერლინის, კანის, სან სებასტიანის და სხვა მაღალი რაგნის ფესტივალებს ელიან, რომ მერე ამ ფესტივალზე მონაწილეობით იტრაბახონ, პორდენონეში ზეიმს არქივისტები და კინოს რესტავრატორები აწყობენ. 

 

მოგეხსენებათ, რესტავრატორობა რა უმადური პროფესიაცაა. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც გონიათ, რომ მთავარია ფილმი კოლოფში იდოს, მნიშვნელობა არ აქვს ჟანგიანია ეს კოლოფი, ჭაობის პირას დევს თუ საცხოვრებელი კორპუსის ეზოშია დაბინავებული. საქართველოში კინოს პრეზერვაციაზე ზრუნვას ისეთი პირი უჩანს, რომ სანამ კინომეხსიერება ბოლომდე არ წაიშლება და სრულიად ცარიელ-ტარიელი არ დავრჩებით, ადამიანებს არათუ პრობლემის მოგვარების, მისი არსებობის შესახებაც არ ეცოდინებათ რამე. არც ისეთი ფილმების არსებობის შესახებ, როგორიც “ჯიმ შვანთე!” („მარილი სვანეთს!“) და “ლურსმანი ჩექმაშია”. 

 

საქართველოში საარქივო კინოპოლიტიკისა და მუნიციპალური კინოთეატრის არარსებობის, ასევე ფილმების შენახვის ელემენტარული პირობების არქონის გამო ძველი კინოსურათების ეკრანზე ხილვა ძნელი და უმეტეს შეთხვევაში შეუძლებელია. ევროპელი მაყურებლისგან განსხვავებით ჩვენთვის მსგავსი გამოცდილება  ხელმიუწვდომელია. 

თავისი პოლიტიკით პორდენონეს ფესტივალი ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია უხმო კინოს პრეზერვაცია და მაყურებლამდე მიტანა. ფილმებს ვერდის დარბაზში აჩვენებენ,სრულყოფილი პროექციით, ფორმატისა და სიჩქარის ზუსტი დაცვით. ჩვენებას ყოველთვის თან ახლავს მუსიკალური აკომპანემენტი. 

სწორედ ასეთ პროფესიონალურ და საპატიო ატმოსფეროში მოხდება კალატოზიშვილის ადრეული პერიოდის ორი ფილმის ჩვენებაც. “ჯიმ შვანთე!” და “ლურსმანი ჩექმაში”  რეჟისორმა საქართველოში გადაიღო, სანამ ფილმების გადაღებას რუსეთში დაიწყებდა.  

თავის დროზე ორივე სურათი აკრძალული იყო. ორივე ფორმალიზმის ბრალდებით. “ჯიმ შვანთეს!”რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირში 60-იან წლებში მოხდა. 1961 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამართულ რეტროსპექტივაში სახელწოდებით „ფილმები, რომლებიც არ გინახავთ“ „ჯიმ შვანთეც!“ იყო ჩართული. ეს მისი პირველი დიდი აღიარება იყო. ფილმს კი სათაურით “ლურსმანი ჩექმაში” საბჭოთა მმართველობის დროს ეკრანი არ უნახავს. 

 

20-იანი წლების ბოლო ქართულ და მთელ საბჭოთა კინემატოგრაფში  ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პერიოდის დასაწყისია. რეჟისორებს მუშაობა იდეოლოგიური მარწუხების ქვეშ უწევდათ. ეს ტენდენცია 30-იან წლებში განსაკუთრებით გამძაფრდა. შინაარსისგან ოდნავ დაშორებას და ფორმით გატაცებას (ორი სიტყვით ასე შეიძლება აიხსნას ბრალდება “ფორმალიზმი”) ძალიან ადვილად შეიძლებოდა საბედისწერო შედეგი გამოეღო როგორც კონკრეტული ფილმის ბედის, ასევე რეჟისორის მომავალი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

 

“ჯიმ შვანთეს!” შექმნას საინტერესო და შეიძლება ითქვას ტრაგიკული პრეისტორია ჰქონდა. სანამ ამ ფილმზე მუშაობას შეუდგებოდა 1929 წელს კალატოზიშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად საქართველოს მთიან რეგიონ სვანეთში გაემგზავრა. მასთან ერთად იყო ფილმის მხატვარი დავით კაკაბაძე. სვანურ ექსპედიციაში რეჟისორს რუსი სცენარისტი სერგეი ტრეტიაკოვიც ახლდა, რომელიც 1937 წელს შპიონაჟის ბრალდებით დახვრიტეს. 

 

სვანეთში კალატოზოვმა მხატვრული ფილმი „უსინათლო“ გადაიღო. კინოჟურნალებში აფიშები უკვე დაბეჭდილი იყო, როდესაც თბილისში შემოწმების დროს საბჭოთა ცენზორებმა ის ფორმალიზმისთვის გაკიცხეს და აკრძალეს. ფილმი არათუ პარტიულ მუშაკებს, არამედ მემარცხენე ლირეტატურულ დაჯგუფება „ლეფსაც“ არ მოეწონა. 

 

„უსინათლოს“ დასრულებულ ვარიანტში გამოყენებული, გამოუყენებელი და სვანეთში გადაღებული სხვა მასალისგან რეჟისორი ქმნის ნამუშევარს, რომლის ჟანრობრივი განსაზღვრება კულტურფილმია. ფილმი სვანების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, თუმცა არც ეთნოგრაფიული სურათია და არც დოკუმენტური კინო ისეთი სახით, როგორსაც იმ დროისთვის საქართველოსა და მთელს საბჭოთა კავშირში იღებდნენ. 

 

„ჯიმ-შვანთეში“ კამერა ძალიან ექსპრესიული და ძალადობრივია, ისევე როგორც კალატოზიშვილის ფილმების უმეტესობაში. კამერის მოუსვენარი მოძრაობის ხიბლით შეპყრობილი რეჟისორი ცდილობს არ მოადუნოს მაყურებელი და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს იგი. ამავდროულად ეს მკაცრი ბუნების, მარილის დეფიციტის პირობებში და გზების უქონლობით შექმნილ იზოლაციაში მცხოვები ხალხის ტანჯვის გადმოცემას ემსახურება, ამ ტანჯვის ვიზუალურ სახეს ქმნის. 

ქართულ კინოში კალატოზიშვილი პირველი იყო ვინც სუბიექტური კადრები შექმნა და მაგალითად, აყირავებული სვანური კოშკების ჩვენებით თავბრუდახვეული ადამიანის მზერა გადმოსცა. მოგვიანებით, რეჟისორი ამავე ხერხს ფილმში „მიფრინავენ წეროები“ გამოიყენებს, როდესაც მომაკვდავი ჯარისკაცის ხედვის წერტილს არყის ხეების ტრიალით დაგვანახებს. 

 

მაშინ, როდესაც ძიგა ვერტოვი ფაქტის იდეალიზაციას ეწევა, კალატოზიშვილი ფაქტზე მაღლა მის განზოგადებას და მხატვრულ სახემდე გაზრდას აყენებს. ეს რეჟისორი სწორედ მხატვრული და პოეტური სახეებით აზროვნებას ანიჭებს უპირატესობას როგორც მხატვრულ, ასევე როგორც დოკუმენტურ კინოში და იქაც, სადაც ცხოვრება სასტიკია, პოეზიისთვის ადგილი მაინც რჩება. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი იდეოლოგიური კონიუნქტურით სრულდება (საბჭოთა მუშებს სვანეთში გზა გაჰყავთ და იზოლაციის პრობლემა გვარდება), სახკინმრეწვის სტუდიის მხატვრულ-პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ავტორი მკაცრად გააკრიტიკეს. კომუნისტი ცენზორები ფინალურ ეპიზოდში ტრაქტორების გამოჩენამ არ დააკმაყოფილა. მათ ჩათვალეს, რომ ფილმის ვიზუალური მხარე ხშირად შორდებოდა მთავარ იდეას და ფილმის აზრობრივ-იდეოლოგიურ გაღრმავებას არ ემსახურებოდა. 

უარესი ბედი ეწია კალატოზიშვილის მომდევნო ნამუშევარს „ლურსმანი ჩექმაში“. ეს სააგიტაციო-პროპაგანდისტული ფილმი (ე.წ. აგიტ-პროპი) „სამხედროფილმის“ შეკვეთით შეიქმნა. მთავარ სააგიტაციო მესიჯად მოცემული იყო: „წუნმკეთებლები – თავდაცვის მავნებლები!“. ფილმს უნდა მოეთხრო თუ რა სავალალო შედეგი შეიძლებოდა გამოეღო საბჭოთა არმიელისთვის წუნიანი ჩექმის დამზადებას. 

ფილმის შინაარსი ასეთია: უვარგისი ჩექმების გამო მანევრების დროს მუშა ვერ ასწრებს მნიშვნელოვანი შეტყობინების გადაცემას და თავდასხმის იმიტაციისას ჯავშანმატარებლის ჯგუფი „იღუპება“. გმირი მსჯავრდებულთა სკამზე აღმოჩნდება, მაგრამ როგორც ირკვევა, ტრიბუნალი თავად არის დამნაშავე: მის რიგებში „დაღუპული“ ჯავშანმატარებლის ჯგუფია, რომელშიც წუნიანი ჩექმების დამამზადებელი მეწაღეები შედიან. 

 

1931 წელს გადაღებულ ამ ნამუშევარში კალატოზიშვილი არამხოლოდ ფილმის ვიზუალურ, არამედ სცენარის ფორმის შესაძლებლობების ახლებურ ექსპლუატაციას ეწევა. იქნებ ეს მეტისმეტი ნდობა იყო მაყურებლისადმი, რომელსაც ფილმის სიუჟეტური განვითარების აღქმა სავარაუდოდ მართლაც გაუჭირდებოდა. თუმცა, მეორეს მხრივ, თვალს ამ სურათში ნამდვილად აქვს შესაძლებლობა ისე მოიხიბლოს კამერისა და მონტაჟის ოსტატობით, რომ შინაარსის ლოგიკა მინიმუმამდე დაიყვანოს: აღიქვას ტკივილისგან დათრგუნული ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც უსამართლოდ მოექცევიან.  

 

იდეოლოგიური კონიუნქტურისა და ფილმის შინაარსობრივი განვითარების მექანიზმების კუთხით „ლურსმანი ჩექმაში“ დიდ მოწონებას არც ძველი თაობის ქართველი კინომცოდნეების მხრიდან იმსახურებდა. 

 

„ლურსმანი ჩექმაში“  ბოლო ფილმია, რომელიც მიხეილ კალატოზიშვილმა საქართველოში გადაიღო.  მისი აკრძალვის მიზეზად ჟურნალი „პროლეტარსკოე კინო“ 1932 წელს „წითელი არმიის არასწორად ჩვენებაზე“ მიუთითებდა. ეკრანებზე სურათი არასდროს გასულა და ბევრს დაკარგულიც კი ეგონა. „ჯიმ შვანთესგან“ განსხვავებით მას უცხოელი მაყურებელიც არ იცნობდა. უცხოეთში ფილმის ჩვენებები თითზე ჩამოსათვლელია. მაგალითად, აშშ-ში, თელურაიდის 19-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (1993 წელი) ის კალატოზიშვილის სხვა ფილმებთან ერთად („მიფრინავენ წეროები“, „გაუგზავნელი წერილი“, „ჯიმ შვანთე!“) აჩვენეს. 

 

ასე რომ წელს პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალზე მაყურებელს მართლაც განსაკუთრებული სანახაობა ელის. ის თუ როგორი შეფასებებს მისცემს კალატოზიშვილის შემოქმედების პირველ პერიოდში შექმნილ ფილმებს უცხოელი მაყურებელი, წლის დასრულს გახდება ცნობილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი