კინოხელოვნება

სამი წერტილი – ირანელი რეჟისორის რეცეპტი

17 თებერვალი, 2010 • • 3335
სამი წერტილი – ირანელი რეჟისორის რეცეპტი

გუშინ მორიგი საკონკურსო ფილმის ჩვენების დაწყებამდე საგანგებოდ გაგვჩხრიკეს. თავიდან მეგონა ამის მიზეზი სეანსზე პოლიტიკური ავტორიტეტების დასწრება იყო მაგრამ  4 საათზე სინემაქსის დარბაზში ფილმს მხოლოდ პრესა და ჟიური ნახულობს. მერე ისიც გამახსენდა, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვარ და წინა დღით ერიკ რომერის საპატიო საღამოზე ჩვენი რიგის უკან ადგილები საფრანგეთის კულტურის მინისტრისთვის იყო დაჯავშნული. მაშინ არავის გავუჩხრეკივართ.

„მონადირე“ – ასე ქვია რეჟისორის ფილმს, რომელიც წარმოშობით ირანელია და ბრიტანეთში ცხოვრობს. „მონადირე“ გერმანულ-ირანული პროდუქციაა.  წარმოების თანადამფინანსებლები ZDF და ARTE არიან, ასევე მსოფლიო კინოს ფონდი, რომელმაც ფილმს ბერლინში გრანტი შარშან გადასცა. რაფი პიტსის ნამუშევარი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში პირველად არ მონაწილეობს. 2006 წელს აქ მისი „ზამთარია“(Zemestan) იყო წარმოდგენილი. შარშან პიტსი საუკეთესო პირველი მხატვრული ფილმის შესარჩევ ჟიურიშიც მონაწილეობდა. ასე რომ, ბერლინში მას და მის ფილმებს კარგად იცნობენ.

რაფი პიტსი
რაფი პიტსი

 

ნახევრად ბრიტანელი რეჟისორი ირანში დაიბადა, განათლება ბრიტანეთში მიიღო, ცხოვრობს საფრანგეთში, ფილმებს კი ირანში იღებს. ფილმის პერსონაჟებიც ირანელები არიან და სპარსულად მეტყველებენ. „მონადირეში“თავად რეჟისორი თამაშობს,  ქალის მთავარი როლის შემსრულებელი კი მიტრა ჰააჯარია, რომელიც რაფი პიტსთან წინა ნამუშევარშიც თანამშრომლობდა. რეჟისორმა არჩევანი ამ მსახიობ ქალზე მეორედ იმიტომ შეაჩერა, რომ ირანში ის პოპულარულია და ფილმში მისი მონაწილეობა კინოში იმ ირანელ მაყურებელს მოიყვანს, რომელიც სხვა დროს „მონადირის“ მსგავს ფილმს არ ნახავდა. „ზამთარიას“ შემთხვევაში პიტსის ასეთმა ხერხმა იმუშავა. ვნახოთ ამჯერად როგორ მოხდება.

ფილმის გადაღებები შარშან ირანში მაჰმუდ აჰმადინეჯადის ხელახალ არჩევამდე და პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბმავდე ადრე დამთავრდა. შემოქმედებით ჯგუფს მაშინ მთავრობისგან ფილმის გადაღების ნებართვა აღებული ჰქონდა. თუმცა, დღეს არავინ იცის როდის და საერთოდ აჩვენებენ თუ არა ფილმს ირანში. „როდესაც ფილმს აკეთებ, გინდა, რომ იქ აჩვენონ, სადაც გადაიღე. ეს ბუნებრივია. იმედი მაქვს ამ ფილმს ანახებენ, სწორედ ამიტომ გადავიღე“ – ამბობს რეჟისორი France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მონადირე“ განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს ირანული კინოს სახე ქვია. განსხვავდება როგორც ვიზუალური ნიშნით, ასევე კინოენით. ეს არის სრული უარი ეგზოტიზაციაზე, რომელსაც ბევრი ირანელი რეჟისორი ვერ არიდებს თავს. გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ ირანის კულტურული სახესხვაობა თავიდანვე შეიცავს ევროპელი მაყურებლის მიერ ფილმის ე.წ. არასწორი ინტერპრეტირების სახფრთხეს. თუმცა არსებობს მეორე, პოლიტიკური ეგზოტიზაციის საფრთხეც.

„მონადირე“ კი სწორედ პოლიტიკური ფილმია (მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ხელაღებით ფილმის ასეთი შეფასებისგან თავს იკავებს). ის სპარს პოლიტიკურ აქტივისტსა და მწერალს, ბოზორგ ალავის ეძღვნება. მთავარი პერსონაჟის გვარიც ალავია, თუმცა ის მწერლის ცხოვრების ისტორიას არ განასახიერებს. ღამის გუშაგი ალი ყოფილი პატიმარია, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის გაასამართლეს. მას ოჯახი ყავს  – ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. ერთ დღესაც ისინი გაქრებიან. ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ ალის ოჯახის წევრები ქუჩაში მეამბოხეებსა და პოლიციელებს შორის გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ. წესრიგის დამცველებს ალისთვის იმის დაზუსტებით თქმაც კი არ შეუძლიათ, თუ ვისი ტყვია მოხვდათ ქალსა და ბავშვს – მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანების, თუ მთავრობის წარმომადგენლებისა.

 
თუკი აქამდე ირანული კინო პოეტურობასთან ასოცირდებოდა, დღეს მას პოლიტიკური ნიშნითაც გამოარჩევენ. „მონადირე“ თავისი შეფარული პოლიტიკური აქცენტებით მეორე სახის კინოს მიეკუთვნება. მთავარი პერსონაჟის მიერ პოლიციელის მკვლელობა და იმაზე ღიად ლაპარაკი, რომ ირანელი პოლიციელები კორუმპირებულები და მკვლელები არიან, უკვე იძლევა იმის საბაბს, რომ ფილმს ირანული პოლიტიკური ელიტა უარყოფითად შეხვდეს, დასავლელ ინტელექტუალებს კი კიდევ ერთხელ მიეცეთ მათგან შორს მყოფი რეჟიმის გაკრიტიკების საშუალება. თუმცა, „მონადირე“ ისეთი ფილმია, რომელიც თემით სპეკულირებას არ ეწევა. ფილმის მხატვრულმა ღირსებებმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მას შეიძლება გამარჯვებაც მოუტანოს.

ის, რაც ფილმში წმინდა ირანულია, განწყობა და ჩუმი სიბრაზის მუხტია, რომელსაც მაყურებელი მთელი ფილმის განმავლობაში ინტენსიურად გრძნობს. მოქმედება ძალიან ნელია, თუმცა ის არც ერთი წამით არ კარგავს სიღრმეს და რაც მთავარია ხასიათს. ალი (რაფი პიტსი) ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მის სახეზე მიმიკა იშვიათად იცვლება. თუმცა, გამომეტყველებაც სამი წერტილის ცნებაში ჯდება, რომელზეც რეჟისორი საუბრობს: „ირანში, როდესაც სტუმრებს სადილად ვიწვევთ, შეძლებისდაგვარად ბევრ კერძს ვთავაზობთ. მაგრამ არ ვეუბნებით, რა მიირთვან, მათ აქვთ თავისუფლება თავად აირჩიონ. ჩემს ფილმებში წარმოდგენილ იდეებთანაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს. როდესაც მაყურებელს მათებურად ფიქრის არჩევანის საშუალებას ვუტოვებ, ამით მათ პატივს ვცემ… სამი წერტილი მიყვარს და არა უხეშად შეწყვეტა“.

კადრი ფილმიდან "მონადირე"
კადრი ფილმიდან "მონადირე"

 

ფილმი ნამდვილად იძლევა განსხვავებული წაკითხვის საშუალებას, როგორც ფილმის მთლიანობაში ასევე ცალკეული ეპიზოდების და პერსონაჟების აღქმის თვალსაზრისით. აქ არაფერია ერთნაირი. მაგალითად ავიღოთ პოლიციელები. მიუხედავად იმისა, რომ ალი ორ პოლიციელს კლავს და მის მიმართ რეჟისორის სიმპატიზებასაც ვხედავთ, პოლიციელები ერთგვაროვან პროფესიულ მასად არ იკითხებიან. რეჟისორი არ ქმნის პოლიციელის, როგორც ბოროტი ან კეთილი ადამიანის სახეს. თუკი ერთ-ერთი მათგანი ალის მოკვლით ემუქრება, მეორე მას იცავს და არც ქრთამს იღებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

„მონადირის“ მოზრდილი ეპიზოდი ტყეშია გადაღებული. ალის და მის თანმხლებ პოლიციელებს გზა ებნევათ და ტყიდან გასვლას ვერ ახერხებენ. მათ შორის ურთიერთობა მწვავდება. როდესაც ბუნებასთან და ერთმანეთთნ დაპირისპირებულ ადამიანებს ეკრანზე უყურებ და დარბაზში ჟიურის თავჯდომარედ ვერნერ ჰერცოგი ზის, შეუძლებელია ირანული სურათი გერმანელი რეჟისორის ფილმების ერთ-ერთ მთავარ თემატიკას არ დაუკავშირო, მისი ფილმები არ გაგახსენდეს.

„მონადირე“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ცენზურის ქვეშ იმუშაო. რაფი პიტსი არ არის ის შემოქმედი, რომლისთვისაც მთავარია ფილმი გადაიღოს და შემდეგ მხოლოდ დასავლელ ან დასავლეთში მცხოვრებ აღმოსავლელებს ანახოს. საკუთარ სამშობლოში ფილმის ჩვენებას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ცენზურის მოთხოვნების გათვალისწინება მუდმივად უწევს, ეს მისი არჩევანია. შესაძლოა საკუთარი თავისთვის დაწესებული წნეხი სძენს ფილმს იმ ემოციურ ინტენსივობას, რომელიც პირდაპირ თავში ურახუნებს მაყურებელს და მოქმედების დუნე განვითარების მიუხედავად სულ ფხიზელ მდგომარეობაში ამყოფებს მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი