ხელოვნება

ანტუან დაგატა და მისი “საშიში ფოტოგრაფია”

2 ოქტომბერი, 2015 • • 3385
ანტუან დაგატა და მისი “საშიში ფოტოგრაფია”

ანტუან დაგატა ფრანგი ფოტოგრაფია. პარიზი 1983 წელს დატოვა და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა. ფოტოგრაფიით 30 წლის ასაკში დაინტერესდა, მაშინ, როდესაც ავადმყოფ მეგობართან ერთად მისი სიცოცხლის ბოლო დღეებს ატარებდა.

 

“ჩემს მეგობართან ერთად სამხრეთ ამერიკაში ვმოგზაურობდი, მას შიდსი ჰქონდა და იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა. ფოტოგრაფი იყო და ყოველ დეტალს ფოტოს უღებდა. გაოცებული ვიყავი, ფოტოები ხომ მოგონებებისთვისაა და ეს მოგონებები მისთვის არაფრის მიმცემი იყო. მაშინ მივხვდი, რომ მანამდე ყველაფერი არასწორად მესმოდა. ფოტოგრაფია იმის საშუალებაა, რომ თავი უფრო ცოცხლად იგრძნო,” – ამბობს ის.

 

ფოტოს ავტორი: ანტუან დაგატა
ფოტოს ავტორი: ანტუან დაგატა

 

დაგატამ 1998 წელს ნიპრის პრიზი აიღო ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის. 2004 წლიდან შეუერთდა მაგნუმის ფოტოგრაფთა ასოციაციას. გამოსცა ფოტოწიგნები: Vortex, Insomnia, Stigma და Manifeste. ასევე, მას ეკუთვნის ცნობილი გამოფენა 1001 Nuits პარიზში. ძირითადი თემები, რომლებითაც ის ინტერესდება, ბევრისათვის უჩველო, ზოგჯერ საშიში და ზღვარგადასულიც კია. სექსი, ნარკომანია, დეპრესია, პროსტიტუცია და, როგორც თავად ამბობს, ადამიანური ტკივილი მისი რჩეული თემებია.

 

“როდესაც იმ ადამიანების ვხვდები, რომლებსაც ვიღებ, ჯერ დაახლოებისა და ნდობის მოპოვების პროცესს გავდივართ. მე ვცდილობ მათი სახეების მიღმა დავინახო. ეს ყველაფერი დამყარებულია გაზიარებაზე და არა განსჯაზე. მე ვიზიარებ იმ დღეებში მათ ცხოვრებას. მე არ განვსჯი, ისინი რას აკეთებენ. ჩემი ფოტოსერიების მიზანი არ არის გამოვიტანო საჯაროდ პრობლემა და ვინმეს დავარიგო ჭკუა, ვუთხრა, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ეს არის ტკივილი, რომელიც დიდი ხანია ადამიანური ტკივილის ფარგლებს გასცდა,” – ამბობს ანტუან დაგატა.

 

დაგატამ გადასაღებად უკვე მრავალ ქვეყნაში იმოგზაურა. ამბობს, რომ ზოგიერთ მათგანში დაბრუნების არანაირი სურვილი აღარ გააჩნია, რადგან ის ადგილები და ძველი მოგონებები უბრალოდ აშინებს.

მისთვის მნიშვნელოვანი არ არის ფოტოგადაღების ტექნიკური მახასიათებელები. ერთ-ერთი დამთვალიერებლის კითხვაზე, რა არის მისთვის ფოტოგრაფია – ფიქსაცია თუ ფიქცია, აღმოჩნდა, რომ ზუსტი პასუხი არც კი ჰქონდა, რადგან ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს. 

 

“მე ვთვლი, რომ ფოტოგრაფიის რაღაც წესები არც კი ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რა ტექნიკითაა ფოტო გადაღებული, ან რომელი კამერით. მთავარია ფოტოს აზრი. მე არც კი ვიცი, თუ ოდესმე გადამიღია ფოტოგრაფიის კრიტიკოსთა თვალში საუკეთესო კომპოზიცია. ფოტოებს არც ვარჩევ, ზოგჯერ ყველაფერს, უბრალოდ, ერთად ვყრი კოლაჟის სახით და იმ ფოტოებს, რომლებიც მომწონს, იმათთან ერთად ვტოვებ, რომლებიც შედარებით კარგი არ არის. საინტერესოა, რამდენად იპოვის შემდეგ დამთვალიერებელი იმ ფოტოებს, თუ გამოარჩევს და თუ ჩათვლიან, რომ სწორედ ისინია კარგი ფოტოები,” – ამბობს დაგატა.

 

ფოტოს ავტორი: ანტუან დაგატა
ფოტოს ავტორი: ანტუან დაგატა

 

ანტუან დაგატა ასევე შიშობს, რომ დროთა განმავლობაში, რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფოტოგრაფია, მით უფრო იცვლება მისი მთავარი დანიშნულება.

 

“ფოტოგრაფია შესაძლოა იყოს ჰობი, ან ინტერესის ობიექტი, მაგრამ როდესაც ის უბრალოდ მოხმარების საგნად იქცევა, კარგავს შინაგან არსს, ის აღარ არის გამოხატვის საშუალება. როდესაც მას ყველა უმიზნოდ იყენებს, იკარგება ფოტოგრაფიის ნამდვილი იდეა. არაფერია იმაზე საშინელი სანახავი, ვიდრე იდეისაგან და სულისაგან დაცლილი გამოსახულება.”

 

ფოტოგრაფიასთან ერთად ანტუან დაგატა ფილმების გადაღებითაცაა გატაცებული. ამ დრომდე 2 სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შეძლო. ახლა 5-საათიან ფილმზე მუშაობს.

 

“უკვე წელიწადზე მეტია ფილმზე ვმუშაობ, ახლა ვნახე საბოლოო ვერსია და ვიცი, რომ არ მომწონს. ვაპირებ მომდევნო 6 თვე შევისვენო და მხოლოდ ამ ფილმზე ვიმუშაო. მინდა ყველაფერი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ჩემს წარმოსახვაშია.”

 

თბილისის ფოტოფესტივალი 1-ელ ოქტომბერს ანტუან დაგატას პერსონალური გამოფენით დაიხურა. ეს მისი რიგით მეორე გამოფენაა თბილისში. პირველად ფოტოსერია ქალაქს ავტორის გარეშე ესტუმრა, თუმცა დიდი მოთხოვნის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორებმა წელს ფოტოგრაფის ვიზიტიც დაგეგმეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი