ხელოვნება

ცვლიან თუ არა ქალები ფოტოგრაფიას? – შეკითხვა 5 ქალ ფოტოგრაფს

30 სექტემბერი, 2015 • • 3298
ცვლიან თუ არა ქალები ფოტოგრაფიას? – შეკითხვა 5 ქალ ფოტოგრაფს

იუსტინა მელნიკევიჩი, რენა ეფენდი, ანკა გუჯაბიძე, ნაზიკ არმენაკიანი და ანაჰიტ ჰაირაპეტიანი  თბილისის ფოტოფესტივალისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიკრიბნენ. ყველა მათგანი ამჟამად კავკასიის რეგიონში მუშაობს.


ფესტივალის ორგანიზატორი ნესტან ნიჟარაძე ამბობს, ფოტოგრაფთა შეკრების იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სწორედ ქალმა ფოტოჟურნალისტებმა აიმაღლეს ხმა სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე სასაუბროდ.


“როდესაც პირველად ფოტოების გადაღება დავიწყე, უცნობი ადამიანები ჩემს ფოტოებს უყურებდნენ და ეგონათ, რომ 65 წლის კაცის გადაღებული იყო. ასე რომ, ქალისა და კაცის განსხვავებულ ხელწერაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია,” – ამბობს აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი რენა ეფენდი.


ცვლიან თუ არა ქალები ფოტოგრაფიას, დისკუსია მწერალთა სახლში. 28.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
ცვლიან თუ არა ქალები ფოტოგრაფიას, დისკუსია მწერალთა სახლში. 28.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი


თუმცა, როგორც დისკუსიის მსვლელობისას აღინიშნა, ქალ ფოტოგრაფებს თავდაპირველად საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებთან უწევთ გამკლავება; ხშირად უხდებათ იმის გამეორება, რომ არ არსებობს “ქალისა და კაცის საქმე”.


“როდესაც ქალი სახლში შვილს ტოვებს და საკუთარი საქმის საკეთებლად მიდის, მას ბევრი გაკიცხავს იმის გამო, რომ ცუდი დედაა, მაგრამ როდესაც იმავეს კაცი აკეთებს, მაშინ ის ოჯახზე მზრუნველი მამაა. საზოგადოება თავიდანვე გამოგიყოფს ადგილს, რომელიც უნდა დაიკავო,”- ამბობს რენა ეფენდი.


ქართველი ფოტოგრაფის, ანკა გუჯაბიძის თქმით, მას საკუთარი სქესის გამო ქართულ საზოგადოებაში ფოტოგრაფ ქალად დამკვიდრების პრობლემა არ შექმნია.


“მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალიზმი და არა სქესი. უბრალოდ, არსებობს საკითხები, რომლებზეც ქალები უფრო კონცენტრირდებიან. მაგალითად, ქალებზე ძალადობა. მათთვის ადვილი ამ ქალებთან საკუთარი თავის იდენტიფიკაციაა,”- ამბობს ანკა გუჯაბიძე.


როგორც ფესტივალის სტუმარი სომხეთში მოღვაწე ქალი ფოტოგრაფები ამბობენ, ამ საკითხის მიმართ სომხურ საზოგადოებაში განწყობა სხვაგვარია. ამიტომ თემები, რომლებსაც ისინი აშუქებდნენ, ხშირად მათ სახელს ჩრდილს აყენებდა.


“ალბათ იმიტომ მუშაობ, რომ ქმარი არ გყავს, ხომ? ამ შეკითხვას ხშირად მისვამდნენ. ჩემს მეგობრებს ერიდებოდათ იმ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი, რასაც მე ვიღებდი, და ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე,” – ამბობს ნაზიკ არმენაკიანი, რომელმაც სომხეთში ტრანსგენდერთა დისკრიმინაციის შესახებ მოამზადა ფოტოსერია.


გენდერული ბალანსის თემის წამოწევა უმნიშვნელოდ მიაჩნია პოლონელ ფოტოგრაფს, იუსტინა მელნიკევიჩს.


“ფოტოგრაფია ჩვეულებრივი საქმეა. მნიშვნელობა არ აქვს, ფოტოს ქალი გადაიღებს თუ კაცი. ჩვენ ყველას გვაქვს თვალები და ხელები. საქმის კეთება თანაბრად შეგვიძლია. როდესაც ფოტოსერიაზე მუშაობას ვიწყებ, საერთოდ არ ვიცი, მას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს.”


რა შეცვალეთ თქვენ, როგორც ქალმა ფოტოგრაფიაში? ამ კითხვაზე ყველა მათგანი პასუხობს, რომ ქალებმა სენსიტიურ თემებთან შეჭიდება გადაწყვიტეს და ამით ბევრ ადამიანს გამბედაობის მაგალითი მისცეს, თუმცა ამას აკეთებენ კაცებიც. მხოლოდ საზოგადოებაა განწყობილი სხვადასხვაგვარად მათი ნამუშევრების მიმართ.


“ფოტოგრაფია ყოველდღე ვითარდება. ხელოვნების ეს ფორმაც, როგორც ყველა დანარჩენი, ცდება ყველანაირ ჩარჩოს და მათ შორის გენდერს,”- ამბობს ანკა გუჯაბიძე.


თბილისის ფოტოფესტივალი 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 30 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა ცნობილ ფოტოგრაფთან, ანტონიო დაგატასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი