ხელოვნება

ახალი აღმოჩენა გრაკლიანზე – უნიკალური წარწერის გაშიფვრაზე უკვე მუშაობენ

19 აგვისტო, 2015 • 5207
ახალი აღმოჩენა გრაკლიანზე – უნიკალური წარწერის გაშიფვრაზე უკვე მუშაობენ

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

 

გრაკლიანი გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. მათივე ცნობით, გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

 

20 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვ…

Posted by კულტურის სამინისტრო on Thursday, August 20, 2015


გრაკლიანის უდიდესი კოლექციის მნიშვნელოვანი  ექსპონატებია – ოქროს დისკო – ძვ. წ.აღ IV ათასწლეული. მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი – ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, “გრაკლიანის გორა” წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების 300 ათასწლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით. მათი ცნობით, “გრაკლიან გორაზე” გამოვლენილ ტერასებზე ინტენსიურად განლაგებულია  საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV-ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

 

“გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი – სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400–350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი- 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი,” – ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

 

სააგენტოს ცნობით, არქეოლოგიური აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხვალ, 20 აგვისტოს, 10:30 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას  ერთობლივად მოინახულებენ.

ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის. გრაკლიანი გორას არქეოლოგიური ექსპედიცია, 2011. © TSU
ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის. გრაკლიანი გორას არქეოლოგიური ექსპედიცია, 2011. © TSU

მასალების გადაბეჭდვის წესი