ქართული მეჩეთების არქიტექტურა

აჭარაში მეჩეთების შენება აქტიურად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1871-1873 წლებში აჭარაში 141 ჯამე იყო აღრიცხული. მეჩეთებს თავდაპირველად ბეგები აშენებდნენ, ოსმალეთის სულთნისთვის ერთგულება რომ დაემტკიცებინათ. თანზიმათის  ანუ რეფორმების გატარების შედეგად თურქეთის არმიაში აჭარაში მცხოვრებთაც იწვევდნენ. 

ვინც ისლამი მიიღო და თურქული ისწავლა, მას არმიაში დაწინაურების შანსი ჰქონდა. ნელ-ნელა სოფლებშიც გაჩნდნენ მორწმუნეები და ჯამეების აშენებაც დაიწყეს. 

 

საინტერესო ფაქტია, რომ აჭარაში მეჩეთების მშენებლობა აქტიურ ფაზაში 1877-1878 წლების, რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ შევიდა. მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში უკვე 200 ჯამე იყო. საკუთარი სალოცავის ქონა ამა თუ იმ სოფლისათვის პრესტიჟის საკითხად მიიჩნეოდა.


„მუსლიმანური სამლოცველოების მშენებლობის ტემპის გააქტიურებას XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე მორწმუნეთა შინაგანი სულიერი განწყობა და არსებულ სიტუაციაში გაურკვევლობა განაპირობებდა”, – წერს მკვლევარი ჯემალ ვარშალომიძე.

კვირიკეს მეჩეთი
კვირიკეს მეჩეთი

რეგიონში არსებული ხის მეჩეთთა უმრავლესობა გარეგნულად ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებს ჰგავს.


„ისლამიზაციის პერიოდში აჭარაში არსებული ქართული ხალხური სამშენებლო ხელოვნება ისლამურ არქიტექტურას ჩვეულ იერს აძლევდა. აღნიშნული აშკარად თვალსაჩინოა, განსაკუთრებით ხის საკულტო ნაგებობების შემთხვევაში. აჭარაში მეჩეთსა და საცხოვრებელს შორის მსგავსება შეიმჩნევა არა მხოლოდ გარეგნულ მხარეში, არამედ მეჩეთთან დაკავშირებულ სამშენებლო წესში, კარსარკმლის განლაგებაში, ფორმაში და ა.შ. ესა თუ ის არქიტექტურული ელემენტი ქართული ხითხუროობის საუცხოო ნიმუშს წარმოადგენს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ისლამისთვის აუცილებელი იყო რელიგიური დოგმატიკისა და წეს-ჩვეულებების დამკვიდრება და არა სამშენებლო თავისებურებები”, – ვკითხულობთ ისტორიის აკადემიური დოქტორის რუსლან ბარამიძის მიერ დაწერილ ნაშრომში „მუსლიმური საკულტო ნაგებობანი”.


ყველა ძველი მეჩეთის ინტერიერი, რომელიც აჭარაში გვხვდება ჩუქურთმებითა და ნახატებითაა გაფორმებული.


ქობულეთში, სოფელ კვირიკეში 150 წლის წინ ლაზი ოსტატების მიერ აგებული მეჩეთი დგას. უძველეს კარის ანჯამაზე ამოტვიფრული არაბული წარწერები მისი მშენებლობის თარიღს გვამცნობს. კვირიკეს ჯამე ხალხური ხელოსნობისა და ხითხუროობის საინტერესო ნიმუშადაა მიჩნეული. ინტერიერი მთლიანად მოჩუქურთმებულია. ღვთის მსახურება აქ 1993 წლიდან განახლდა. რესტავრაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, თავისი კვალი დააჩნია. მიჰრაბზე (ადგილი, სადაც იმამი დგება ლოცვის თუ სხვა რელიგიური წესის შესრულებისას) ნეონის ნათურებია მიმაგრებული.


რუსლან ბარამიძის თქმით, ოსტატები, რომლებიც აგებდნენ მეჩეთებს, იყენებდნენ იმ სამშენებლო ტრადიციებს, რომელიც მათთვის ნაცნობი იყო. ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში საკულტო ნაგებობების მშენებლობა რეგიონში შეჩერებული იყო, ქვით არაფერს არ აშენებდნენ. მთელი ტრადიცია გადავიდა ხეზე და ორიენტირებული იყო საცხოვრებელ სახლებზე. ამიტომ არქიტექტურა მთლიანად იმეორებს იმ სტილს, რაც იყო დაკავშირებული საცხოვრებელი სახლებისთვის. როგორც გარე იერი, ასევე გადახურვის თავისებურება, არქიტექტურული შედგენა, აივანიც. უბრალოდ შიდა სივრცე იყო მთლიანად შეცვლილი და მეჩეთის მოწყობის სტრუქტურაზე მორგებული.

მეჩეთის ინტერიერი
მეჩეთის ინტერიერი

ხალხურ მეხსიერებაში შემორჩა ისტორია ქრისტიანული ტაძრების ადგილებზე აშენებული მეჩეთების შესახებ. მკვლევარები ამბობენ, რომ ზოგიერთი ჯამე მართლაც ნაეკლესიარზეა აშენებული, ზოგში კი სამშენებლო მასალად ეკლესიის ქვებია გამოყენებული.


„აჭარაში ხის, ქვის (ან ქვის საძირკველსა თუ სართულზე შედგმული ხის) მეჩეთები-ჯამეები თითოეული სოფლის (თემის) ცენტრალურ და საუკეთესო ადგილებშია განლაგებული, მეტწილად, იმ ადგილებში, სადაც ადრე ეკლესიები იდგა, რის გამოც მრავლადაა დამკვიდრებული ტოპონიმები: ნაეკლესიარი, ნასაყდრალი, ნაქილისვარი, ნაქართლი”, – წერს მკვლევარი ჯემალ ვარშალომიძე ნაშრომში „ჯამეების ტრადიციული დეკორი”.


რუსლან ბარამიძე ამბობს, რომ ზოგიერთ მეჩეთში მართლაცაა ეკლესიის ქვები გამოყენებული, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ ჰქონია.


„ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო იყო ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანს სულიერი თვალსაზრისით მისცემდა საშუალებას განმარტოებულიყო, მოწყვეტილიყო ცხოვრებას. თუ მონასტერი იყო, მით უმეტეს. ცენტრში არ შენდებოდა. ისლამი პირიქით, ორიენტირებული იყო მეჩეთის ცენტრში აშენებაზე. ეს იყო უბნის ცენტრალური ნაწილი. მეჩეთი კეთდებოდა ცენტრში და შემდეგ ირგვლივ იყო უბანი. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდა განლაგების მიხედვით.


მეორე მომენტი, მეჩეთების დროს გამოყენებული იყო სამშენებლო ქვები, რომელიც მანამდე არსებულ ეკლესიებში იყო. ეს ფაქტია. ამას არავინ უარყოფს. თუმცა მეჩეთების ერთი ნაწილი სპეციალურად მოტანილი ქვებითაც კეთდებოდა. თუ იყო შენობა, მას პატივისცემით ეპყრობოდა მოსახლეობა, ყურადღებას აქცევდა. უბრალოდ, რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყო მეჩეთებზე ამ მასალების გამოყენება. ეს არ იყო მუდმივი ხასიათის და ყველა მაინცადამაინც ამას არ აკეთებდა”, – ამბობს რუსლან ბარამიძე.


ერთ-ერთი მეჩეთი აჭარაში, რომელზეც ქრისტიანული კვალი აღინიშნება, ზემო ჩხუტუნეთში არსებული ჯამეა. მეჩეთი 1984 წლიდან მუზეუმადაა გადაკეთებული. მასში განთავსებულია საყოფაცხოვრებო, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ნივთები.

ჭვანის მეჩეთის შესასვლელი კარი
ჭვანის მეჩეთის შესასვლელი კარი

ზემო ჩხუტუნეთში მდებარე მეჩეთს საინტერესო არქიტექტურა აქვს. ხუთბეზე ამოჭრილი ჩუქურთმები კი მნახველის გაოცებას იწვევს.


„200 წელია ანათებს, აი, ამ ფანჯრიდან მზე და ჯერჯერობით საღებავებს ფერი არ შეუცვლია, როგორც წაუსვეს, ისევ ისე არის. ფიცარზე არის ამოკვეთილი ვაზი, ყურძენი და ორნამენტებს შორის არც ერთი მილიმეტრი გადახრა არ არის. საერთოდ მუსლიმანურ სარწმუნოებაში და განსაკუთრებით ჯამეში აკრძალული იყო ღვინო, ყურძენი, სპირტიანი სასმელები, მაგრამ ქართველებმა ამოკვეთეს ვაზი. ხუთბეზე (ხუთბე – ადგილი, საიდანაც იმამი წარმოთქვამს პარასკევის ან სადღესასწაულო ლოცვას) ასევე ამოკვეთილია დოქი და ბორჯღალო, რომელიც მეორე-მესამე საუკუნეში საქართველოს გერბი იყო”, – გვიხსნის მალხაზ ნაგერვაძე, ჩხუტუნეთის მუზეუმის დირექტორი.


რუსლან ბარამიძის აზრით კი, როგორც სამშენებლო ტრადიციები გადმოიტანეს ოსტატებმა, ისე გადმოიტანეს ორნამენტებიც.


რუსლან ბარამიძე: „ადგილობრივმა ოსტატებმა ეკლესიების მშენებლობაში გამოყენებული გაფორმება, სამშენებლო ტრადიციები გადაიტანეს მუსლიმურ არქიტექტურაში. საქმე ეხება სამშენებლო ხელოვნების გადატანას რელიგიური კომპონენტების გათვალისწინებით, ანუ ძირითადად ფარულ ან ირიბ ქრისტიანობასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ეს არის სამშენებლო ხელოვნება, რომელიც წარსულში იყო და რომელიც აღარ გამოიყენებოდა ეკლესიებში და გადმოვიდა მეჩეთებში. ეკლესიაზე გამოხატული ორნამენტები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ ართვინის ტერიტორიაზე და რასაც ვხედავთ მეჩეთებზე, ხშირ შემთხვევაში მგავსია. ანუ სამშენებლო ხელოვნები იყენებდნენ წარსულში არსებულ ორნამენტებს, ან აკეთებდნენ იმას, რაც იცოდნენ იმ მომენტისთვის.


ისე როგორც თურქეთში, ასევე აჭარაში არსებულ მეჩეთებზე ჩვენ გვხვდებ,ა მაგალითად, ჯვრების სხვადასხვა გამოხატულება და ფორმები. ეს რელიგიური ნიშანი კი არ არის, არამედ წარსულშიც ცნობილი ძალიან კარგი საშუალება და ხერხი გაფორმებისა. მათ შორის სივრცის გაყოფისა. მაჭახლის მეჩეთში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ჯვარს. სინამდვილეში ეს არის გაფორმების ფორმა. იგივე ეხება ვენახსაც და ყურძენსაც, ის აქტიურად გადმოდიოდა, როგორც გაფორმების მცენარეული მოტივი. ნაცნობი იყო. აქ ვერ იქნებოდა გამოყენებული უცნობი მცენარეები. ხდებოდა ელემენტების ადაპტაცია და გამოყენება. ვენახის გამოყენება იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ვენახი ფართოდ გამოიყენებოდა – ყველა იცნობდა ვენახს და ვენახთან დაკავშირებული ორნამენტიც პოპულარული იყო. ოსტატი ხშირ შემთხვევაში აკეთებდა იმას, რაც იცოდა.


აჭარაში არის არა ერთი მეჩეთი, სადაც გვხვდება მაგენ დავიდი (დავითის ვარსკვლავი). ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ადგილობრივებში იუდაიზმის გავრცელებაზე. ეს არის ის ტრადიციები, რასაც ოსტატები ხედავდნენ. მაგენ დავიდი ზოგადად რელიგიური სიმბოლოა, ისე როგორც ჯვარი და ნახევარმთვარე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გაზეთი ბათუმელები, მანანა ქველიაშვილი