ხელოვნება

“ოქროს ქალაქი” 2015 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა

12 ივნისი, 2015 • • 2026
“ოქროს ქალაქი” 2015 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ მოთხრობამ გაიმარჯვა. მოთხრობა არის კაზრეთის თემაზე და იქ შექმნილ ვითარებაზე. მე ამ ფორმით შევეცადე, რომ სოლიდარობა გამომეცხადებინა ყველა იმ მუშისთვის, რომელიც დღეს კაზრეთში ოქროს მოსაპოვებლად მუშაობს,”- განაცხადა ცოტნე ცხვედიანმა პრიზის მიღების შემდეგ.

 

საუკუთესო თხუთმეტი მოთხრობა
საუკუთესო თხუთმეტი მოთხრობა

 

საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ საღამოზე ლიტერატურულმა პრემიამ 15 წლის იუბილე აღნიშნა და პირველი სამი ადგილის მფლობელი მწერალი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. მესამე ადგილი მიშა ბახსოლიანს ერგო მოთხრობისათვის “სასაუზმე ბუდაპეშტი”, ხოლო მეორე ადგილი ივა ფეზუაშვილმა დაიკავა მოთხრობით “ცა”.

 

საკუთარი ფავორიტები გამოავლინეს პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმაც. ჟურნალ “National Geographic”-ის ყველა ნომერი გადაეცა ლია ლიქოკელს. “ისი-პარისა” და სილამაზის სალონ “ნატალის” პრიზები მიიღეს ქალმა მწერლებმა. Altervision ჯგუფმა კი Tbilisi Open Air-ის აბონიმენტები აჩუქა საკუთარ რჩეულებს. 

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ წლევანდელი გამოცემა ქალი მწერლების სიმრავლით გამოირჩევა. კრებულში შევიდა ნინო თარხნიშვილის, ანა კორძაია-სამდაშვილის, ლია ლიქოკელის, თეა თოფურიასა და კიდევ რამდენიმე ქალი ავტორის მოთხრობა.

 

ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო მოთხრობა, მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი
ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო მოთხრობა, მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი

თხუთმეტ საუკეთესოში უკვე მეთხუთმეტედ მოხვდა ბესო ხვედელიძის მოთხრობა. მწერალი დადებითად აფასებს წლევანდელ გამარჯვებულს.

 

“როდესაც მოთხრობა წავიკითხე, მეგონა, რომ გამოცდილი მწერლის ნაწერი იყო. დღეს ეს ადამიანი პირველად ვნახე და გამიკვირდა, რომ სრულიად ახალგაზრდა და დამწყები მწერალი აღმოჩნნდა,”- ამბობს ბესო ხვედელიძე.

 

თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობა წელს უკვე მეთხუთმეტედ გამოიცა. საღამოს ორგანიზატორთა თქმით, თუ ადრე მოთხრობების შეგროვება ძნელი იყო, ახლა კონკურენცია გაიზარდა და ბევრ საინტერესო ავტორს შორის უხდებათ არჩევანის გაკეთება.

 

“იყო წლები, როდესაც მოთხრობები უბრალოდ ვერ შეგროვდა და ორი წლის მასალა ერთ წიგნად გამოვეცით. თუმცა იზრდება კონკურსანტთა რაოდენობა. მათში არიან როგორც დამწყები მწერლები, ისე უკვე გამოცდილი ავტორები. 10 წლის წინანდელ წიგნში გადააწყდებით იმ დროისათვის არც ისე ნაცნობ მწერლებს, რომელთა სახელებიც დღეს ყველამ ვიცით,”- ამბობს ნინო ნადიბაიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელი.

მოთხრობების შერჩევის პროცესში მონაწილეობენ ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში, კრებულებსა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ მოთხრობები.

 

ლიტერატურული პრემიის პირველი ადგილის მფლობელი ცოტნე ცხვედიანი
ლიტერატურული პრემიის პირველი ადგილის მფლობელი ცოტნე ცხვედიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი