ხელოვნება

დღეიდან, 25 მაისს ქართული ფოტოგრაფიის დღე აღინიშნება

25 მაისი, 2015 • • 3091
დღეიდან, 25 მაისს ქართული ფოტოგრაფიის დღე აღინიშნება

გამოფენაზე გამოტანილია სიმბოლური მანიფესტი 25 მაისის ქართული ფოტოგრაფიის დღედ გამოცხადების მოთხოვნით, რომელზეც ხელის მოწერა ყველა მსურველს შეუძლია. 

 

გამოფენის იდეის ავტორის, ხელოვნებათმცოდნე ნათია წულუკიძის თქმით, 118 წლის წინ, 1897 წლის 25 მაისს, თბილისში კავკასიაში პირველი ფოტოგამოფენა დაიხურა, სადაც საუკეთესო ფოტოგრაფები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

”1897 წელს ჩატარებული გამოფენის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ 25 მაისს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ 25 მაისი შეგვერჩია ქართული ფოტოგრაფიის დღედ. ზოგადად, წერილობით მწირი ინფორმაცია არსებობს ქართული ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ, მაშინ, როდესაც მან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ფოტოხელოვნების განვითარების პროცესში. საჭიროა, რომ გამოვასწოროთ ეს დანაშაული და საკადრისად დავაფასოდ ქართველი ფოტოგრაფები,”- ამბობს ნათია წულუკიძე.

 

გამოფენაზე, რომელიც აქციის სახეს ატარებს, 40 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარია გამოტანილი. მონაწილე ფოტოგრაფების თქმით, გამოფენა მათი შემოქმედების პოპულარზაციას ისახავს მიზნად.

 

”გამოფენისათვის სპეციალურად არაფერი გადაგვიღია; ყველამ თითო ფოტო შევარჩიეთ ჩვენი ფოტოებიდან და გამოვიტანეთ. ნებისმიერი სახის აქტივობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფოტოგრაფიისათვის. რომ გვეცოდინება, ეს დღე არსებობს, ყველა ყოველ წელს შევემზადებით, შევეცდებით ამ დღისათვის განვლილი წლის საუკეთესო ფოტო შევარჩიოთ და ღირსეულად წარვდგეთ. ქართველ ფოტოგრაფებს სჭირდებათ წახალისება. შეგვიძლია ყოველწლიურად გავზარდოთ გამოფენის მასშტაბები – მოვიწვიოთ მეგობარი სომეხი, ლიტველი და სხვა ფოტოგრაფები,” – ამბობს ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი.

 

გამოფენაზე შეკრებილი ფოტოგრაფები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ყურადღება მხოლოდ წაახალისებს ქართველ ხელოვანებს.

 

”ეს დღე ფოტოგრაფებისათვის შანსი იქნება, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას თავი. მნიშვნელოვანია, რომ ვიგრძნოთ დაფასება,” – ამბობს ფოტოგრაფი ვახო ხეთაგური.

 

ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი კი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დღე მხოლოდ ხელს შეუწყობს ქართული ფოტოგრაფიის განვითარებას.

 

”ბევრი მოყვარულია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სურვილი აქვს, რომ პროფესიონალურად მოკიდოს ხელი ამ საქმეს. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ქართველი ფოტოგრაფები ნამდვილად ვიმსახურებთ საკუთარ დღეს,” – ამბობს ნათელა გრიგალაშვილი.

 

გამოფენის მასპინძელ გალერეას ორგანიზატორებმა სიმბოლური ჯილდო გადასცეს და სტუმრებს უძველესი ფოტოაპარატების მოდელებით გადაღების სხვადასხვა ტექნიკის გამოცდის საშუალება მისცეს. გამოფენა ”კონტეინერში” ერთი თვე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი