ხელოვნება

დაარღვია თუ არა დიზაინერმა ფიროსმანის ნახატების გამოყენებით საავტორო უფლებები

17 აპრილი, 2015 • • 4165
დაარღვია თუ არა დიზაინერმა ფიროსმანის ნახატების გამოყენებით საავტორო უფლებები

დიზაინერმა ალექსანდრე არუთინოვმა თავის ახალ კოლექციაში ტანსაცმელისა და აქსესუარების გაფორმებისთვის ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატები გამოიყენა. საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით,  ჰქონდა თუ არა დიზაინერს ფიროსმანის ნახატების გამოყენების უფლება.

 

ალექსანდრე არუთინოვიმა “რუსთავი-2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი არ მალავს, რომ ეს ნახატები ფიროსმანის შემოქმედებაა და მის ინსტაგრამის ანგარიშზე ატვირთულ ფოტოებზე ფიროსმანიც აქვს მითითებული ჰაშტაგის საშუალებით.

 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის პრეზიდენტ გიგა კობალაძეს არუთინოვის ეს ქმედება საკმარისად არ მაჩნია. მისი თქმით, არუთინოვს ტანსაცმელზე უნდა მიეთითებინა ფიროსმანის სახელიც.

 

კობალაძის თქმით, დიზაინერმა საკუთრების შესახებ კანონი დაარღვია, რომელიც არაქონებრივ საავტორო უფლებას ეხება. არაქონებრივ საავტორო უფლებას არასოდეს გასდის ვადა – ის სამუდამოდ ავტორს ეკუთვნის.

“ავტორი აღიარებული უნდა იყოს ყოველთვის ავტორად. ამ შემთხვევაში მას უნდა მიეთითებინა, რომ ნახატი ეკუთვნის ფიროსმანს”, – განაცხადა გიგა კობალაძემ.

 

კობალაძის თქმით, რადგან ფიროსმანს მემკვიდრე არ ჰყავდა და მისი შემოქმედება არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მის უფლებებს იცავს სახელმწიფო – სწორედ მას შეუძლია მოითხოვოს მხატვრის სახელის მითითება დიზაინერის ნაწარმზე.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონიდან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სურათის გამოსახულების გამოყნებაზე შეზღუდვა არაა დაწესებული.

სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის თეა ონიანის თქმით, ნახატებს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე კონკრეტულ ობიექტებს, იცავს კანონი და ასევე აწესებს რეგულაციებს სურათის რეპროდუქციის, ასლის შექმნის საკითხზე.

 

“რაც შეეხება რეპლიკების გამოყენებას, მაგალითად, ფიროსმანის ნახატის, რომელიც მუზეუმების შესახებ კანონით განისაზღვრება, რომ მუზეუმებში დაცული ასლის რეპლიკების დამზადება უნდა მოხდეს მხოლოდ მუზეუმის თანხმობით (ასლიც თავისებურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს). მაგრამ გამოსახულების გამოყენებაზე არავითარი საკანონმდებლო ნორმა, ამის ამკრძალავი არანაირი ნორმა არ არსებობს”, – ამბობს იურისტი.

 

თეა ონიანის თქმით, უამრავ სუვენირზე, რომელიც სერიული სახით გამოიცემა – თეფშებზე, ჭიქებზე, მაისურებზე- ფიროსმანის, სხვადასხვა ისტორიული ძეგლის სიუჟეტებია გამოყენებული, თუმცა ამაზე თანხმობის გაცემის ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი არ არის.

 

“ნახატი რომ გამოფენაზე გაეტანა ვინმეს, მაშინ იმ მუზეუმის თანხმობა იქნებოდა საჭირო, რომელშიც ეს ნახატი იქნება დაცული. მაგრამ აქ არის ასლის დამზადებაზე საუბრი და მოცემულ შემთხვევაში [ალექსანდრე არუთინოვის შემთხვევაში] ამას ასლად ვერ განვიხილავთ”, – ამბობს თეა ონიანი.

 

იურისტი ლიკა საჯაია მიიჩევს, რომ დიზაინერს კანონი არ დაურღვევია, რადგან მას არც ფიროსმანის სახელი მიუთითებია და არც საკუთარი.

 

“სახელის მითვისებას ვერ ვიტყვით რომ ადგილი აქვს, რადგან არც თავისი სახელი არ მიუთითებია. აქ რჩება კითხვის ნიშანი უნდა გაეკეთებინა თუ არა აღნიშვნა სახელის. მე არ მგონია, რომ ეს არის საავტორო უფლების დარღვევა. ამ შემთხვევაში, ეს კულტურული მემკვიდროების ძეგლია და ყველამ იცის ეს ნახატები. ვერ ვხედავ, რომ აქ აუცილებელი ყოფილიყო აღნიშვნა, რომ გამოვიყენოთ მიქელანჯელოს ნახატები აუცილებელია, რომ აღვნიშნოთ რო მიქელანჯელოა? “მონა ლიზას” აუცილებელია, რომ ლეონარდო და ვინჩის სახელი მივუთითოთ?”, – ამბობს იურისტი.

 

ალექსანდრე არუთინოვის შექმნილი ჩანთა ფიროსმანის ნახატით. ფოტო: fashionblog.am
ალექსანდრე არუთინოვის შექმნილი ჩანთა ფიროსმანის ნახატით. ფოტო: fashionblog.am

მასალების გადაბეჭდვის წესი