ხელოვნება

საქართველოში ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ინსტიტუტის შექმნას ითხოვენ

16 აპრილი, 2015 • 2238
საქართველოში ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ინსტიტუტის შექმნას ითხოვენ

ლევან რამიშვილის აზრით, ინსტიტუტის დაარსებით მსოფლიო “ვეფხისტყაოსანს” გაიცნობს. „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობაზე და მისი პოპულარიზაციის საჭიროებაზე საუბრისას რამიშვილმა განაცხადა, რომ გოეთეს, სერვანტესისა და სხვა დიდი მწერლების მსგავსად, აუცილებელია საქართველომ „ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტი შექმნას.

რამიშვილის თქმით, ინსტიტუტის მიზანი ვეფხისტყაოსნის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია იქნება, რომელიც იმუშავებს ვეფხისტყაოსნის თარგმანზე, მრავალენოვანი საიტის შექმნაზე, სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემას მიეწოდება პუბლიკაციები “ვეფხისტყაოსნის” შესახებ, გაიმართება კონფერენციები და გადაიღებენ ფილნებს პოემის შესახებ.

„ვეფხისტყაოსანი“ რომ ყველასთვის გასაგები იყოს, აუცილებელია მისი სიტყვა- სიტყვითი თარგმანი მოხდეს და არა მხატვრული. აუცილებელია „ვეფხისტყაოსნის“ ვებგვერდი გაკეთდეს, რომელიც რამდენიმე ენაზე იქნება. აუცილებელია რუსთაველისადმი მიძღვნილი კონფერენციები ჩატარდეს, ნაწარმოების მიხედვით გადაღებული იყოს დოკუმენტური ფილმები. აუცილებელია სახელმწიფომ ამ ინსტიტუტის დაარსებაზე იფიქროს, ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმეა, თუმცა ამას წელიწადში რამდენიმე მილიონდოლარიანი ბიუჯეტი დასჭირდება. ეს იდეა კულტურის სამინისტრომ უკვე განიხილა“, – განაცხადა ლევან რამიშვილმა.

ლევან რამიშვილთან ერთად ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ინსტიტუტის შექმნას მწერალი ბესო ხვედელიძე და პოეტი გაგა ნახუცრიშვილიც მხარს უჭერენ. მათი აზრით, ინსტიტუტი სახელმწიფომ უნდა შექმნას.

„ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტის შექმნის იდეის ოფიციალური პრეზენტაცია 19 აპრილს, 15:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი