კინოხელოვნება

ფილმსაცავი და საინფორმაციო ბაზა ქართული კინოსთვის

5 მარტი, 2015 • • 1507
ფილმსაცავი და საინფორმაციო ბაზა ქართული კინოსთვის

“ჩვენ ძალიან კონკრეტულ მუშაობას ვიწყებთ ფილმსაცავის კონცეფციის შემუშავებაზე და, შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯი არის ფილმსაცავის აშენება”, – ამბობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

მინისტრის თქმით, ფილმსაცავი არა მხოლოდ იმ ფილმებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობს და რომელთა დაბრუნება იგეგმება, არამედ იმ ფილმებისთვისაც, რომლებიც დღეს ინახება საქართველოს საცავებში.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ფილმსაცავის აშენება კომპლექსური პროექტია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ფილმების მაყურებლისთვის დაბრუნება:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფილმი თუ გიდევს და არავინ გამოიყენებს, აზრი არ აქვს, აუცილებლად მაყურებელს უნდა დაუბრუნდეს”, – ამბობს ნანა ჯანელიძე.

ფილმსაცავის შემდეგ ვებგვერდი შეიქმნება, სადაც ფილმების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. ნანა ჯანელიძის თქმით, მარტო სტუდია “მემატიანეში” 1200 ფილმია დაცული, რომელთა დიდი ნაწილის ავტორები უცნობია და გამოკვლევას საჭიროებს.

“ეს არის უმდიდრესი მასალა. ეს არის 1920-იანი წლებიდან დაწყებული დოკუმენტური მასალა. როგორ ვითარდება ქვეყანა, მათ შორის არის საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმები, რომლებიც უკვე არის რარიტეტი და ძალიან საინტერესოა. მათ აქვთ ძალიან დიდი, როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული ფასი. ეს მასალა მსოფლიოსთვის არის საინტერესო, კაცობრიობის მონაპოვარია. ამას ვმალავთ სარდაფებში და ეს უნდა გამოვიდეს გარეთ”, – ამბობს ჯანელიძე.

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე საქართველოს კულტურის სამინისტროში. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი 05.03.2015
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე საქართველოს კულტურის სამინისტროში. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი 05.03.2015

თუ სად აშენდება ფილმსაცავი, ასევე, სხვა დეტალების შესახებ ნანა ჯანელიძეს პასუხი მას შემდეგ ექნება, რაც ბეატრის დე პასტრი, საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი, დაწერს ანგარიშს კინოსაცავებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ბეატრის დე პასტრი, რომელიც საფრანგეთში 100 ათას ფილმიან კოლექციას მართავს, საქართველოს კინოცენტრის კონსულტანტი იქნება. იგი ამბობს, რომ საფრანგეთმა  ფილმსაცავის შექმნა 40 წლის წინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

ბეატრის დე პასტრმა “ნეტგაზეთს” უამბო, რომ ფილმსაცავის შექმნა რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. პირველ ეტაპზე ყველა კინოსაცავიდან აღწერილი მასალა ისეთ კინოსაცავში უნდა დააბინაონ, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა კინოელემენტის თავმოყრა და სათანადო პირობებში შენახვა.

მეორე ეტაპზე ხდება ფილმების დათვალიერება, შინაარსების აღწერა, დამუშავება და აღდგენა, რის შემდეგაც საჭირო იქნება ციფრულ მატარებელზე გადატანა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მაყურებლისთვის მისი მიწოდება, განმარტავს პასტრი.

ბეატრის დე პასტრი ხაზს უსვამს იმას, რომ ფილმსაცავის შექმნის პროცესში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საავტორო უფლებების დაცვას, მით უმეტეს, რომ საქართველოში ფილმების ნაწილის ავტორების ვინაობასა და დადგენას მნიშვნელოვანი კვლევა დასჭირდება.

პასტრის თქმით, საფრანგეთში კინოცენტრი ეძებს ფილმის ავტორებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფილმის ავტორი დაუდგენელი რჩება, მათ საგანმანათლებლო, არაკომერციული და კულტურული ღონისძიებების დროს აჩვენებენ.

თუმცა ხშირად მსხვილი საპროდიუსერო კომპანიები, მაგალითად, “გომონი და პატე”, თავად იღებენ პასუხისმგებლობას მათი ფილმების აღდგენასა და შენახვაზე, ამბობს პასტრი.

“საქართველოში არის ბევრი ნაშრომი, რომელსაც სახელმწიფო ინახავს, აუცილებელია მათი უფლებების დადგენა იმისთვის, რომ უფლებების დაცვით მოხდეს ხალხისთვის მიწოდება”, – ამბობს პასტრი.

 

საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი ბეატრის დე პასტრი საქართველოს კულტურის სამინისტროში. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი 05.03.2015
საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი ბეატრის დე პასტრი საქართველოს კულტურის სამინისტროში. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი 05.03.2015

ბეატრის დე პასტრის თქმით, კინოხელოვნება არის ეროვნული კულტურის ნაწილი, ამიტომ, თუ კერძო მფლობელები არ ზრუნავენ მათზე, მაშინ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს იმისთვის, რომ არ გაქრეს კულტურის ეს ნაწილი.

ბეატრის დე პასტრი ამბობს, რომ საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრს საქართველოს ფილმსაცავის შექმნაში მრჩევლის როლი ექნება და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრს მათი სურვილებიდან გამომდინარე შესთავაზებს სხვადასხვა პროექტს.

“შემდეგ ეტაპზე მათი საქმე იქნება კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა და მათი განხორციელება”, – ამბობს ბეატრის დე პასტრი. 

ქართული ფილმები
ქართული ფილმები

მასალების გადაბეჭდვის წესი