ხელოვნება

თოჯინების თეატრისა და სხვა კულტურული დაწესებულებების შენობების რეაბილიტაცია იწყება

6 თებერვალი, 2015 • • 1853
თოჯინების თეატრისა და სხვა კულტურული დაწესებულებების შენობების რეაბილიტაცია იწყება

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე თბილისის თოჯინების თეატრის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის, ეროვნული მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრის, თბილისის სომხური, აზერბაიჯანული და მესხეთის თეატრებისა და სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

 

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ რეაბილიტაცია რამდენად ეტაპს გულიხმობს. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა შენობებში არსებული მდგომარეობის შეფასება, მეორე ეტაპზე შენობების რეაბილიტაციის პროექტები მომზადდება, ხოლო მესამე ეტაპზე, რომელიც, მინისტრის თქმით, მომავალ წელს დაიწყება, რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

 

“ზოგ შემთხვევაში შენობაც კი არ შეიძლება დავარქვათ იმ მდგომარეობას, რაც დღევანდელობისთვის არსებობს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მინისტრის თქმით, თანხა აკუმულირებულია სამინისტროს ბიუჯეტში და დიდი იმედი აქვს, რომ სამი თვის შემდეგ პირველადი სამუშაოების შედეგი ექნება, რომლებიც განსაზღვრავს შენობებისა და საძირკვლის მდგრადობას.

 

კულტურის სამინისტროს მიერ აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კულტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებით დაკომპლეტდა უწყებათაშორისი საბჭო, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული შენობების ნუსხა.

 

მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ შენობების რეაბილიტაციის პროცესი სამ წელიწადზეა გათვლილი. მინისტრის თქმით, ავარიულ მგომარეობაში არის კიდევ სხვა შენობები, რომლებიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და რეაბილიტაცია სხვა შენობებსაც შეეხებათ, თუმცა პირველ ეტაპზე ის შენობები შეარჩიეს, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა.

 

მინისტრის თქმით, კომისიის სხდომაზე გაწერეს სამოქმედო გეგმა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის თოჯინების თეატრს შენობა, რომელიც მერიის ბალანსზეა, რამდენიმე კვირაში თოჯინების თეატრს გადაეცემა, რის შემდეგაც დაიწყება თეატრის შენობის რეაბილიტაცია.

 

თეიმურაზ ბადრიაშვილი, თბილისის თოჯინების თეატრის დირექტორი ამბობს, რომ თოჯინების თეატრს არათუ ავარიული, არამედ საერთოდ არ გააჩნია შენობა. თეატრმა არაერთხელ გამოთქვა პროტესტი და მოითხოვა მისთვის შენობის გადაცემა.

 

“რეალურად, შენობიდან გასული მარტო ჩვენ ვართ”, – განაცხადა თეიმურაზ ბადრიაშვილმა.

 

დირექტორი ამბობს, რომ თეატრისთვის შენობის გადმოცემა უკვე დაწყებულია. შენობის გარდა თეატრს სჭირდება აღჭურვა, ტექნიკა, რადგან რაც მას გააჩნია, მოძვეელებულია. ეს მეორე ეტაპი იქნება, რაზეც თბილისის თოჯინების თეატრმა უნდა იზრუნოს.

 

თეატრისა და კინოს უნივერისტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. რექტორის თქმით, უნივერსიტეტში 50 წელია, რაც არ ჩატარებულა ერთიანი რეაბილიტაცია. მისი თქმით, რემონტი ხდებოდა ქაოსურად.

 

მარგველაშვილის თქმით, გასაახლებელია ყველა სახის კომუნიკაციები, შიდა დაგეგმარება მოსაწყობია, სასწავლო სცენას სჭირდება რეაბილიტაცია.

 

მისი თქმით, 3 წლის წინ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფასადი კეთილმოეწყო, მაგრამ შიგნით არაფერი განახლებულა.

 

მინისტრის დაპირებით, რეაბილიტაცია შეეხება თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველ კორპუსს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. შენობის რეაბილიტაციის მიზნით, “სამხატვრო აკადემიის დაცვისა და აღორძინების ფონდი” შეიქმნა. აკადემიის მაშინდელი რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ კლდიაშვილმა “ნეტგაზეთს” 2014 წლის 17 აპრილს განუცხადა, რომ ავარიულობის გამო შენობაში სასწავლო პროცესი შეზღუდულია.

სამხატვრო აკადემიის შენობა გრიბოედოვის ქუჩიდან
სამხატვრო აკადემიის შენობა გრიბოედოვის ქუჩიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი