ხელოვნება

ვენეციის ხელოვნების ბიენალესთვის პროექტის შესარჩევად კონკურსი ხვალიდან დაიწყება

8 დეკემბერი, 2014 • • 1216
ვენეციის ხელოვნების ბიენალესთვის პროექტის შესარჩევად კონკურსი ხვალიდან დაიწყება

კონკურსი, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება, შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც საქართველოს ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარადგენს. შესარჩევი კონკურსის პირობებისა და კომისიის წევრების ვინაობა, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, ხვალ გაცხადდება.


შესაძლებელია ვიფიქროთ სარეზერვო პროექტის შერჩევაზე, რომელიც საქართველოს იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ გამარჯვებული პროექტი რაიმე მიზეზის გამო ვერ წარდგება ბიენალეზე, განაცხადა მიხეილ გიორგაძემ კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი რანგისა და მნიშვნელობის საერთაშორისო ფორუმებზე მონაწილოება ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს”, – მიაჩნია კულტურის მინისტრს.


კულტურის სამინისტრომ საქართველოს პავილიონის მოსაწყობად არსენალეს ტერიტორიაზე ადგილი შეარჩია. მინისტრის თქმით, ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით, თუმცა საქართველოს სურს, რომ კონტრაქტი მომავალ წლებშიც გაგრძელდეს.

 

ვენეციის 56-ე  ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება. ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.

საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.

ვენეციის ბიენალეს ლოგო
ვენეციის ბიენალეს ლოგო

მასალების გადაბეჭდვის წესი