ხელოვნება

მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

16 ოქტომბერი, 2014 • • 3311
მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუცოში ამ დროისთვის დამონტაჟებულია 70-მეტრიანი ბაგირი, რომელიც ურთულეს სარეაბილიტაციო ობიექტზე – სალ კლდეზე დაფუძნებული განაშენიანების ყველაზე მაღალ წერტილში უზრუნველყოფს სამშენებლო მასალის აზიდვას. 

პროექტს ახორციელებს კომპანია „არქიტექსის“ არქიტექტორ-რესტავრატორი შალვა მელიქიძე და მისი სამუშაო ჯგუფი, 2008 წელს სახელმწიფო დაკვეთით მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით (ავტ. არქიტექტორ-რესტავრატორი სოსო ბანძელაძე). 

 

პროექტში მონაწილე მთავარი მშენებლები ხევსურები -დაიაურებისა და შეთიკაურების თემის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საკუთარი ხელით ამაგრებენ მათი წინაპრების მიერ აშენებულ კომპლექსს. 

სამინისტროს ცნობით, მუცოს გადარჩენის პარალელურად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეიქმნას და ამოქმედდეს მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ქვეყნის განახლებული მუზეუმ-ნაკრძალების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ სისტემაში გაერთიანდება. 

 

კულტურის სამინისტრო გეგმავს, რომ მუცოს მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია ხევსურეთის სიძველეების პოპულარიზაციასა და რეგიონის ძეგლთა ინვენტარიზაციისა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.

 

მუცო; ფოტო: ვიკიპედია
მუცო; ფოტო: ვიკიპედია

მუცოს აღდგენისა და კონსერვაციის პროექტი 2015 წლის გაზაფხულზე გაგრძელდება. მუცოს გადარჩენის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობის მონიტორინგით ახორციელებს.

 

მუცოს რეაბილიტაციას- ძეგლის მდებარეობის, სტრუქტურისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით- მაღალმთიანი რეგიონის ერთ-ერთ რთულ, მასშტაბური და გრძელვადიან პროექტად აფასებს კულტურის სამინისტრო.  

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მუცოს 5-წლიანი სარეაბილიტაციო პროექტი 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა” პეტიცია მუცოს გადასარჩენად ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში შექმნა.

 

მუცოს ციხე-ქალაქი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში, არდოტის წლის ხეობაში მდებარეობს. დასახლებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შუა საუკუნეების 40-მდე საყოფაცხოვრებო, გამაგრებული შენობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი