თბილისის ჯაზ-ფესტივალი პეტ მეთინისა და სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა [ფოტო]

თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალი დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დასრულდა.

20 გრემის ჯილდოს მფლობელი პეტ მეთინი 2 მარტს მსმენელის წინაშე უნიკალური პროექტის (Missouri Skies and More) ფარგლებში წარდგა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

დიდ საკონცერტო დარბაზში, ისევე როგორც ივენთ ჰოლში, პეტ მეთინის გამოსვლას მსმენელი ოვაციებით შეხვდა. დარბაზში ერთი ადგილიც არ დარჩენილა ცარიელი. პეტ მეთე,ინის გამოჩენამდე პუბლიკა განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა ვახტანგ კახიძესაც.

კონცერტს საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც ესწრებოდნენ; მეორე კომპოზიციის შესრულებისას დარბაზის შუა ნაწილში ადგილი ბერა ივანიშვილმა დაიკავა, რომელიც ცოლთან და დაცვის თანამშრომლებთან ერთად დაგვიანებით მოვიდა დიდ საკონცერტო დარბაზში.

კონცერტის დაწყებამდე პეტ მეთინი და სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძესთან ერთად ფესტივალის მასპინძელმა, კახა თოლორდავამ წარუდგინა მსმენელს. ისევე როგორც მეორე დღეს, დასკვნითი კონცერტის დაწყებამდე, თოლორდავამ მოუწოდა პუბლიკას, რომ ლეგენდარული მუსიკოსის დაჟინებული თხოვნით, არ გადაეღოთ ფოტოები და ვიდეოები.

ივენთ ჰოლშიც და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშიც კონცერტის მიმდინარეობისას ლაზერით მიანიშნებდნენ იმ პირებზე, ვინც მობილურით ან ფოტოაპარატით ცდილობდა გადაღებას. სავარაუდოდ, მუსიკოსმა ეს მოთხოვნა ისთერ პრომოუშენთან ხელშეკრულების გაფორმების დროსაც დააყენა. შესაბამისად, მედიითა რ გავრცელებულა ლეგენდარული მუსიკოსის ინტერვიუ ან რომელიმე კომპოზიციის სრული ჩანაწერი.

ისთერნ პრომოუშენის დირექტორი, გიორგი კერესელიძე  აცხადებს, რომ ლეგენდარული მუსიკოსის ჩამოყვანას საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, რაც ამჯერად წარმატებით გამოუვიდათ.

ვერასდროს ჩავჯექით იმ სამუშაო რეჟიმში, რომ მისი ტურნე და ჩვენი ფესტივალები ერთმანეთს დამთხვეოდა. მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუმცა ვინც იცდის, ის ყოველთვის მოგებული რჩება. სამაგიეროდ, ასეთი არაჩვეულებრივი პროექტის მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა”, – განაცხადა გიორგი კერესელიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნა. კონცერტზე ძველი თაობა შეხვდა ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა მსმენელს ჯაზური კომპოზიციები შესთავაზეს.

ჯაზ-ფესტივალი პირველ მარტს ივენთ ჰოლში გაგრძელდა, სადაც პეტ მეთინის ტრიო გამოვიდა მსმენელის წინაშე. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.

  • თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორი იყო სოკარი.
  • ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

გიორგი ნაკაშიძის ფოტოები დასკვნითი საღამოდან:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.