ხელოვნება

რას დაარეგულირებს საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული მემორანდუმი

17 ივლისი, 2014 • • 1418
რას დაარეგულირებს საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული მემორანდუმი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, რომ სახელწმიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება ისედაც გულისხმობს მხარეებს შორის თანამშრომლობას, თუმცა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უფრო მეტად დაზუსტდება თანამშრომლობის დეტალები.

 

ანთიძის განცხადებით, მემორანდუმის დადების შემდეგ შეიქმნება საბჭო, რომელიც ეკლესიისა და სახლმწიფოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება:

 

“კონსტიტუციური შეთანხმება ზოგადად განსაზღვრავდა საკუთრების საკითხებს და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებებს. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას, ერთობლივი საბჭოს ჩამოყალიბებას, ერთობლივად ზრუნვას კულტურულ მემკვიდრეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამუშაოების დაგეგმვის პროცესში, მონიტორინგის პროცესში.”

 

სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ანთიძე ამბობს, რომ ამ დღეს ელოდნენ 2002 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება დაიდო. ანთიძის თქმით, თანაშრომლობის დეტალები მოგვიანებით კიდევ უფრო დაკონკრეტდება. 

 

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ აქამდე სახელმწიფოს არ გააჩნდა მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ეკლესიის მფლობელობაში არსებულ კულტურული მემკვიდროების ძეგლებს უკეთესად დაიცავს.

 

ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავით მახარაძემ განაცხადა, რომ მემორანდუმი თანამშრომლობას ხელს შეუწყობს, რადგან წინა წლებში ხელის შეშლა მოდიოდა არასაკმარისი კომუნიკაციის გამო. 

 

“მნიშვნელობა მემორანდუმისა არის დიდი, რადგანაც წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს რესტავრაციისა და ხელოვნების ცენტრთან ერთად საბჭოს ჩამოყალიბება. საბჭო დაგეგმავს ერთობლივად პროექტების შეჯერებას, შეთანხმებას, გზების, მიმართულებეის დასახვას, ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, რომ ერთმანეთის კოორდინაციის გარშე არც ერთმა მხარემ არ დაიწყოს სამუშაოები ძეგლებზე”. 

 

დოკუმენტს საპატრიარქოში ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ.

ღონისძიებას დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი. მემორანდუმი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ფორმდება, რომელიც 2013 წლის 11 ივნისიდან კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება.

 

ფედერიკა ფავიმ აღნიშნა, რომ იტალიურმა მხარემ თავისი გამოცდილება გაუზიარა საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის საკითხის დარეგულირებაში. 

 

“მემორანდუმი ეფუძნება იტალიურ გამოცდილებას. კერძოდ დოკუმენტს, რომელიც გაფორმებული იყო 1956 წელს, რომელიც გულისხმობდა კათოლიკურ ეკლესიისა და იტალიის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი