სამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალი “ოქროს გარგარი” იმართება

13 ივლისი, 2014 • • 1586
ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალი “ოქროს გარგარი” იმართება

ფესტივალს გახსნის რეჟისორის აღდგენილი ფილმი “ბროწეულის ფერი”, რომელშიც მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, შედგება ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა.

 

მთლიანობაში, ფესტივალის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება 70 ფილმი, რომლებიც 95 ქვეყნიდან წარდგენილი 1500 ფილმიდან შეირჩა.

წელს საკონკურსო კინოფილმები ოთხ ნომინაციაში იქნება წარმოდგენილი – მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, სომხური პანორამა და გარგარის კურკა. თუმცა პროგრამა კიდევ უფრო ფართოა – ეს არის “რეტროსპექტივა”, “რეჟისორები საზღვრებს გარეშე”, კინოს ოსტატების მასტერ-კლასები და სხვა – ყველაფერი ის, რაც ივლისის დღეებს ერევანში ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.

მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი მონაწილეობს. ამ ფილმების რეჟისორები არიან როგორც დამწყები, ისე საკმაოდ ცნობილი კინორეჟისორები. საკონკურსო ფილმებს შორისაა “ოსკარზე” ორჯერ ნომინირებული ამერიკელი რეჟისორის რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი “ბავშვობა” (Boyhood). მხატვრული ღირებულებების გარდა, ეს ფილმი იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი გადაღება 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საკონკურსო პროგრამის ფავორიტებს შორისაა ახალგაზრდა რეჟისორის მიროსლავ სლაბოშპიცკის ფილმი “ტომი” (The Tribe). ეს არის მუნჯი კინო, რომელიც მოგვითხრობს ყრუ-მუნჯების ცხოვრებაზე.

ჟიურის თავმჯდომარეა მარკო მიულერი – იტალიელი კინოკრიტიკოსი და პროდიუსერი, რომელსაც თითქმის ყველა ცნობილ კიფოფესტივალზე უმუშავია.

დოკუმენტური კინოს ნომინაციაში წარმოდგენილი იქნება 12 ფილმი შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ჩილედან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან. კონკურსზე წარმოდგენილი ფილმებიდან ბევრი უკვე საკმაოდ ცნობილია, მაგალითად, შვეიცარიულ ფილმს “დაფა” (Blackboard) მიღებული აქვს პრემიები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.

“სომხურ პანორამაში” წელს 120 განაცხადი შევიდა, მაგრამ 18 ფილმი იქნება ნაჩვენები. ამ ნომინაციაში წარმოდგენილი იქნება 7 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 6 მოკლემეტრეჟიანი და 5 დოკუმენტური ფილმი. ამ ფილმების უმრავლესობა სომხური წარმოებისაა და ასევე, უმრავლესობა პირველად იქნება ნაჩვენები.

ერევნის კინოფესტივალის მთავარი სიმბოლოა გარგარი და გარგარის არაყი. მართლია, წელს უამინდობის გამო გარგარის მცირე მოსავალი მოვიდა, ვიდრე შარშან, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორები მზად არიან, ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ მონაწილეებმა და სტუმრებმა იგრძნონ, თუ რა გამოარჩევს არარატის ველზე მოყვანილ გარგარს. რაც მთავარია და რასაც ყოველთვის უსვამენ ხაზს სტუმრები, ერევნის კინოფესტივალზე სრულიად დემოკრატიული ატმოსფეროა – აქ არ არის არავითარი VIP ზონა  და კინოფორუმის ყველა მონაწილეს – ცნობილ კინომოღვაწეებს, დამწყებ რეჟისორებს, არტისტებსა და უბრალოდ კინოს მოყვარულებს ერთმანეთთან მშვიდად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე ურთიერთობა შეუძლიათ.

ფესტივალი დაიხურება ცნობილი ჟან-ლუკ გოდარის ფილმით “დამშვიდობება ენასთან” (GOODBYE TO LANGUAGE).

ფესტივალი მთავარი ადგილი - კინოთეატრი მოსკოვი ერევანში შარლ აზნაურის მოედანზე
ფესტივალი მთავარი ადგილი – კინოთეატრი მოსკოვი ერევანში შარლ აზნაურის მოედანზე

საერთაშორისო კინოფესტივალი “ოქროს გარგარი” ერევანში 2004 წლიდან ტარდება და რეგიონში ერთ-ერთ ყველა პრესტიჟულად ითვლება. სხვადასხვა დროს მისი სტუმრები და მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ცნობილი კინოოსტატები – ტონინო გუერა, ფანი არდანი, ვიმ ვენდერსი, კლაუდია კარდინალე, შარლ აზნაური, ატომ ეგოიანი, სტანისლავ გოვორუხინი და ბევრი სხვა. 2010 წელს “ოქროს გარგარმა” მიიღო კინოს, ტელევიზიისა და სპორტის საერთაშორისო კავშირის Ficts Plate D’honneu მთავარი პრემია.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი