ხელოვნება

ენთუზიაზმით გაცოცხლებული ლეგენდა – არგონავტების დაბრუნება საქართველოში

30 ივნისი, 2014 • • 5550
ენთუზიაზმით გაცოცხლებული ლეგენდა – არგონავტების დაბრუნება საქართველოში

ერთკვირიანი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ კვირეულის განმავლობაში იქნება შეხვედრები, სამეცნიერო და გაცნობითი ექსპედიციები საქართველოს მასშტაბით.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ინგლისელმა მეცნიერმა, მოგზაურმა და მწერალმა ტიმ სევერინმა შეკრებილ საზოგადოებას იმ მოგზაურობის შესახებ უამბო, რომელიც მიზნად არგონავტების მოგზაურობის შესაძლებლობის დამტკიცებას ისახავდა.

 

ტიმ სევერინმა თავის გუნდთან ერთად ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნის დროინდელი მეთოდით “არგოს” ფორმის გემი, რომლითაც ლეგენდის მიხედვით არგონავტებმა იმოგზაურეს, ააგო. “ახალი არგონავტების” მოგზაურობა 1984 წლის საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან დაიწყო და ფოთის გავლით მდინარე რიონამდე გაგრძელდა.

 

‘ახალი არგონავტები თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში მათ მიერ აგებული არგოს ნიჩაბით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა რისმაგ გორდეზიანმა გვითხრა, რომ ტიმ სევერინის ექსპედიციას, რომელმაც დაადასტურა, რომ საბერძნეთიდან განხორციელდა პირველი საერთაშორისო ექსპედიცია, რამაც ევროპა აღმოსავლეთს დააკავშირა, ჰქონდა ისტორიული და საქართველოს პოპულარიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა:

 

“ეს იყო ფაქტობრივად ექსპერიმენტი, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო იმ პრინციპებით აგებული ხომალდით, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა მიკენურ ეპოქაში, შეიძლებოდა თუ არა ეგეოსის ზღვიდან შავ ზღვაში შემოსვლა. ეს იყო ერთადერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ისტორიულ შესაძლებლობას არგონავტების ლაშქრობისას”.

 

“ახალმა არგონავტებმა” მოგზაურობა საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან 17 მაისს დაიწყეს. სევერინმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას გზადაგზა მოხალისეები უერთდებოდნენ. მისი თქმით, ამ გზით ეს მოგზაურობა საერთაშორისო ექსპედიციად გადაიქცა.

 

“როცა არგო რომელიმე ქვეყნის ტერიტორულ წყლებში შევიდოდა, მოხალისეებს ამ ქვეყნებიდან შეეძლოთ შეერთებოდნენ ჩემს გუნდს. იასონის ისტორია არის ინტერნაციონალური ისტორია, იგი ეკუთვნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე მდებარეობენ”, – მიიჩნევს სევერინი.

 

ახალი არგოს მესაჭე სევერინი იხსენებს, რომ ცივი ომის პერიოდში, პოლიტიკური დაძაბულობის დროს ამგვარი მოგზაურობის განხორციელება სხვებს შეუძლებლად ეჩვენებოდათ, თუმცა:

 

“ეს ხელოვნური დაძაბულობა ენთუზიაზმით, შეუპოვრობით, მოგზაურობის პერსპექტიულობით დაიძლია”, – ამბობს სევერინი.

 

მოგზაურმა აღნიშნა, რომ ამ ექსპედიციის განხორციელებაში მას არც ერთი სახელმწიფოს დაფინანსება არ უმაგრებდა ზურგს. სევერინი იგონებს, რომ 1500 მილის გავლა თანამედროვე კომუნიკაციების გარეშე უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მათ არ ჰქონდათ ნავიგაცია, არ ჰყავდათ ესკორტი.

 

ზოგი მეკითხება, როგორ დააფინანსე ამგვარი მოგზაურობაო, ამბობს სევერინი. მან ჟურნალს National Geographic მიჰყიდა ისტორია სამომავლო მოგზაურობის შესახებ და აქედან მიღებული თანხით ააგო გემი “არგო”. სევერინს გამოთვლილი ჰქონდა, რომ თითო ადამიანის გამოკვება თითო დღით 7 დოლარი დაჯდებოდა.

 

მოგზაური ტიმ სევერინი
მოგზაური ტიმ სევერინი

ეს არ იყო იოლი მოგზაურობა, იგონებს სევერინი. მოგზარობის დროს, ივლისში ძლიერი ქარი ამოვარდა. არგო არ იყო ისეთი აგებულების, რომელსაც შეეძლო გამკლავებოდა დიდ ტალღებს და გემი ერთ-ერთ თურქულ ნავსადგურთან ახლოს გარიყა.

 

სევერინი ამბობს, რომ თურქული სათევზაო გემი 200 მეტრის მოშორებით ჩამოდგა და პორტში შესვლა შესთავაზა, თუმცამ სევერინის თქმით, “არგონავტებმა” უპასუხეს:

 

“ჩვენ დავასრულებთ ამ მოგზაურობას ჩვენი საკუთარი ძალებით.”

 

20 ივლისს, როდესაც არგო მიუახლოვდა თურქეთ-საქართველოს საზღვარს, სევერინი ამბობს, რომ მოგზაურობამ მისტიკური სახე მიიღო, რადგან არ იცოდა, რა მოელოდათ დარჩენილ გზაზე.

 

ტელერადიო სახელმწიფო კომიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელი ნუგზარ ფოფხაძე იხსენებს, რომ ტიმ სევერინისთვის დახვედრის ორგანიზებას თავად უწევდა. ფოფხაძე იხსენებს, რომ საბჭოთა საქართველოში “იდეოლოგიური პრინციპების” გამო რთული იყო ისეთი გულთბილი დახვედრის მოწყობა, რადგან იგი შესაძლოა საბჭოთა ცენზურას არ მოსწონებოდა:

 

“რთულად იყო მოსაფიქრებელი და დანის წვერზე სასიარულო.”

 

თუმცა ორგანიზატორებმა მაშინდელი ხელმძღვანელობისგან მოქმედების თავისუფლება მიიღეს. ტიმ სეევრინს ქართველები დახვდნენ ფოთის ნავსადგურში, სადაც შევიდა “არგო”, სევერინის გუნდი ეწვია ვანის ნამოსახლარსა და სვანეთს.

 

ფოფხაძე იხსენებს, რომ მაშინ “მთელი საქართველო ფეხზე დადგა”, რომ დახვედრა მოეწყოთ. და ეს ყველაფერი ისე მოეწყო, რომ ამაში სახელმწიფო სახსრები არ დახარჯულა. ნუგზარ ფოფხაძე იხსენებს, რომ სევერინის გუნდს მასპინძლები ღია ზღვაში შეხვდნენ.

 

“ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი, ემოციური და მოულოდნელი დახვედრა”, – გაუმხილა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის აუდიტორიას სევერინმა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა და მოგზაური ტიმ სევერინი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა და მოგზაური ტიმ სევერინი

დროდადრო სევერინი გამართავს შეხვედრებს, რომელზეც დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს მოგზაურობის შესახებ. სევერინი ამბობს, რომ აუდიტორიას აკვირვებს ხიდი რიონზე, რომელზეც იმდენი ქართველი იდგა, რომ იგი ჩაზნექილი იყო და “არგო” ძლივს გაძვრა ხიდის ქვეშ.

 

“ეს მომენტი ახასიათებს იმ ენთუზიაზმს, რომელიც ჩვენ გვქონდა”, – ამბობს სეევრინი.

 

“ახალი არგონავტების” მასპინძელი ასევე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გვითხრა, რომ სევერინს და მის გუნდს გააცნობენ იმ აღმოჩენებს, რომელიც 1984 წლის, მათი სტუმრობის შემდეგ განხორციელდა საქართველოში.

 

პროექტის “არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლება” ინიციატორი ილია ფერაძე ამბობს, რომ იგი 2013 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდა ტიმ სევერინს და შესთავაზა, რომ ექსპედიციის 30 წლის იუბილე საქართველოში მისი სტუმრობით ეზეიმათ, რაზეც სევერინი დათანხმდა.

 

ილია ფერაძის თქმით, მას კორმაკ ოკონერი და ტიმ რიდმანი, არგოს ექსპედიციის წევრები, ეხმარებოდნენ იმაში, რომ არგონავტების 10 წევრი შეეკრიბა.

 

რისმაგ გორდეზიანი ამბობს, რომ გამოსაკვლევი არგონავტების ლეგენდასთან დაკავშირებით კვლავ არის. ახლა მთავარია აიეტის სასახლის აღმოჩენა:

 

“პირველ რიგში, უნდა დამტკიცდეს, რომ ნამდვილად არსებობდა დასავლეთ საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნეში ცენტრი, სარეზიდენციო, სადაც იყო მეფის სასახლე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აიეტ მეფის რეზიდენციად”, – ამბობს რისმაგ გორდეზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი