კინოხელოვნება

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ვიკინგების მოგზაურობის შესახებ ფილმს იღებს

4 ივნისი, 2014 • • 2828
საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ვიკინგების მოგზაურობის შესახებ ფილმს იღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფილმს ცნობილი შვედური საგას მიხედვით გადაიღებენ, სადაც აღწერილია ინგვარის მოგზაურობა და მისი გარდაცვალება სარკლანდის (კასპიისპირეთის) მხარეში.

 

ლეგენდის მიხედვით, მე-11 საუკუნეში ვიკინგების მოგზაურობა ინგვარის მეთაურობით დაიწყო შვედეთიდან, გამოიარეს ვოლგის მხარე, მოვიდნენ საქართველოში და მათი მოგზაურობა გაგრძელდა კასპიისპირეთამდე. საგას მიხედვით, მათ მიიღეს მონაწილეობა სასირეთის ბრძოლაში, რომელიც საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის მოხდა. 

 

2004 წელს ცნობილი შვედი მეცნიერის, მაც გ. ლარსონის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ექსპედიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვიკინგები საქართველოში იმყოფებოდნენ, აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

ექსპედიციისა და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია საქველმოქმედო ასოციაცია თიბისისა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იღებს სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს.

 

პირველი არხი/საზოგადოებრივი მაუწყებელი
პირველი არხი/საზოგადოებრივი მაუწყებელი

ფილმის გადაღება მიმდინარეობს საქართველოსა და შვედეთში. 2014 წლის 7 ივნისს გადამღები ჯგუფი შვედეთში მიემგზავრება და გადაღებების შემდგომ, 16 ივნისს დაბრუნდება საქართველოში.

 

ფილმის რეჟისორია შალვა შენგელი, ავტორი-ბიძინა მაყაშვილი, ოპერატორი-კახაბერ ბუხრაშვილი, მონტაჟის რეჟისორი-ბექა გერსამია. ფილმის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი სატელევიზიო სეზონის ეთერში შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი