ხელოვნება

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დაცული სოფელ ჩაჟაშის აღდგენა იგეგმება

27 მაისი, 2014 • • 4326
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის  ნუსხაში დაცული სოფელ ჩაჟაშის აღდგენა იგეგმება

სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უშგულის მუზეუმის რეაბილიტაცია და მისი ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, ჩაჟაშში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება.

 

სოფელ ჩაჟაშში შეირჩა უძველესი მაჩუბი, რომლის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დაიწყება. მაჩუბი არის ძველი სვანური სახლის ქვედა სართული, რომელიც ზამთრის გასატარებლად გამოიყენებოდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით “იკომოს-საქართველოს” მომზადებული აქვს ჩაჟაშის სრული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედება არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციას.

 

უშგულის თემის ცენტრი, სოფელი ჩაჟაში
უშგულის თემის ცენტრი, სოფელი ჩაჟაში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოს სექტემბრის თვეში იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებენ რთულ მდგომარეობაში არსებულ ჩაჟაშს.

 

ჩაჟაშის რეაბილიტაცია- როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის- იკომოსის რეკომენდაციებითა და ჩართულობით წარიმართება, აცხადებს კულტურული მემკვიდრეოსბიდ აცვის სააგენტო.

სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს 13 კოშკი, 4 ციხე-სახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 10 დამხმარე ნაგებობა. ჩაჟაში უშგულის თემის ცენტრს წარმოადგენს, რომელიც შუასაუკუნეების  უძველესი არქიტექტურული კომპლექსია.

 

უშგულის თემი მთა შხარას ძირში, ზღვის დონიდან 2200 მეტრს სიმაღლეზე მდებარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი