გოგი ძოძუაშვილის პირადი მუსიკა

1990-იანი წლების თბილისში, მაშინ როცა იყო ომი და ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად კულტურისთვის ეცალათ, რამდენიმე მეგობარმა ჯგუფი შექმნა, „ჩრდილი“ დაარქვა და ალტერნატიული მუსიკის შექმნა დაიწყო. მუსიკოსი გოგი ძოძუაშვილი  ამ ჯგუფის სულისჩამდგმელი იყო.

„ჩრდილი“ მალე გაქრა, გოგი ძოძუაშვილმა კი პირველ ალბომამდე და ახალ ჯგუფამდე – „Mother on Monday“ –  კიდევ ორი ჯგუფი გამოიცვალა. 1994 წელს ჯგუფმა  –  „Mother on Monday“  თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა, მოგვიანებით მეორე ალბომიც გამოვიდა. მერე მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და მუსიკის კეთება დამოუკიდებლად დაიწყო.

 

მუსიკალური კარიერის მანძილზე სულ ხუთი ალბომი აქვს გამოშვებული, ახლა წერს მუსიკას თეატრისათვის, ცხოვრობს საქართველოში და ბევრს მოგზაურობს უცხოეთში. გოგი ძოძუაშვილთან ინტერვიუ ბათუმის პირველი ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალის „Soundspring“-ის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ.

 

 

გოგი ძოძუაშვილი

 

1990-ან წლებში, როცა თქვენ ქმნიდით მუსიკას, საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო სოციალური თუ პოლიტიკური კუთხით. როგორ კეთდებოდა იმ დროს მუსიკა, რაში გიშლიდათ ან გეხმარებოდათ ის სოციალური ფონი, რაც თქვენ ირგვლივ იყო?


სოციალური ფონი ხელსაც გვიშლიდა და რაღაც მომენტში ხელსაც გვიწყობდა. ხელს გვიშლიდა იმ მხრივ, რომ არანაირი ტექნიკური და მორალური დახმარება არ იყო, მუსიკას თუ აკეთებდი მაშინ, იყავი უკანასკნელი ლუზერი. სოციალური მხარდაჭერა კი არადა, პირიქით ხელს გიშლიდნენ. მშობლების ზეწოლა –  „სისულელეებს აკეთებ“, მეგობრებისგან ცინიკური დამოკიდებულება… აპარატურა არ არის, გიტარა არ არის.  ძალიან უნდა გეწვალა იმისთვის, რომ დამჯდარიყავი და რეპეტიცია გაგევლო, მაგრამ ჩვენ არაფერს ველოდით აქედან, არავითარ შედეგს, გარდა მუსიკალური შედეგისა.

 

ამას არ ვაკეთებდით ფულისთვის, ან იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ცნობილები, შესაბამისად, ეს მუსიკა უფრო გულწრფელი გამოვიდა და იმას ვუკრავდით, რაც გვინდოდა. ამაში ხელს არაფერი გვიშლიდა. გინდ  პოპულარული მუსიკა დაგეკრა და გინდ ექსპერიმენტული – მაინც ერთნაირი ინდიფერენტიზმი იყო.

 

რა გავლენა მოახდინა თქვენზე „Goslab“-მა?


„გოსლაბი“ იყო მეგობრების წრე, რომელიც გაჩნდა ავბედით 90-იან წლებში.  ადამიანებმა, ვისაც არ აინტერესებდათ ყაჩაღობა, ომი და აინტერესებდათ კინო, მუსიკა, მხატვრობა, იპოვეს ერთმანეთი. რაღაც ჯგუფი გაჩნდა, საკმაოდ ჩაკეტილი და მე მიმაჩნია, რომ კარგი იყო ჩაკეტვა. ჩემთვის პირადად დახმარება იყო, რომ შემენარჩუნებინა რაღაც შემოქმედებითი იმპულსი. მარტო უფრო ძნელია გადარჩე, ათი კაცი უფრო ადვილად გაიტანს, უფრო გადარჩება. აი, ამ წრეში მოვახერხეთ რეალიზაცია. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამან ამოწურა თავისი თავი. ყველანი დავიფანტეთ, წავედით ჩვენ ჩვენს გზაზე. რეალურად ეგრეა, ყველა დაჯგუფება იშლება.

 

სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდით …


აბსოლუტურად ფორმალური იყო ეს ყველაფერი. მშობლების გადაწყვეტილებით ჩავაბარე სამედიცინოზე, ჩემი გადაწყვეტილება იყო ის, რომ მე მუსიკა ვარჩიე. მუსიკა რომ არა, არც კი ვიცი ვინ ვიქნებოდი.

 


როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც პირველი ტექნიკური შესაძლებლობა გაგიჩნდათ?


ეს იყო პირველი სინთეზატორი, რომელიც როცა დავინახე, მივხვდი, რომ  არავინ მჭირდება და მარტო შემიძლია რაღაცის კეთება. ეს იყო ძალიან დიდი კომფორტი, იმიტომ, რომ ჯგუფში სულ არის უთანხმოება, დაძაბულობა… ყველა ჯგუფში, რა თქმა უნდა, ასე არ არის, არის გახსნები და ერთსულოვნება, მაგრამ გარდა მუსიკალური მხარისა, საკმაოდ შრომატევადი პროცესია ადამიანებთან ურთიერთობა ჯგუფში. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში ასე იყო.

 

ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კომპიუტერმა, მივხვდი, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. რისი გამოყენებაც გინდა, იყენებ, ხმების მხრივ, არავინ გჭირდება. შემოქმედებითი თავისუფლება გაქვს ძალიან დიდი, არაფერზე არ ხარ დამოკიდებული.

 

ეს ისეთი აღტაცება იყო თავიდან, რაღაც მომენტში ხელი შემიშალა,  გადავვარდი სხვადასხვა ხმების შეჯერებაში და მუსიკიდან გადავედი უფრო ხმათა სივრცეში, რაც, პრინციპში, ჩემი სივრცე არ არის და რაღაც პერიოდი დაკარგული ვიყავი ამაში, მაგრამ მერე ნელ-ნელა ჩემი ხმები მოვნახე, აღარ მივედ-მოვედე სხვა რთულ ვარიანტებს, გავიმარტივე ტექნიკური მხარე და უფრო მეტი დრო დარჩა შემოქმედებითობისთვის, აღფრთოვანებამაც გადაიარა.

 

 

თქვენი ერთი ალბომი შერეული ტექსტებითაა სავსე, ქართულ-ინგლისურით. რომელ ენაზე უფრო გიადვილდებათ სიმღერა?


“მჟავა მესიჯი“  –  იყო ასეთი ალბომი, 1997 წელს გავაკეთე მეგობრებთან ერთად. ექსპერიმენტი იყო ენის მხრივ. იყო ქართული ტექსტები ინგლისური  სიტყვებით და იყო ინგლისური ტექსტები ქართული სიტყვებით, რაც ძალიან მომწონს და გაამართლა. ბოლო დროს სულ ინგლისური ტექსტები მაქვს. ენობრივად მიადვილდება იქ, სადაც არ ფიქსირდება ენა. მე, მაგალითად, ინგლისურად  ვმღერი, მაგრამ ეს არ  არის ჩემთვის ინგლისური, ეს არის საერთაშორისო კომუნიკაციის საშუალება. მე არ ვმღერი ბრიტანულ ტექსტს, ეს არის საერთაშორისო ენა. ეს არ არის  არც ქართული, არც ინგლისური, რაღაცნაირად ნეიტრალურია, ეროვნული ემოციურობისგან დაცლილია, რაც მე ძალიან მაწყობს. თუმცა ქართულიც ძალიან მომწონს და ალბათ გავაკეთებ კიდეც ქართულ ალბომს. ინგლისურად უფრო მარტივია ტექსტის ჩამოყალიბება, ქართულად უფრო რთულია.

 

ცდილობთ თუ არა წინასწარ განსაზღვროთ აუდიტორია, მსმენელი, ვისთვისაც ქმნით მუსიკას?


ყოველთვის მინდოდა, რომ განმესაზღვრა, მცდელობები მქონდა ნამდვილად, მაგრამ არ გამომივიდა. როგორც კი ვიწყებ გათვლას რაღაცაზე, ეგრევე გამოდის რაღაც,  რომელიც მერე არ მომწონს, მერე უკვე ვიწყებ გადაკეთებას, იმიტომ, რომ ჩემი არ არის.

 

ჩემი მუსიკა არის პირადი, ვისაც ეხმიანება, ის ავტომატურად ხდება მსმენელი. მე ვცდილობ, რომ ბოლომდე ჩემი პროდუქტი გავაკეთო. თან წარმოიდგინეთ, ფულს ამისგან არ ვაკეთებ, ბოლო პერიოდი საერთოდ არ ვფიქრობ კომერციულ მხარეზე.

 

ორი ალბომი გამოვუშვი გერმანიაში. ევროპაშიც და არამარტო ევროპაში გამიგია, რომ არის ხალხი, ვისაც მოსწონს. მართალია, ცოტას, მაგრამ მაინც. ამაზეც არ მიოცნებია. ამაზე მეტი  ნამდვილად არ მჭირდება. მთავარი მისია –  მე ვაკეთებ და ეს მიდის მსმენელამდე – შესრულებულია. და თვითონ მუსიკა თავის თავში დასრულებულია, იმიტომ, რომ მსმენელი ჰყავს, ვინც ზუსტად ისე იგებს, როგორც უნდა მიიღოს.  ეს არის მთავარი ჩემთვის.

 

ჟანრობრივად არ ვიცი, რა არის ჩემი მუსიკა. ტექნიკურად არის კომპიუტერზე გაკეთებული მუსიკა, შეიძლება  ვოკალით და შეიძლება აკუსტიკური გიტარით.  ზოგადად, შეიძლება კომპიუტერული მუსიკა დავარქვათ. ჟანრობრივად არ ვიცი, არც მინდა თავი შევიზღუდო.

 

ჩემი მუსიკა არ არის მეინსტრიმული, მე მგონი, არც ალტერნატიული არ არის.  ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკა არის მეინსტრიმი დღეს. ჩემი მუსიკა არის ჩემი, პირადი მუსიკა. შეიძლება გახდეს რაღაც მუსიკა პოპულარული, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის პაპსა. კი ბატონო, თქვას, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის.

 

სულ ხუთი ალბომი მაქვს გამოშვებული. „Post Industrial Boys“  იყო ბოლო ალბომი. 2006 წლის შემდეგ ჩემი ალბომი არ გამოსულა. ახლა ხშირად არ მაქვს ლაივები. ადრე მქონდა, მაგრამ  მაშინაც ძალიან იშვიათად.  მე არ ვარ პერფორმერი ნატურა. არ მსიამოვნებს, დაძაბული ვარ.

 

 

როდესაც ალბომს ვუშვებ, არასდროს ვფიქრობ პრომოუტინგზე, რეკლამაზე. უცნაური იცით რა არის?  94 წელს გამოშვებულ  ალბომს ახლა უსმენს პატარა ბავშვების თაობა. 

მე ასე მგონია, რასაც აკეთებ, ის თვითონ პოულობს თავის მსმენელს. ნებისმიერი სიმღერა ან  ალბომი უკვე დამოუკიდებელი არსებაა. თან თუკი მსმენელამდე მივიდა, ის უკვე თვითონ განაგრძობს თავის ცხოვრებას. მგონია, რომ გულწრფელობა, რაც დევს მუსიკაში, თავის ნაყოფს ისხამს. მუსიკა თვითონ ეძებს გავრცელების გზებს.

ძალიან მომწონს ქართული მუსიკალური სივრცე, მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოა. ჩვენი რეგიონი რაც არის, არა მგონია, მსგავსი მაგარი სივრცე იყოს სადმე. უამრავი ადამიანია, რომელიც კარგ მუსიკას აკეთებს. 

 

 

ზოგადად ბევრს ვმოგზაურობ,  ყოველთვის ბევრს დავდიოდი თეატრის გასტროლების გამო. ყველას ეგონა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. არადა, მე სულ საქართველოში ვცხოვრობ. ვმუშაობ, ვწერ მუსიკას თეატრისთვის. თეატრი არის ჯადოსნური რაღაც. აბსოლუტურად სხვა სივრცეა. საოცარი ზემოქმედება აქვს სპექტაკლს, ცოცხალი ადამიანია, ყველაფერი ცოცხალია.

 

საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა. ეს არის ილუზია, რომ შეიძლება რამე შეცვალოს, რომ აი, ხვალ დადგება კარგი ცხოვრება, რომ სადღაც შვეიცარიაში არის კარგი ცხოვრება. მე სრულიად გავიარე ეს ილუზია.

 

ერთი შეხედვით, როგორ დაპატარავდა მსოფლიო, ერთ წუთში ხარ ლოს-ანჯელესში, ტოკიოში, შეიკრა ინტერნეტით  კაცობრიობა, თითქოს ერთი მთლიანობა გახდა, მაგრამ ადამიანი დარჩა ზუსტად ისეთივე ბნელი, განუვითარებელი და სულიერად  ჩამორჩენილი, როგორიც იყო 2000 წლის წინ. ისეთივე უბედურია, როგორიც იყო, ისევ  ვერ ჭრის ვერანაირ ეგზისტენციალურ პრობლემას, არ იცის საიდან მოდის, სად მიდის, მის ხელში არაფერი არ არის, როდის  მოკვდება, როდის რა დაემართება, სადავეები ისევ სხვას უჭირავს. ვერანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ამას ვერ შეცვლის.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


მანანა ქველიაშვილი