კინოხელოვნება

კინოცენტრმა და TBC-მ გამარჯვებული ფილმის პროექტები დააჯილდოვეს

7 მაისი, 2014 • • 2067
კინოცენტრმა და TBC-მ გამარჯვებული ფილმის პროექტები დააჯილდოვეს

კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების კონკურსებში სულ 80 პროექტი დარეგისტრირდა, თუმცა კინოცენტრისა და TBC ბანკის დაფინანსება 8 პროექტმა, 4-მა დოკუმენტურმა და 4-მა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მიიღო.

 

ნანა ჯანელიძემ, კინოცენტრის დირექტორმა TBC ბანკის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონკურში რვაზე მეტი პროექტი იმსახურებდა ფინანსურ მხარდაჭერას:

“გაცილებით მეტი პროექტია იმის ღირსი, რომ დაფინანსდეს, მაგრამ ჩვენი ძალიან მწირი დაფინანსების გამო მხოლოდ რვა პროექტი დაფინანსდა კონკურსში და ისიც არ იქნებოდა, რომ არა TBC-ის დახმარება. TBC-ის შემოხიდება ნიშნავს, რომ ორმა ან სამმა ახლაგაზრდამ მიიღო შანსი, რომ მეტი გააკეთონ და წარსდგნენ ჩვენ წინაშე”.

 

კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე

ნანა ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეს, რომელიც პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, კინო კერძო ბიზნესისგან მეტ მხადაჭერას მოელის, რადგან სახელმწიფო სუბსიდირება კინოს განვითარებისთვის არ არის საკმარისი.

 

“გაცილებით დიდია მოთხოვნა, ვიდრე ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დავაკმაყოფილოთ. რას ვიზამთ, ასეთი მკაცრია, “ჯუნგლების კანონში” ვართ ამ შემთხვევაში”,- ამბობს ნანა ჯანელძე.  

 

მამუკა ხაზარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  TBC-მ კინოცენტრს ორი წლის წინაც გაუწია ფინანსური მხარდაჭერა და სამომავლოდაც გააგრძელებს კინოს მხარდაჭერას:

 

“ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ მიგვაჩნია, კინემატოგრაფი საქართველოში ყოველთვის იყო მაღალ დონეზე. საქართველო იყო მსოფლიოში 5-6 კინომწარმოებელ ქვეყანას შორის. კინო არის ის ხელოვნება, სადაც გაერთიანებულია ხელოვნების უამრავი დარგი: მუსიკა, დრამატურგია, მსახიობები, რეჟისორები. ამიტომაც კინოს დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის მნიშნელოვანი.”

 

ხაზარაძის თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე ქართული კინო საერთაშორისო კონკურსებზე იღებს პრიზებს და მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის, რომელსაც შეუძლია საქართველოს წარმოჩენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

გამარჯვებული პროექტების ავტორები
გამარჯვებული პროექტების ავტორები

TBC ბანკმა ეროვნულ კინოცენტრს კონკურსში გამარჯვებული პროექტების საპრიზო ფონდში 100 ათასი ლარი შეიტანა, ხოლო თავად კინოცენტრმა კონკურსისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 280 ათასი ლარი გამოყო.  

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე იყვნენ გამარჯვებული პროექტების ავტორები. კონკურსის გამარჯვებული პროექტის- “როცა დედამიწა მსუბუქია” (რეჟისორები: სალომე  მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი),-პროდუსერმა ზაზა რუსაძემ  მადლობა გადაუხადა კინოცენტრსა და TBC ბანკს კინემატოგრაფის მიმართ ყურადღების გამოჩეჩენისათვის:

 

“ეს არის შემთხვევა, როცა კერძო ბიზნესი სახელმწიფოებრივად ფიქრობს. სახელმწიფო სრულად ვერ აცნობიერებს, რომ კინო არის კულტურული პოტენციალი. ამით ჩვენ სიგნალს ვაგზავნით, რომ კინო უნდა გახდეს პრიორიტეტული. მით უმეტეს, ბოლო წლების განმავლობაში, როცა თვალნათელია ის წარმატება, რომელსაც ქართველი კინემატოგრაფისტები აღწევენ.”

 

“მისტერ ჯონსონ” თამარ მშვენიერაძის დოკუმენტური ფილმის პროექტია. ის თბილისში მცხოვრები ნიგერიელების შესახებაა. რომლებსაც საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებში გადასვლა სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს და საქართველოში საცხოვრებლად დარჩნენ.

 

“ეგონათ, რომ ამ ქვეყანაში იპოვიდნენ მატარებელს, რომელიც ევროპის ქვეყნებში მიდის. აღმოჩნდნენ საქართველოში. ისინი დარჩნენ ამ ქვეყანაში. შექმნეს თავისი სამეფო, ჰყავთ მეფე, ჰყავთ დედოფალი და ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ ცხოვრობენ. ამ სამეფოში არის ძალიან ბევრი საინტერესო გმირი”, -გვიამბობს თამარ მშვენიერაძე.

 

მისტერ ჯონსონი არის დოკუმენტური ფილმის მთავარი პერსონაჟი და ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ “სამეფოში” ცხოვრობს და სხვა მცხოვრებლებთან შედარებით განსხვავებული შეხედულებები აქვს.

 

თამარი იხსენებს, რომ ამ უჩვეულო ისტორიას ჟურნალისტად მუშაობის დროს გაეცნო და გადაწყვიტა ამ თემისთვის დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა. თამარ მშვენიერაძემ პროექტი “ლოკოკინა სტუდიოსა” და პროდუსერ ალექს კვატაშიძესთან ერთად დაამუშავა და კინოცენტრის დაფინანსება 40 ათასი ლარი მოიპოვა.

 

თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი “მექელეხე” ასევე გამარჯვებული გახდა. პროექტი ცეკვის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ეკონომიკური გაჭირვების გამო ქელხებზე დადის და იქ იკვებება.

 

“ეს ხალხი, რომლებიც ქელეხებში დადიოდნენ და შემჩნეული არიან, სულ მინდოდა ამაზე ფილმის გაკეთება. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრება არ აქვს და უცხო საზოგადოებაში შეუძლია გადააბიჯოს თავის თავს, უცხო საზოგადოებას შეერიონ და გარკვეული თვისებები შეძინონ და ისწავლონ იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ამ ყოფას”.

 

თორნიკე ბზიავა ამბობს, რომ ფილმში რევაზ ჭანიშვილი და თორნიკე გოგრიჭიანი ითამაშებენ.

 

ასევე, კონკურსში გაიმარჯვეს თომა ჩაგილიშვილმა, რომელმაც დაწერა პროექტი დოკუმენტური ფილმისთვის “ბერლინის ახალი კედელი”, ვ.ვარაზმა დოკუმენტური ფილმის პროექტით “დევნილი გემი ენგური”, თამარ შავგულიძემ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტისთვის “მე შენი შვილი”, დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მამა”, ვახტანგ ჯაჯანიძემ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “ტატიანა და ლილი”.

გამარჯვებული ფილმის პროექტებზე მუშაობა 2014 წლის მაისიდან დაიწყება და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი