ხელოვნება

მთავრობა საყდრისზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტაციას აქვეყნებს

21 მარტი, 2014 • • 3333
მთავრობა საყდრისზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტაციას აქვეყნებს

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, სადაც ეწერა, რომ საჭირო იყო საყდრისში არქეოლოგიური კვლევის გაგრძელება, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილს, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და მე-100 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს, რაც არის იმის საფუძველი, რომ მინისტრის ბრძანება გაბათილდეს.

 

“არქეოლოგთა გაერთიანებამ” 2013 წლის შემოდგომაზე საყდრისში ჩაატარა არქეოლოგიური კვლევები და 2013 წლის 28 ნოემბერს სამინისტროს წარუდგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც საყდრისის ბორცვზე არ მოიპოვებოდა არტეფაქტები. აღნიშნული დასკვნა კულტურის სამინისტრომ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და 2014 წლის 13 იანვრის ბრძანებით მინისტრმა RMG-ის არ მისცა ნებართვა წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები ეწარმოებინა. 

 

მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ კულტურის სამინისტროსგან განსხვავებით, არქეოლოგთა გაერთიანების დასკვნა მოიწონა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “არქეოლოგთა გაერთიანების” დასკვნის განხილვაში ჩართული არ იყვნენ თავად ამ დასკვნის ავტორები და მათთვის ცნობილი არ იყო ის საკითხი, რის გამოც სამინისტრომ დაიწუნა აღნიშნული დასკვნა. 

 

განკარგულების მიხედვით, კულტურის სამინისტროს უნდა მიეცა ვადა არქეოლოგებისთვის, რომ მათი შენიშვნა გაეთვალისწინებინათ. ამის გარდა, საუბარია იმაზეც, რომ კომისია, რომელმაც განიხილა “არქეოლოგთა გაერთიანების” კვლევის დასკვნა, არ დაყრდნობია განსხვავებულ კვლევას. 

 

კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 იანვრის ბრძანების გაბათილების შემდეგ სამინისტროს დაევალა ხელახლა განეხილა აღნიშნული საკითხი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელახლა შეისწავლა 2013 წლის 28 მაისს კულტურის სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის საფძველზეც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 

 

ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო. ასევე, აღნიშნულია, რომ ეჭვს იწვევს დათარიღების საკითხი და ის ფაქტი, რომ იმ პერიოდის არც ერთი ოქროს ნივთი არ არის აღმოჩენილი, საეჭვოს ხდის საყდრისში ოქროს მაღაროს არსებობას. 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 13 მარტს RMG-ის საყდრისში წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, დაინიშნება კომისია, რომელიც დააკვირდება საწარმოს მუშაობას საყდრისში. 

 

მარგიშვილის თქმით, კომპანიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელშიც განისაზღვრება კომისის შექმნისა და მუშაობის პირობები. 

 

სამინისტროს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიუხედავად, მენციერებისა და საზოგადოების ნაწილი არ იზიარებს სამინისტროს აზრს, საყდრისის მაღაროს უძველეს ოქროს მაღაროდ მიჩნევს და პერმანენტულ აქციებს მართავს მაღაროს მხარდასაჭერად. ერთ-ერთი ასეთი აქცია ხვალ საყდრისში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი