ხელოვნება

დევიდ ლინჩი, საქართველო და ტრანსცენდენტალური მედიტაცია [Video]

12 მარტი, 2014 • • 4617
დევიდ ლინჩი, საქართველო და ტრანსცენდენტალური მედიტაცია [Video]

საღამო დევიდ ლინჩის ფონდის და თეატრალურის კინოკლუბის ორგანიზებით მოეწყო. მომხსენებელი ეშლი დინსი კანადელი ფიზიკოსი და მკვლევარია. იგი დევიდ ლინჩის ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამავე ფონდის საერთაშორისო პროგრამების დირექტორია. 

 

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კინოკლუბის სავსე დარბაზში ეშლი დინსი საუბრობდა, თუ რა არის ტრანსცენდენტალური მედიტაცია და რა სარგებლობა მოაქვს მას. 


ტრანსცენდენტალური მედიტაცია მარტივი პროცედურაა, რომელსაც დღეში 20 წუთი უნდა დაუთმოთ. მედიტაციის დროს კომფორტულად უნდა მოთავსდეთ და თვალები დახუჭოთ. ეს არც რელიგიია, არც ფილოსოფია და არც ცხოვრების წესი. როგორც ტრანსცენდენტალური მედიტაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, იგი თვითგანვითარების ყველაზე ფართოდ გავრცელებული, მრავალგზის გამოკვლეული და ყველაზე ეფექტური მეთოდია. 

 

როგორც ეშლი დინსმა განმარტა, ტრანსცენდენტალური მედიტაციის დროს ადამიანის გონება გადადის ტრანსცენდენტალური შემცნების/ცნობიერების მდგომარეობაში, რა დროსაც ტვინის ფუნქციები ერთმანეთთან ყველაზე მეტადაა თანხვედრაში, ხოლო ადამიანის სხეული მოსვენებული. ეშლი დინსის განცხადებით, სწორედ ტრანსცენდენტალური მედიტაციის მიერ მიღებული ტვინის მდგომარეობაა კრეატიულობის მთავარი წყარო.

 

მსოფლიოს გარშემო 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაეუფლა ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკას და 350-ზე მეტი კვლევა ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტმა, რომელთა შორისაცაა ჰარვარდი და სტენფორდი. აღნიშნული კვლევები 100-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.  

 

მიუხდავად იმისა, რომ კინოკლუბის დარბაზში შეკრებილებმა თითქმის ერთსაათიანი ლექცია მოისმინეს ტრანსცენდენტალური მედიტაციის შესახებ, პირველი შეკითხვა ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ლინჩის მისამართით მედიტაციის აღნიშნულ ტექნიკას არ უკავშირდებოდა. რეჟისორს ჰკითხეს, თუ როდის აპირებს ფილმების გადაღება კვლავ დაიწყოს, რაზეც ლინჩმა სიცილით უპასუხა, რომ წლევანდელ წელს. 

 

68 წლის დევიდ ლინჩი 41 წლის წინ დაინტერესდა მედიტაციით, თუმცა ტრანსცენდენტალური მედიტაციის მეთოდი შედარებით გვიან აღმოაჩინა. 

 

“მე გავიგე, რომ ნამდვილი ბედნიერება არ არის სადღაც გარეთ, ნამდვილი ბედნიერება ჩვენს შიგნითაა. მე ვცადე მედიტაციის სხვადასხვა ფორმა და საბოლოოდ ვიპოვე ტრანსცენდენტალური მედიტაცია. ის ნამდვილი დალოცვაა ადამიანებისთვის. ეს მედიტაციის უძველესი ფორმაა, რომელიც მაჰარიში მაჰეშ იოგიმ “გააცოცხლა”. ყველა ადამიანშია განძი, და ტრანსცენდენტალური მედიტაცია არის ნაცადი და ნამდვილი გზა, რომ დაუკავშირდე ამ საგანძურს”, – აღნიშნა დევიდ ლინჩმა. 

 

ამერიკელ რეჟისორს შეკითხვები სხვადასხვა თემაზეც დაუსვეს, ჰკითხეს, თუ რა რჩევას მისცემდა დამწყებ რეჟისორებს. დევიდ ლინჩს კურიოზის გახსენებაც თხოვეს. სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვას რეჟისორის მხრიდან ჯერ დუმილი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც მას კვლავ ჰკითხეს, გაიგო თუ არა შეკითხვა, მან მოყვა ისტორია საკუთარი წარსულიდან. 

 

დევიდ ლინჩის ფონდი, რომელიც რეჟისორმა 2005 წელს დააარსა, საქველმოქმედო ორგანიზაციაა. ფონდის ფინანსური დახმარებით ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის შესწავლისთვის 150 000-მდე სტუდენტი დაფინანსდა.  ეშლი დინსმა ლექციის მსვლელობის დროს აღნიშნა, რომ დევიდ ლინჩი საქართველოსთვისაც აპირებს ფინანსური დახმარების გაწევას ამ კუთხით, თუმცა მოგვიანებით, როცა დარბაზში შეკრებილებმა  უფრო მეტი დეტალის გარკვევა სცადეს თავად რეჟისორთან, დევიდ ლინჩმა შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა, რომ მსურველებმა თავადვე უნდა შეძლონ თვითორგანიზება და ტექნიკის შესწავალა. მან ასევე განაცხადა, რომ ის მუდმივად მზადაა დახმარება გაუწიოს მსურველებს.

 

საქართველოში ამჟამად ტრანსცენდენტალური მედიტაციის 2 სპეციალისტია. ტრანსცენდენტალური მედიტაციის ცენტრი თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი