ხელოვნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სისტემური ცვლილებების მოლოდინში

23 იანვარი, 2014 • • 2367
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სისტემური ცვლილებების მოლოდინში

“იკომოს საქართველოს” წევრი მანანა თევზაძე ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი სამი საკითხის განხილვაა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯერების სიმცირე, ახალი ნომინაციების მომზადება იუნესკოს კულტურული მემკვიდროების ძეგლთა ნუსხისთვის და ტრანსნაციონალური ძეგლების სერიაში ნომინაციების მომზადება. 

 

მანანა თევზაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დახვეწა სჭირდება. ამის გარდა, პრობლემურია ძეგლთა ყოველდღიური მოვლა-პატრონობის საკითხი. “იკომოს საქართველოს” წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ცოტაა კვალიფიური სპეციალისტები, რომლებიც ძეგლების დაცვაში თავის წვლილს შეიტანენ. 

 

მანანა თევზაძის თქმით, ამის მიზეზი უმაღლეს სასწავლებლებში სალექციო კურსების არარსებობაა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სპეციფიკაზე იქნება მიმართული. 

 

“რასაც ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის მართვა, მენეჯმენტი, ამ კუთხით სასწავლო პროგრამა არც ერთ უნივერსიტეტში არ არის. ეს საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. შეხვედრებზე იქნება საუბარი იმის შესახებ, რომ შეიქმნას სასწავლო პროგრამა”, – ამბობს მანანა თევზაძე. 

 

ორდღიანი ვორქშოფის ფასილიტატორმა, “იკომოს პოლონეთის” თავმჯდომარემ ბოგუსლავ ზმიგინმა, რომელიც, ამავდროულად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრია, გამოთქვა სურვილი, რომ მიმდინარე წელს პოლონეთში, ლუბლინის უნივერსიტეტში, დარგის სპეციალისტებისთვის გადასამზადებელი კურსები შეიქმნას.

 

დღევანდელ შეხვედრას, პოლონეთის გარდა, ესწრებოდნენ ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები. მანანა თევზაძე ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დიდი გამოცდილება აქვთ, რომლის გაზიარება აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებისთვის (საქართველო, სომხეთი, უკრაინა) მნიშვნელოვანია.

 

ბოგუსლავ ზმიგინმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თანამშრომლობა, რომლის ინიციატორი პოლონური მხარეა, ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გამართული სისტემის შექმნას. 

 

“ჩვენ კონკრეტულ ძეგლებზე არ გვაქვს საუბარი, უფრო მასშტაბური ხედვა გვაქვს. პირველი არის ზოგადად თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მეორე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით  სისტემის აშენება, განსაკუთრებით მსოფლიოს კულტურული მემკვიდროების ძეგლთა ნუსხაში შესული ძეგლებისა, მესამე არის პროფესიული ცოდნის გაცვლა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისა და კონსერვატორებისთვის ცოდნის გაღრმავება”,- ამბობს ზმიგინი.

 

პოლონელი სპეციალისტის თქმით, მას მხოლოდ დახმარება შეუძლია, ხოლო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.

 

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორ მერაბ ბოჭოიძესთან ერთად მივიდა შეხვედრაზე, ამბობს, რომ საქართველო ძეგლის დაცვისა და კონსერვაციის თვალსაზრისით პროფესიონალი კადრების ნაკლებობას განიცდის და, ამავდროულად, დასახვეწია მართვის მექანიზმები.  

 

“საქართველომ უნდა მოახერხოს ისეთი სისტემის შემქნა, რომელიც ყველა დონეზე (ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ) ძეგლის მართვა შეძლოს. მით უმეტეს, ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესში ადგილობრივ დონეზე ძეგლების მართვა უფრო აქტუალური გახდება. მათ შორის, ჩვენი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების”, – ამბობს მარინე მიზანდარი. 

 

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სამინისტრო ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს, რადგან იუნესკოს მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატან ძეგლებზე გამკაცრდა. 

 

“მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მოთხოვნებს კი არ უნდა აკმაყოფილებდეს, არამედ ქვეყანას უნდა შეეძლოს იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია სწორად მართოს მომავალში ამ ნომინაციის ქვეშ არსებული ძეგლი ისე, რომ სათანადოდ შეუნარჩუნდეს კაცობრიობას. ეს არის ძალიან მკაცრი მოთხოვნა მართვისა და ამ მხრივ ჯერჯერობით ძალიან გვიჭირს. “იკომოსის” დახმარება ძალიან მნიშნელოვანია სამინისტროსთვის,”- თქვა მიზანდარმა.

 

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უჭერს, მუშაობაში საქართველოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა ჩართული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი