ხელოვნება

როგორ იცავს კულტურის სამინისტრო საყდრისს

16 იანვარი, 2014 • • 2379
როგორ იცავს კულტურის სამინისტრო საყდრისს

სტუდენტურმა მოძრაობამ “მწვანე მუშტი” გაავრცელა 11 იანვარს გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე მიწის ნაყარი ფენა გატანილია.


საყდრისის მკვლევარმა არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ ნაყარი ფენა უძველესი პერიოდის მაღაროელების მიერ გამოტანილი მიწაა, რომელშიც დიდი რაოდენობის არტეფატქების აღმოჩენას ელოდა.

სწორედ ამ “ნაყარი მიწის” შესწავლის შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა საყდრისში უკვე აღმოაჩინა ქვის იარაღები, კერამიკის ნატეხები, საშენი მილები, თიხის ჭურჭელი.

კულტურის სამინისტრო განმარტავს, რომ RMG Gold-ს არ ჰქონდა ნებართვა საყდრისის არქეოლოგური ობიექტზე ეწარმოებინა ისეთი სამუშაოები, რომელიც ძეგლს დააზიანებდა.

“სამინისტროსთვის საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი ყოველთვის წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს კულტურული და სამეცნიერო ღირებულების მქონე მნიშვნელოვან ობიექტს. სწორედ უკანონოდ წარმოებულმა სამუშაოებმა ობიექტს შეუქმნა დაზიანების საფრთხე. ტერიტორია წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს და მისი დაზიანება ან განადგურება ისჯება კანონით”,-აცხადებს კულტურის სამინისტრო.

 

საყდრისის ბორცვი 2013 წლის ზაფხულამდე
საყდრისის ბორცვი 2013 წლის ზაფხულამდე

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ნებისმიერი 100 წელზე მეტი ხნის ობიექტი, რომელსაც ადამიანის ზემოქმედების კვალი ეტყობა, არქეოლოგური ობიექტია.

ხოლო ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, სამინისტროს ნებართვის გარეშე არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოების ჩატარება კანონით ისჯება.

 

ასეთი ნებართვა RMG Gold-ს, საყდრისში წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას, არ აქვს და როგორც სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, ვერ მიიღებს, სანამ “საყდრისი საფუძვლიანად არ შეისწავლება”.

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში კულტურის სამინისტროს პოზიცია საყდრისის მიმართ კარდინალურად შეიცვალა, რაც საყდრისის სამართლებრივ სტატუსზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

5 ივლისს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ საყდრისს არქეოლოგიური დაცვის ზონაც კარგად დაიცავდა.

თუმცა 2013 წლის ოქტომბერში საყდრისს არქეოლოგიური დაცვის ზონაც მოეხსნა, უარით დაკმაყოფილდა “მწვანე ალტერნატივასა” და ირინე ღამბაშიძის საჩივარი მთავრობის კანცელარიიდან, რომლითაც კულტურის მინისტრის 5 ივლისის ბრძანების გაბათილებას ითხოვნდნენ.

კულტურული მემკვიდროების სტატუსი და არქეოლოგუური დაცვის ზონა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტბს ენიჭებათ, რომელთაც იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე ნებისმიერ არქეოლოგიურ ობიექტს.

აღმოჩენილი არტეფაქტები საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე
აღმოჩენილი არტეფაქტები საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე

RMG Gold-მა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ამ ყველაფრის შემდეგ კულტურის სამინისტრო საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვას მისცემდა, საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის მახლობლად ოქროს გამოსატუტი მოედნები ნებართვის გაცემამდე ააშენა.

კომპანიას, მინისტრის ბრძანების მიხედვით, საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში უნდა მოეთავსებინა. აღსანიშნავია, რომ RMG Gold-მა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საყდრისის ტერიტორიაზე არ დაუშვა, ისე, რომ ქვეყნის მთავარმა ინსტიტუციამ, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნავს, არ იცის, რამდენად დაზიანდა საყდრისი. ხოლო საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის ეზოში აწყვია.

საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის ეზოში
საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის ეზოში

“სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით ყოველთვის ჰქონდა ერთი პოზიცია: მისი ამომწურავად შესწავლა და დაცვა. იგივე წერია სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის (11-კაციანი კომისია) დასკვნაში”,- აცხადებს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგ გიორგი მინდიაშვილს მიაჩნია, რომ RMG-მ კანონი დააღვია, თუმცა კულტურის სამინისტროს “ორჭოფულმა დამოკიდებულებამ” თავისი შედეგი გამოიღო.


“არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი აქვს ნებისმიერ აღმოუჩენელ ობიექტს, რომელიც იწყებს მუშაობას აღმოჩენის მომენტიდან. RMG-მ დაარღვია ეს წესი. კულტურის სამინისტროს ასე გაჭიანურებულმა, ორჭოფულმა დამოკიდებულებამ საშუალება მისცა RMG Gold-ს ეფიქრა, რომ ის დაუსჯელად ჩაატარებდა იმას, რაც საჭირო იყო მისთვის”,- ამბობს მინდიაშვილი.

ირინე ღამბაშიძე, რომელიც გერმანელ მკვლევრებთან ერთად 9 წლის განმავლობაში იკვლევდა საყდრისს, თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამბობდა, რომ 5 ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე მოცემული დრო საყდრისის გამოსაკვლვად საკმარისი არ იყო, რადგან მაღაროს სამი გვირაბიდან მხოლოდ ერთია შესწავლილი.

2013 წლის აგვისტოში მინისტრი ოდიშარია ამტკიცებდა, რომ 9 წელი, რომლის განმავლობაშიც საყდრისს იკვლევდნენ, საკმარისი იყო. ამიტომაც დასაშვებად მიაჩნდა, რომ “საკმარისად შესწავლილი” საყდრისის არქეოლოგური ობიექტი RMG Gold-ს წიაღისეულის მოპოვებაში ხელს არ შეუშლიდა.

ახლა მინისტრი აცხადებს, რომ საყდრისის შესწავლა კიდევ მეტ დროს მოითხოვს და მიაჩნია, რომ იგი პროფესიონალმა სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.

რამ შეცვალა სამინისტროს პოზიცია ასე რადიკალურად? ამ კითხვით ჩვენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მივმართეთ. მინისტრმა განაცხადა, რომ საყდრისისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისგან თავი სამთო მეტალურგებისა და გეოლოგების რჩევის შემდეგ შეიკავა.

ხოლო თავად საყდრისის ძეგლის მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროსთან შექმნილ კომისიას საყდრისის მნიშვნელობა ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია.

“კომისიამ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ საყდრისის მაღაროში შესაძლებელი იქნებოდა პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოპოვება. თუმცა კომისიის წევრთა უმრავლესობამ  აღიარა ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტის არსებობა და საჭიროდ მიიჩნია საკვლევაძიებო სამუშაოების გაგრძელება”,- ამბობს, მინისტრი.

მინისტრის განცხადების საპირისპიროდ არსებობს სამინისტროსთან შექმნილი კომისიის დასკვნა. მინერალოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ, რომელიც აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობდა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას არ დაფარა, რომ საყდრისის მსგავსი ძეგლი საქართველოში არაერთი იყო. ხოლო კომისიის დასკვნაში, რომელიც მინისტრს არაერთხელ დაუმოწმებია, ასევე ხაზგასმულია, რომ საყდრისს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

“ბოლნისისა და დმანისის რაიონებში უძველესი დროიდან არის ცნობილი სამთო გამონამუშევრები დაკავშირებული სპილენძის, რკინის, პოლიმეტალური მადნის მოპოვებასთან. საყდრისის საბადო ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს”, – წერია დასკვნაში.

უფრო მეტიც, კომისიის დასკვნამ ეჭვქვეშ დააყენა ის აზრიც, რომ საყდრისი სპილენძის მაღარო იყო: “რაც კომისიას წარედგინა ანგარიშებისა და სხვა მასალების სახით, ვერ ადასტურებს ოქროს უძველესი და უნიკალური მაღაროს არსებობას. ეს გამონამუშევრები შეიძლება უკავშირდებოდეს სპილენძის მადნის მცირე მასშტაბის მოპოვებას ადრეულ, შესაძლოა, ბრინჯაოს ხანაში. საკვლევი ობიექტის, როგორც უნიკალური ძეგლის განხილვა საფუძველს მოკლებულია”,- ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

კომისიის რეკომენდაციით ამ ძეგლის გამო ქვეყანას,რომ უარი ეთქვა 110 მილიონ ლარზე, რომელიც ბიუჯეტში რვა წლის განმავლობაში შევიდოდა, გაუმართლებელი იყო.

თუმცა კულტურის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და მიიჩნია, რომ საყდრისის შესწავლა ისევ უნდა გაგრძელდეს და იგი პროფესიონალმა სპეციალისტებმა უნა შეისწავლონ.

“რაც შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენას, სამინისტრო არ გამორიცხავს ამ ღონისძიების განხოციელებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, – ამბობს მინისტრი ოდიშარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი