ხელოვნება

ლონდონში ქართული კვირეული გაიმართება

27 ნოემბერი, 2013 • • 1458
ლონდონში ქართული კვირეული გაიმართება

27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ლანსდაუნ კლუბში ქართული კვირეული სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის- გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძის გამოფენით „საქართველო დღეს და მაშინ“ გაიხსნება. გამოფენის მიზანია მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა. ბრიტანელ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართველი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს. დოკუმენტურმა მასალამ  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

29 ნოემბერს, 19:00 საათზე, ოქსფორდ-კემბრიჯის კლუბში დაგეგმილია ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის კრებულის “ჯაკომო პონტი“ ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. კრებულის თარგმანი ვიქტორია ფილდმასა და ნატალია ბუკია-პეტერსს ეკუთვნის.

 

ქართული კვირეულის ფარგლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით მოეწყობა სპეციალური ღონისძიება.

 

1 დეკემბერს ღვინის მუზეუმში ,,ვინოპოლისი“ გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის მიმდინარეობის  პროცესის  ამსახველი  ფოტოგამოფენა. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო და გაეცნონ ქართული ღვინის უნიკალურ, უძველეს ტრადიციებსა და კულტურას. 

 

“ლონდონის  ისტორიულ უბანს, სადაც ,,ვინოპოლისის“ გარდა სხვა ღირსშესანიშნაობებიც  მდებარეობს, ყოველწლიურად 25 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.  გამომდინარე აქედან, ,,ვინოპოლისში“ გამართული გამოფენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და  დაეხმარება მას დაიმკვიდროს ადგილი ბრიტანულ ბაზარზე,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

კვირეული ქართული საშობაო გამოფენა-ბაზრობით დასრულდება, რომელსაც ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდის კონცერტი გახსნის. 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ხუთი დღის განმავლობაში, ჰიბერნია უორფზე, ღია ცის ქვეშ გამოფენილი იქნება ქართული რეწვის ნიმუშები: ნაქარგობები, ნაქსოვები, თექის ნამუშევრები, ტრადიციული ლურჯი სუფრა, სამუზეუმო თემაზე შექმნილ მინაბაძები

 

ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კინოს, თეატრის, მუსიკისა  და ქორეოგრაფიის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნები, ქართული მოდერნიზმის ამსახველი ნაბეჭდი პროდუქცია და სუვენირები.

 

საშობაო გამოფენა-ბაზრობის მიზანია გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე მეღვინეობის უძველესი რეგიონის კუთხით, მიაჩნია კულტურის სამინისტროს. 

 

კვირეულის ორგანიზატორია ანალიტიკური ონლაინ გაზეთი „იბერია“, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა და ბრიტანეთში გამომავალი ქართული გაზეთი „ბრიტანეთი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი